სტატიები

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი პოპულარული ხდება

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი პოპულარული ხდება

3 ოქტომბერი 2017

ბოლო წლებია აჭარაში პოპულარული ხდება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. 17 აგვისტოდან - 17 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის ვიწრო, 10 კილომეტრიან საიმიგრაციო დერეფნის გავლით 35 სახეობის მტაცებელი ფრინველი ცივი ქვეყნებიდან აფრიკისკენ მიიკვლევს გზას.

აჭარას ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს დაფრინველების რაოდენობის მხრივ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების უამრავ მოყვარულს იზიდავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც მარკირებულია. გარდა ამ სოფლებისა, რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).

რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების მიზნით 2012 წლიდან, სექტემბრის ბოლოს ტარდება "Batumi Bird Festival", რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბევრი უცხოელი ბერდვოჩერი სტუმრობს ამ დროს რეგიონს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count) ეკუთვნის.

წელს, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 24-30 სექტემბერს ჩატარდა. როგორც ორგანიზაცია BRC (ბიარსი)-ის წარმომადგენელის იოანეს იანსენი აცხადებს, ფრინველებზე დაკვირვების 2017 წლის სეზონი აჭარაში განსაკუთრებული იყო.

მისივე ინფორმაციით, წელს ბათუმის საიმიგრაციო დერეფანში მსოფლიო რეკორდი დაფიქსირდა. აღირიცხა 1591 მდელოს ბოლობეჭედა, მათ შორის 400 მხოლოდ ერთ დღეს, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია და ბათუმი ერთადერთი ადგილია მსოფლიოში სადაც ამის ნახვაა შესაძლებელი. ასევე აღირიცხა დიდი რაოდენობით კრაზანაჭამია ირაო და ძერა.

„წელს, ბათუმში მტაცებელ ფრინველებზე დასაკვირვებლად მეცნიერები, მოხალისეები და ტურისტები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ეწვივნენ. ჯამში, რეგიონს ფესტივალის ფარგლებში 250-ზე მეტი ფრინველებზე დაკვირვების სპეციალისტი და მეცნიერი სტუმრობდა. მათ შორის, მსოფლიო დონის ორნითოლოგები ბელგიიდან, ჰოლანდიიდან და ინგლისიდან. ფესტივალის ფარგლებში 24 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ტარდებოდა ყოველდღიური გასვლითი ექსკურსიები გადამფრენი ფრინველების პლატფორმებზე, საღამოობით კი იმართებოდა ლექციები და სემინარები,“ აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივების ეკონომიკურ კეთილდღეობასა და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com