აჭარის შესახებ - 4985

საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. აჭარას, როგორც საქართველოს შემადგენლობაში არსებულ ავტონომიურ რესპუბლიკას, გააჩნია საკუთარი დროშა და გერბი. იგი სამხრეთით ესაზღვრება თურქეთს.

საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება 1 საუკუნეში სწორედ აჭარის ტერიტორიიდან დაიწყო. ქრისტიანობა აქ ქრისტეს მოციქულებს ანდრია პირველწოდებულსა და სვიმონ კანანელს უქადაგია. ზოგიერთი წყაროს ცნობით ქრისტეს კიდევ ერთი მოციქული მატათა აჭარაშივე, კერძოდ გონიოს ტერიტორიაზეა დაკრძალული.

აჭარა, კერძოდ კი გონიოს ციხის ტერიტორია სიმბოლურ ადგილს წარმოადგენს იმ მიწისა, სადაც ოქროს საწმისის ძიებაში იასონი და არგონავტები ჩავიდნენ, სადაც ჯერ რომისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარები იყო გამაგრებული, ბოლოს კი წითელი არმია.

აჭარაში მდებარეობს შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა.

აჭარაში მდებარეობს ბათუმის, კვარიათის, სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება.

აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია. მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.

Read Reviews On Tripadvisor

მულტიმედია

საავტორო უფლებები დაცულია © 2013-2016 Gobatumi.com