ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი სტუმრებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილს წარმოადგენს. ბულვარი ფართო ზოლად მიუყვება ზღვის სანაპიროს, სადაც მრავლადაა ბუნგალოები, კაფე-ლაუნჯები, რესტორნები, საბავშვო ატრაქციონები და სხვადასხვა სახის ფერადი თუ მოცეკვავე შადრევნები. უნიკალური მცენარეებით გაშენებულ ბათუმის ბულვარში შეგხვდებათ საინტერესო სკულპტურები, არქიტექტურული მონუმენტები. ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო.

შექმნის იდეა ბათუმის ოლქის გუბერნატორ სმეკალოვს ეკუთვნის, რომელმაც ზღვისპირა ბულვარის გაშენება პრუსიელ მებაღეს, რესლერს დაავალა, მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარის დაგეგმილი მშენებლობის გაგრძელება საქართველოში მოწვეულ ფრანგ თავადს, მებაღე-დეკორატორს, მიხეილ დალფონსს დაევალა, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია როგორც “ბათუმის სანაპიროს კეთილი გენია”.

ბულვარის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში განსწავლულ ი. გორდეზიანს, რომელიც 1917 წელს ქალაქის პარკის და ბულვარის მმართველად დაინიშნა. პირველი ფერადი მოცეკვავე შადრევნები, ბულვარში 1977 წლიდან ფუნქციონირებს. 2009 წელს კი ბათუმის ბულვარის ტერიტორია საგრძნობლად გაიზარდა და დღეისათვის მისი სიგრძე 7 კილომეტრს აღწევს.თანამედროვე სტანდარტებით გაშენდა ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ე.წ. ახალი ბულვარი.

თეგები: