მაჭახელას ხეობა

მაჭახელას ხეობა

დაშორება ბათუმიდან: 22 კმ

ზღვის დონიდან: 300-800 მეტრი

ვიზიტისთვის საუკეთესო დრო: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით 19 კმ-ის მანძილზე მდებარე გადასახვევიდან და ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 3 კმ-ში მდებარეობს. ხეობის დასაწყისიდან ცხემლარას ხიდამდე 10 კმ-ია. ტურისტებს შეუძლიათ სოფლებში ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით სეირნობა. მაჭახელას ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია (სიგრძე - 25 მ. სიგანე - 2 მ.); აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახელას ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო სახელოსნოები მდებარეობდა, რომლებშიც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად იჭედებოდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც. მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელას - შესართავებთან დგას თოფ "მაჭახელას" მონუმენტი, აქვე, სოფელ ზემო ჩხუტუნეთში გახსნილია ექსპონატებით მდიდარი მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი; მაჭახელას ხეობაში ტურისტები შეიძლება დაინტერესდნენ მაჭახელას ცნობილი თაფლითა და მისი დამზადების ტექნოლოგიით. ტურისტებს მაჭახელას ხეობაში შეუძლიათ შემდეგი ტურისტული ობიექტების დათვალიერება: ცხემლარას ხიდი, ჩხუტუნეთის ციხე, მაჭახელის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქოქოლეთის ხიდი, ჩხერის ხიდი. აქ ხეობაში მდებარეობს "მაჭახელას ეროვნული პარკი", რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (მტირალას ეროვნულ პარკი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიები) და თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) შორის.

აქტივობები: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მეფუტკრეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ნადირობა, თევზაობა, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ჯომარდობა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, "მაჭახელას თოფის" შექმნის ტრადიციის გაცნობა, ხალხური რეწვის შესწავლა - ქსოვა, ქარგვა, გოდრის და კალათების დაწნა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად).

თეგები: