აუცილებლად სანახავი  მუზეუმები ბათუმში

აუცილებლად სანახავი მუზეუმები ბათუმში

ასეთი ხუთი მუზეუმია. მათი კარი კი ორშაბათის გარდა ყოველდღე 10:00-დან 18:00 საათამდე ღიაა. მუზეუმების დათვალიერება ერთერთი შესანიშნავი  რამაა, რაც შეიძლება ბათუმში ყოფნისას გააკეთო. განსაკუთრებით უქმეები ფუჭად  არ ჩაითვლის, თუ  შემეცნებით  ტურს მოიწყობ.

მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 

პირველი გამაოგნებელი შთაბეჭდილება მუზეუმის ეზოშივე გექმნება. ვეშაპის უზარმაზარი ჩონჩხი და მასზე გამოსახული პრეისტორიული წარსული

იქვე დგას პირველი ტრაქტორი აჭარაში თავისი ინდუსტრიული ისტორიით 

მუზეუმის პირველი სართულის გრძელი, ვისწრო დერეფანი უნიკალურ ქართულ ორნამენტებიან ხის კარსა და სხვადასხვა ბარელიეფს ეთმობა. თითოეულ დეტალში საუცხოო ოსტატობა ჩანს

ცალკე ოთახი ეთმობა ძვ. წ. მე-5 საუკუნის უნიკალურ ბერძნულ კრატერს მითოლოგური სცენებით. მასზე გამოსახულია ცნობილი ისტორიული და სასიყვარულო მოვლენა - ტროას ომის მიზეზი - ელენეს გატაცება ტროელი პარისის მიერ 

ალექსანდრე მახარაძის მიერ დაარსებული პირველი სტამბა, სიცოცხლე შავ ზღვაში და აჭარის ფლორის უნიკალური ექსპოზიციები მუზეუმის გამორჩეულ სამეცნიერო და კულტურულ სამყაროს ქმნიან 

მეორე სართული აჭარის ისტორიას ინახავს. აქ წარმოდგენილია კაჟიანი თოფები, სამკაულები, სპარსული და ოსმალური ძვირფასეულობა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „დედაბრული ანბანი“ - სპეციალური კოდირებული დამწერლობა, რომელიც  2-3 საუკუნის წინ, ოსმალური ინტერვენციის დროს გამოიყენებოდა

მთავარ დარბაზში აღმოაჩენ ჭადრაკის უნიკალურ დაფას, სასაჩუქრე ვაზებსა და ქართველი კლასიკოსი ფერმწერის, ლადო გუდიაშვილის ტილოს, „კოლმეურნე ქალები“\

მისამართი: ჯინჭარაძის ქ. #4

ხელოვნების მუზეუმი

დეკორის სისადავე და ესთეტიური გამომსახველობა ქუჩის მეორე მხრიდანაც შესამჩნევია. მონუმენტური არქიტექტურის დახვეწილი ძეგლი გორგილაძის ქუჩის ამ მონაკვეთს თავისებურ სიმკაცრეს სძენს. 

პირველი სართული დროებითი ექსპოზიციების მასპინძელია ან საკოლექციო ფონდებიდან ივსება. მუზეუმის უახლეს წარსულში ერთერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნამუშევრების გამოფენა იყო. ექსკლუზიური გამოფენების სიაშია გამოჩენილი ქართველი მხატვრის (მე-20 საუკუნის დასაწყისი) ნიკო ფიროსმანის  საზოგადოებისთვის უცნობი ნამუშევრების ექსპოზიცია.

მეორე სართულზე ცოცხლად აღმოაჩენ  ქართველი კლასიკოსი ფერმწერების დიდ ხელოვნებასა და შესრულების განუმეორებელ სტილს  -  ნიკო ფიროსმანის „ქალი წველის ძროხას“,  ლადო გუდიაშვილის „სიხარული“, ელენე ახვლედიანის „ზამთარი თელავში“, დავით კაკაბაძის „იმერეთი“.

მისამართი: ზ. გორგილაძის ქ. #8

არქეოლოგიური მუზეუმი 

მუზეუმის უძველესი  მასალები ძვ. წ. მე-5/მე-4 საუკუნეებით თარიღდება.

შესვლისთანავე  თვალს გჭრის ოქროს საგანძური  და  რეპლიკები, რომელთა შეძენაც შეგიძლია. ფონდში დაცული მასალები მოპოვებულია გონიო-აფსაროსის ნაკრძალისა და ფიჭვნარის  გათხრების შედეგად.

მეორე სართულზე მუმდივმოქმედი ექსპოზიცია განთავსებული. ელინისტური ხანის ექსპონატები, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მასალა  - სამკაულებით, ნუმიზმატიკური საგანძურით, , თავების სკულპტურული გამოსახულებებითა და სამუშაო იარაღებით ექსპოზიციის დიდებულებას სრულყოფს.

მისამართი: ჭავჭავაძის ქ. #77 ​​​​​​​

გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი

ისტორიკოსები გრანდიოზული ციხესიმაგრის  აშენებას რომაელებს მიაწერენ, კერძოდ, რომაელ მხედართმთავარს პომპეუსს (ძვ. წ. 106 - ძვ. წ. 48), რომელსაც კოლხეთი დაუპყრია. სწორედ, აფსარის ციხე იყო რომაელ მებრძოლთა პლაცდარმი. 

“კვარიათიდან გონიამდე ჩამწკრივებული ხალხი ერთმანეთს ხელიდან ხელში გადასცემდა ქვებს”- ადგილობრივი თქმულებით, კედლები ასე აუგიათ.

კოშკები ციხის გალავნის კუთხეებთან, დიდი ჯამე შუა მოედანზე, გვირაბები მიწაში, ყაზარმის ნაშთები, მინის ნაწარმი, ძვ. წ. მე-2 – 1-ლი საუკუნეების მონეტები, პირველი საუკუნის მეორე ნახევრის აბანოს ნაშთები, ჭადრაკისა და რომბისებური ფორმის ორნამენტები  გარწმუნებენ, რომ ათსწლეულების დიდი საიდუმლოებების, მითებისა და ლეგენდების ადგილზე მოხვდი. ​​​​​​​

მისამართი: სოფელი გონიო, ბათუმიდან 15 კმ. ​​​​​​​

ძმები ნობელების  მუზეუმი​​​​​​​

თავს უყრის ბათუმის ტექნოლოგიურ მიღწევებს. მუზეუმის სახელი უკავშირდება წარმომავლობით შვედ ძმებს ლუდვიგ, რობერტ და ალფრედ (შემდგომში ნობელის პრემიის დამაარსებელი) ნობელებს, რომლებმაც ბათუმში ნავთობტერმინალი ააშენეს და ბათუმიდან ევროპის მიმართულებით ნავთობი პირველად გაიტანეს.​​​​​​​

​​​​​​​

ახლა სადაც მუზეუმია, “ნავთობის მეფეებს” სახლი და მიწის ნაკვეთი ჰქონიათ. ექსპონატები ბათუმის პორტო-ფრანკოდ ჩამოყალიბების პერიოდს ასახავს. ნობელების ნივთებთან ერთად გამოფენილია როტშილდებისა ( “ბათუმში კასპიისა და შავი ზღვის ნავთობის კომპანია” დაარსეს)   და მანთაშევის (ბათუმში თუნუქისა და ნავთობის საექსპორტო ჭურჭლის გადამამუშავებელი ქარხნები ააშენა)  მიღწევები. ​​​​​​

კიდევ აუცილებლად ნახე სერგეი-პროკუდინ-გორსკის ძველი ბათუმის იშვიათი ფოტოგრაფია, ბათუმში თამბაქოსა და ჩაის გავრცელების, ასევე პოლიგრაფიის განვითარების ამსახველი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.

​​​​​​​

მისამართი: თამარის დასახლება, ლესელიძის ქ.3 ​​​​​​​

თეგები: