ბათუმი - გადამფრენი ფრინველების სამოთხე

ბათუმი - გადამფრენი ფრინველების სამოთხე

ორნითოლოგები (ადამიანები, რომლებიც სწავლობენ ფრინველებს) აშშ-დან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან,  ინგლისიდან, ესტონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან  უკვე 11 წელია სპეციალურად ჩამოდიან, რათა ბათუმის თავზე მილიონობით ფრინველს დააკვირდნენ, გაქრობის პირას მყოფი სახეობები მოძებნონ და სათითაოდ დათვალონ. გადამფრენი ფრინველებისა  და  მათი დამკვირვებლებისთვის შემოდგომის  ბათუმი ნამდვილი სამოთხეა.   

რა შეიძლება იყოს ფრინველების დაკვირვებაში საინტერესო?

მრავალფეროვნება:    2 თვის  განმავლობაში ტკბები მოგზაურ ფრინველთა უზარმაზარი ნაკადით -  შენს თვალწინ გადაიფრენს 35 სახეობის მილიონზე მეტი  მტაცებელი ფრინველი, მარტო არწივების 7 სახეობა. მათ შორისაა  იშვიათი სანახაობა -  ბეგობის (სამეფო)  არწივი  (Aquila heliaca)  საკუთარ სამშობლოში, თანაც ხშირად ძალიან ახლოს.  

ემოციები:  წარმოიდგინე, ყოველდღიურად  შენს თავზე 50 000-ზე  მეტი ფრინველი გადაიფრენს, რაც ამდენჯერვე იწვევს  შენს აღტაცებასა და ტკბობას. მრავალრიცხოვანი  მტაცებლების ქორეოგრაფია  შენს ზემოთ,  სულ რაღაც 50 მეტრშია.  

ეკო-ტურისტული გამოცდილება:  სრულიად შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება შენი ახალი ჰობი და ინტერესის სფერო გახდეს. მითუმეტეს, რომ თანამოაზრეების პოვნა არ გაგიჭირდება -  ბათუმში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მეცნიერები, საერთაშორისო სპეციალისტები,  ეკო-ტურისტები, დამკვირვებლები და მოხალისეები ყოველწლიურად ჩამოდიან.  შენ აქ  აღმოაჩენ ახალ ადგილებს, ახალ ადამიანებს,  ადგილობრივ კულტურასა და ახალი სამზარეულოს გემოს.

განსხვავებული დღის რეჟიმი:  მზის ამოსვლამდე იღვიძებ და მზის ჩასვლამდე 2 საათით ადრე  ამთავრებ დაკვირვებას. ბუნებაში დაისვენებ და განიტვირთები.   

შემეცნება:  ფრინველთა სამყაროს შესახებ უამრავ ახალ დეტალს გაიგებ და გარემოსდაცვით საკითხებს შეიმეცნებ.  ფრინველების ფერი, ზომა და  ფორმა სამყაროს მრავალფეროვნებას თავიდან აღმოგაჩენინებს.

საინტერესო ფაქტები:    

როგორც ექსპერტები გვეუბნებიან, ბათუმი მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო,  მსოფლიოში ფრინველების საუკეთესო სამიგრაციო კორიდორია მექსიკის ვერაკრუსისა და ისრაელის ეილათის შემდეგ.  მექსიკის ყურეში, ვერაკრუზთან, ყოველწლიურად თურმე 10 მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაიფრენს. ისრაელში ეილათის მხარეს 2-3 მილიონამდე.

           სიდიდით მესამეა ბათუმის კორიდორი. აქ ყოველ შემოდგომაზე     

           მილიონზე მეტი გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი.

რატომ ირჩევს მილიონობით ფრინველი ბათუმის სამიგრაციო “ძაბრს” ?  თბილჰავიანობის გამო. შორ მანძილზე მიმავალი ფრინველები წყლის ზედაპირზე ან მაღალ მთებზე გადაფრენას ერიდებიან, რადგან იქ ჰაერის თბილი ნაკადები არ წამოიქმნება. თბილი ჰაერის აღმავალ ნაკადებში მათ შეუძლიათ ილივლივონ და კილომეტრები ფრთის დაქნევის გარეშე იფრინონ, შესაბამისად დაზოგონ ენერგია.  ვინაიდან ბათუმი ზღვასა და მთას შორისაა და ფრინველები ორივეს ერიდებიან, უნებურად ერთ მონაკვეთში იყრიან თავს.   ბათუმის საჰაერო სივრცეში   ისეთი  იშვიათი და მრავალფეროვანი ფრინველების ნახვაა  შესაძლებელი, რაც სხვაგან  თითქმის შეუძლებელია. ბათუმის   “ძაბრი” ბოსფორთან, გიბრალტართან და მესინა-სიცილიასთან ერთად ევროპის ოთხ ყველაზე მნიშვნელოვან წერტილს  შორისაა

 

რა არის ფრინველთა მიგრაციის უმთავრესი მიზეზი?  მეცნიერები თანხმდებიან, რომ  ეს არის საკვების სიმცირე  და ზამთარში მისი მოპოვების სირთულე.  ასევე გადაფრენის თანდაყოლილი ინსტინქტი და  მემკვიდრეობით მიღებული რეფლექსები.

ფინელი ორნითოლოგები არიან პირველები, ვინც  ბათუმის, როგორც ფრინველთა სამიგრაციო  კორიდორის შესახებ გაავრცელეს   ინფორმაცია. ეს მოხდა  1980-იანი წლების დასაწყისში  ბათუმში სტუმრობისას.

ფრინველების სეზონური მიგრაცია სავარაუდოდ 10-დან 30 მილიონამდე წლის წინ  ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ კლიმატის ცვლილებების შედეგად დაიწყო.  ფრინველები  გზის გასაკვლევად ღამით ვარსკვლავებისა და დედამიწის ხმებით ხელძღვანელობენ.

სეზონურად დედამიწაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ  2-დან 5 მილიარდამდე ფრინველი გადაადგილდება. მტაცებელი ფრინველების  62%-ზე მეტი მიფრინავს თბილ ქვეყნებში.

დღესდღეობით ჩვენს პლანეტაზე დაახლოებით 8, 850 სხვადასხვა სახეობის ფრინველია, აქედან 4, 000 სახეობა რეგულარული გადამფრენია.

ადგილსამყოფელს იცვლიან ის ფრინველებიც, რომლებიც არ დაფრინავენ. მაგალითად, ავსტრალიური ფრინველი ემუ საკვების საშოვნელად კილომეტრებს სიარულით, პინგვინები კი ცურვით გადიან.

2018 წლის 20 სექტემბრის მონაცემები

 

 

 

 

 

 

 

 

 

თეგები: