ბათუმის ტოპ  კაფე-ბარები, სადაც მენიუ არ არის მთავარი

ბათუმის ტოპ კაფე-ბარები, სადაც მენიუ არ არის მთავარი

ამ ბლოგში იპოვი ადგილებს, სადაც აუცილებლად მოგინდება  ფოტოს გადაღება და ინსტაგრამზე გაზიარება.  სანაპიროს თეთრი კაფეები თუ ელეგანტური ბარები, ისტორიული და თანამედროვე,  ვინტაჟური, ბოჰემური თუ მინიმალისტური.  შეინახე ეს  ბლოგი  - რა იცი როდის დაგჭირდება. 

ივერია ბიჩი - მინიმალისტური თეთრი

მზის აბაზანისა და ზღვის  ბრიზის თანხლებით  პლაჟზე საუზმე  ან კოქტეილი - ამ სივრცის უპირატესობაა.მერე თეთრი ტერასის ფონზე რუჯის ტონის  შემოწმება და მომაჯადოებელი მზის ჩასვლით ტკბობა. ალბათ იოლი გამოსაცნობია ივერია ბიჩზე დღე ნელა რატომ გადის.

მისამართი: ბათუმის სანაპირო, შუქურას პირდაპირ

კონტე - კაფე, გალერეა და წვეულებები ღია ცის ქვეშ

კონტე თანამედროვე ხელოვნებით შთაგონებული ადგილია, ვინაიდან ეს არის  კაფე და გალერეა ერთ სივრცეში.  ხშირი  წვეულებები  ცნობილი დიჯეებითა და ხალხმრავლობით  მუსიკალური ფესტივალის შთაბეჭდილებას შეგიქმნის. და ეს მხოლოდ ზაფხულში კი არა,  მთელი წლის განმავლობაში.

მისამართი: ზ.გამსახურდიას ქ. #1/5

ვინილი - მეგობრული და სოციალური  

ბათუმის ერთერთ ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე.  კედელზე მიკრული ვინილებითა  და ხის პატარა, მრგვალი მაგიდებით. აქ თითქმის არ არის  პერსონალური სივრცე, ამიტომ ვინილი ქალაქში ყველაზე მეგობრული და  სოციალური კაფეა

მისამართი: დუმბაძის ქ. 12-14

K2 -  იტალური ეზოს ნანგრევებში

ვინილის მეზობელი ეზო  წარსულისა და  თანამედროვეობის გადაკვეთის წერტილია. შთამბეჭდავმა რეკონსტრუქციამ  ადგილი  ძველსაც დაუტოვა და სრულიად ახალ სივრცედ გარდაიქმნა. დანგრეული სახლების 

ეზოში ადგილი ჰამაკისთვისაც არის. ხეებზე ჩამოკიდებული ნაჭრის ჭაღები,  მანქანა “ცაში”, ხელნაკეთი ნივთების მაღაზია “ბოლო გარაჟი” - ბოლო გაჩერება არ არის. აქ  მალე კორპუსი უნდა აშენდეს, ამიტომ  მოასწარი  ნახვა.

მისამართი: დუმბაძის ქ. #12

ფანფანი -   ნამდვილი ზაფხულის განწყობა

კაფე ბულვარში, კულტურული მემკვიდრეობის სახლში  ვინტაჟური ელემენტებით, კომფორტული დასაჯდომი სივრცეებით, ნეონის განათებებით, ხავერდის გადასაფარებლებით... აქ ყველაფერი - დიზაინი, მენიუ თუ მუსიკა ინდივიდუალიზმის გამოვლინებაა. დახვეწილობა  ხომ ნიუანსებშია - ჰოდა, ფანფანში მიხვდები რამდენად მნიშვნელოვანია ფერთა ჰარმონიული შეხამება

მისამართი: მელიქიშვილის ქ. #1

დელირია - სტუმრად სახლში

მიუხედავად  თავისებური მდებარეობისა, “დელირია” არის  წარმოუდგენელი სამოთხე კორპუსებს შორის.  მე-19 საუკუნის ისტორიულ სახლში გიმასპინძლებენ.  აირჩიე სივრცე ინტიმური  ან  საოჯახო შეკრებისთვის -  მისაღები ოთახი,  კაბინეტი, ვერანდა, აივანი ან გზამკვლევი ვარსკვლავივით კაშკაშა ეზო.  აქ ყველაფერი ორიგინალურია. ოჯახური ატმოსფერო მადას თუ გაგიძლიერებს, უკან არ დაიხიო - უგემრიელესი კერძები აქვთ.

მისამართი:  ყაზბეგის ქ. #8   

ჭაჭის დრო - მხიარულების დრო

ვიზუალი გადამწყვეტი არ არის, თუ კაფე ქართულ  ჭაჭას გთავაზობს, თანაც 50-მდე  სახეობის. მეგობრული ატმოსფერო და დადებითი ვიბრაციები აქ  სწორედ, ამ ჯადოსნური სასმელის დამსახურებაა.

მისამართი:  ძველი ბათუმი, მაზნიაშვილის ქ. #5

უოლი  - რენოვაციის გასაოცარი შედეგი

ექსტერიერი დანახვისთანავე  გიხმობს. თვალის ერთი შევლებით, ქუჩისპირას მდგარი შენობაა, რომლის მეორე მხარეს ძველი, შუშაბანდიანი სახლი იმალება. საინტერესო ეზოსკენ  მოხატული კედელი და  წლის ტრენდი - ვარდისფერი განათება გაგიძღვება.

მისამართი: მემედ აბაშიძის გამზირი #43

Chocolatte coffee-room - კუთხის კაფე

რძიანი ყავა, გემრიელი საუზმე ბლინებით და მასპინძლების კეთილგანწყობა - რა უნდა იყოს დილით ამაზე სასიამოვნო?

მისამართი: მ. აბაშიძის გამზირი #13

ლევილი - ქართულ-ფრანგული ესთეტიკა

ახალი სივრცე  სუპერ თანამედროვე ინტერიერით, დახვეწილი დეტალებით,  ფრანგული კალეიდოსკოპური ვიტრაჟითა და  დეკორებით.  გარანტირებული ესტეთიური სიამოვნება, რასაც  კაფისა  და საცხობის გასტრონომიული შემოქმედება ემატება.  

მისამათი: ზ. გორგილაძის ქ. #1

პრივეტ  იზ ბატუმა -  ბათუმის ფოტომუზეუმი

ერთერთი პირველი კაფე ბათუმში. ადრე აქ ფოტოსახელოსნო იყო.  როგორც  ძვირფასი ექსპონატები  მუზეუმებს, ძველი ნივთები,      ძირითადად ფოტოკამერები,  დღემდე ამშვენებს ინტერიერს. კედელზე კი 40 წლის წინ გადაღებული ბათუმის ფოტოებია წარმოდგენილი.

მისამართი:  მემედ აბაშიძის გამზირი #39

საამო იგივე “სტეკლიაშკა”  -  70-იანი წლების ბათუმი

თავისი  ძველი და ხელუხლებელი საბჭოთა ინტერიერით, უცვლელი სცენებითა და ლაღიძის წყლებით.  ადგილი, რომელიც  70-80-იანი წლების ბათუმის საიდუმლოს ინახავს.

მისამართი: მ აბაშიძის #37

ლიტერატურული კაფე  -   საუბრების კაფე

ყავა და ტკბილეული სიმშვიდეში. არაფერი და არავინ დაგირღვევს მყუდროებას. აქ გატარებული საათები სიმშვიდის თერაპიას უდრის.

კონსტანტინე გამსახურდიას ქ. #18

ბერნი - საუკუნეზე მეტი ხნის სახლი

130 წლის წინ აქ  ანტონ ჩეხოვი და  მაქსიმ გორკი ცხოვრობდნენ. რთული აღსაქმელი  ნამდვილად არ არის  როგორ გამოიყურებოდა მათი სახლი.   შენობის ისტორიულ  ფასადი შენარჩუნებულია.   მის მიღმა კი ულტრა თანამედროვე ინტერიერი იმალება.  სახურავზე  ტერასაა,   საღამოს საათებში შეგიძლია ქალაქის მთავარ გამზირს უყურო.

მისამართი: რუსთაველის ქ. #13

გარდენსი  - კაფე, ბაღი და სკულპტურა

ცნობილი გერმანელი არქიტექტორისა და არტისტის იურგან მეიერის არქიტექტურული პროექტი ბათუმის შუაგულში. შენი თვალი სწრაფადვე შეამჩნევს თეთრ, გაშლილ სივრცეს  ფერადი დეტალებით, არტ წიგნებით,  ბაღით, ვერანდითა და ექსტერიერში ამოზრდილი ხეები. 

მისამართი: ლონდონის სკვერი

ნეოკა  -  60-იანი წლების ავანგარდის  გამოძახილი

სრულყოფილი სიმწვანით გარშემორტყმული ადგილი, რაც მას  განტვირთვის იდეალურ ადგილად აქცევს. კაფე ყავის სპეციალური რეცეპტით, ბულვარის ხედებითა და  60-იანი წლების ავანგარდული გამოძახილით -  პოპ-არტ პოსტერებით. საღამოობით ეს მწვანე გარემო ცოცხალი მუსიკით  ივსება.                          

მისამართი:  ვ. ფშაველას ქ. #1

გადაწყვიტე სად მიდიხარ?  

გადაიღე ფოტო და მოგვნიშნე ინსტაგრამზე @visitbatumi

თეგები: