ბათუმმა ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლა

ბათუმმა ტურიზმის ფესტივალს „ტურისტერი“ უმასპინძლა

ბათუმში ტურიზმის ფესტივალი „ტურისტერი“ გაიმართა. ფესტივალის სტუმრებმა ტურიზმის საკანონმდებლო რეგულაციები, ტურიზმის პოლიტიკა, კლიმატური ცვლილებებისა და ტურიზმის განვითარების ურთიერთქმედება განიხილეს. ფესტივალს ესწრებოდა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი, რომელმაც კოლეგებთან ერთად  სეზონურობის დაძლევასა და ამ მიმართულებით დეპარტამენტის სტრატეგიაზე ისაუბრა. 

„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სტრატეგიის მიზანი აჭარაში სეზონურობის დაძლევა და რეგიონის, როგორც ოთხივე ტურისტულ სეზონზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაა. არაქტიურ სეზონზე ფესტივალები, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მთიანი აჭარის მიმართულებით ერთ-ერთი წინაპირობაა რეგიონში ტურისტების მოზიდვისა. სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ ამ კუთხით მთავარი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი იქნება,  სადაც 133 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება. რამდენიმე წელში ჩვენ გვექნება ტურისტული ინფრასტრუქტურითა და ობიექტებით მოწყობილი მაღალი კლასის სამთო-სათხილამურო კურორტი. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნის კუთხით. ამ ეტაპზე მუშაობა ჭვანასა და ჩირუხის პროექტებზე მიმდინარეობს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

ფორუმზე პანელური დისკუსიების შემდეგ დარგის სპეციალისტებმა მარკეტინგზე, კულტურაზე, მეწარმეობაზე ისაუბრეს, რაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ტურიზმს. ფესტივალს სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების, ტურისტული ობიექტებისა და ტურისტულ ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფესტივალი კლუბ „გეითისა“ და „ბოტანიკოს“ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც გარდა ტურიზმის ფორუმისა რეგიონალური კულინარია და სტარტაპების გამოფენა მოეწყო. სტარტაპების გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა პროფილის კომპანიის მაღალ-ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და ალტერნატიულ ტურისტულ პროდუქტებს გაცნობოდნენ. ფესტივალ “ტურისტერის“ ერთ-ერთი მიმართულება ასევე იყო აჭარული სამზარეულოს პრომოუშენი. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ნაკლებად ცნობილი ლაზური და აჭარის მთის კულინარიული პროდუქტები.

ფესტივალი, რომელიც „ტურიზმის ინსტიტუტისა“ და მარკეტინგული კომპანია „შინდის“ ერთობლივი პროექტია, ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

თეგები: