ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ხავერდოვანი პერიოდის დაუვიწყარი საღამოები ბათუმში

ზაფხული ეს-ესაა დასრულდა, მზის მწველი მცხუნვარება რბილ, სასიამოვნო სითბოდ იქცა, ზღვა სექტემბრის მუქ ლურჯ ცას ირეკლავს და კამკამებს. სექტემბრის ბათუმში დასვენება საუკეთესო პერიოდია განსატვირთად და უშფოთველი შვებულების მოსაწყობად.

ზღვა სექტემბერში განსაკუთრებით მშვიდი და სუფთაა, მზეც არ გწვავთ და ზომიერ, ოქროსფერ რუჯს იღებთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. შემოდგომის პირველი თვე აუცილებლად გამოსაყენებელი პერიოდია, რაც ზაფხულის ხმაურიანი და ხალხმრავალი რუტინისგან განსხვავებით იდილიური სიმშვიდის წყალობით დაგამახსოვრდებათ. თუმცა ბათუმში უამრავი რამ ხდება სექტემბერშიც, თუ ზღვაზე სიარულისა და აჭარის მთიანეთში მოგზაურობის გარდა დროდადრო სხვა რამითაც დაინტერესდებით.

საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი BIAFF-ი, 16-23 სექტემბერი

კინოფესტივალი BIAFF-ი კინოს მოყვარულებისთვის ნამდვილი დღესასწაულია ზღვისპირა ქალაქში. ამ პერიოდში ბათუმში თავს იყრიან რეჟისორები, მსახიობები და კინომოყვარულები მთელი მსოფლიოდან. ფესტივალი საავტორო კინოს წლის საუკეთესო კოლექციებს სთავაზობს კინომოყვარულებს. კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ, კინომოყვარულებისთვის მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმებს აჩვენებენ.

BIAFF-ი წელს მეცამეტედ ტარდება. გარდა ფილმების ჩვენებისა, ფესტივალის მიმდინარეობისას მსოფლიოს ცნობილი კინორეჟისორები მსმენელისთვის მასტერკლასებს ატარებენ კინემატოგრაფიაში. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

მუსიკის ფესტივალი – 2-12 სექტემბერი

ბათუმი სექტემბრის პირველ ნახევარში კლასიკური მუსიკის ჰანგებით ივსება. ქართველი და უცხოელი შემსრულებლები კონცერტებს ბათუმის მუსიკისა და ხელოვნების ცენტრში მართავენ.

წელს ფესტივალმა ფრანგ პიანისტს, ლიზ დე ლა სალს, კომპოზიტორ მიშელ სონის, ირლანდიელ პიანისტს ბარი დუგლასსა და სხვა მუსიკოსებს უმასპინძლა. კონცერტებზე შესრულდა ლისტის, რახმანინოვის, ბეთჰოვენისა და დვორჟაკის ნაწარმოებები.

„ბათუმი-ოდესა, ფოტოდღეები“ – 2-12 სექტემბერი

ფოტოდღეები ბათუმში 2014 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მასპინძლობს თანამედროვე და საინტერესო ფოტოგრაფებს. წელს ბათუმის ხელოვნების მუზეუმში პოლონეთის ქალაქ ვროცლავის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ნამუშევრები იყო გამოფენილი. ექსპოზიციების დათვალიერება მსურველებს 10 დღის განმავლობაში, 12 სექტემბრამდე შეეძლოთ.

გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი – 3-8 სექტემბერი

 გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება თვალწარმტაცი სანახაობაა, ამ პერიოდში აჭარის ცას მილიონზე მეტი მტაცებელი ფრინველი გადაუფრენს. მსგავს სანახაობას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადგილას თუ ნახავთ. 3-8 სექტემბერს აჭარაში მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი – ეს ფრინველებზე დაკვირვებისთვის საუკეთესო  ადგილებია, სადაც ექსპერტებისა და გიდების თანხლებით  შემეცნებით-გასართობი ექსკურსიები უფასოდ მოეწყო ყველა მსურველისთვის. ფესტივალის მიმდინარეობისას ასევე ჩატარდა წამყვანი სპეციალიტების ლექცია-პრეზენტაციები.

ორნითოლოგები, მოხალისეები და ეკოტურისტები ფრინველთა გადაფრენაზე დასაკვირვებლად აჭარაში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ბათუმის შემოგარენი „აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის“ სახელითაა ცნობილი და ფრინველთა მიგრაციის ეს კორიდორი მსოფლიოში სამ უდიდეს დერეფანს შორის ერთ-ერთია.

ფრინველებზე დაკვირვების სეზონი აჭარაში 15 აგვისტოს იხსნება და ორი თვე – 16 ოქტომბრამდე გრძელდება.

ფესტივალი 2012 წლიდან იმართება და ეკოტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად იქცა. ამ უდიდესი პოტენციალის მქონე ფესტივალით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

„ბათუმობა“

ზღვის ხავერდოვანი პერიოდი კი „ბათუმობის“ დღესასწაულით დაიწყო. ამ დღეს ქალაქში სახალხო სეირნობა, ქუჩის პერფორმანსები, კონცერტები და გამოფენები მოეწყო.

ქალაქის ქუჩებში წელს „ბათუმობის“ აღსანიშნად  ძველი ბათუმი გააცოცხლეს ძველებური აბრებითა და ნივთებით.

ფესტივალი „განდაგანა“ – 5-6 ოქტომბერი

სულერთია აჭარის მთიანეთში გიმოგზაურიათ თუ არა, სოფლის ტურიზმის ფესტივალზე „განდაგანა“, რომელიც ოქტომბრის პირველ კვირაში იმართება, ნებისმიერ შემთხვევაში უამრავ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ: ფესტივალზე აჭარის სოფლებიდან ქალაქში გადმოინაცვლებს მთის ნუგბარი, ეკოპროდუქტები და ტრადიციული კერძების მზადების პროცესში მსურველბსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

ცეკვა „განდაგანას“, ტრადიციული აჭარული კერძების, ბორანოს, სინორისა და ბევრი სხვა რამის დამზადებას ფესტივალზევე ისწავლით. აქვე შეიძენთ მთის სუფთა, რძის პროდუქტებს, ხილ-ბოსტნეულსა და ტკბილეულს. მოეწყობა მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები. ადგილობრივი ფოლკლორული გუნდები კი ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ.

აჭარის მთიანეთი

შემოდგომის ფესტივალები აჭარაში სასიამოვნო დღეებს გპირდებათ, მაგრამ დგება დრო, როცა ბათუმიდან მოშორებითაც გინდათ წასვლა. არჩევანი დიდია: შეგიძლიათ ჩაქვთან ახლომდებარე მტირალას პარკში წახვიდეთ ან კინტრიშის ნაკრძალის ულამაზეს ბუნებაში მოაწყოთ ლაშქრობა. თუ აჭარის მთიანეთის მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრებას გსურთ დააკვირდეთ, ამისთვის კურორტ ბეშუმისა და გოდერძის მონახულებას გირჩევთ, საიდანაც მწვანე ტბამდე მიგიყვანთ გზა. აქ მემთეურთა ხის სახლებს ნახავთ და შემოდგომისპირზე კანტიკუნტად შემორჩენილ ოჯახებსაც. მწვანე ტბისა და ალპური ბოტანიკური ბაღის მონახულების გარეშე აჭარის მთების დატოვება არ ღირს.

თუ ღვინის ტურიზმი გიზიდავთ და სხვადასხვა ჯიშის დაგემოვნებით სიამოვნებას იღებთ, მაშინ ქედის ღვინის საოჯახო მარნებს უნდა ეწვიოთ: სოფელი ვაიო, პირველი მაისი და დანდალო ამისთვის ზედგამოჭრილი ადგილებია.

ეს ყველაფერი არ არის, რაც აჭარის მთებში გელით. ნებისმიერი სოფელი აქ პირველად მნახველისთვის ახალი აღმოჩენაა, შემოდგომის აჭარაც ასეთია: ადგილი მათთვის, ვინც მზადაა სიახლეებისა და თავგადასავლებისთვის.

თეგები: