სიახლეები - GoBatumi
კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტულის სეზონი გაიხსნა

სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით კურორტზე გასართობი ღონისძიებები ამ წუთებშიც გრძელდება, რომელსაც აჭარის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს, თვითმართველობისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები, გიდები და ტურისტები ესწრებიან. ღონისძიება სიტყვითა და კურორტ გოდერძის ახალი საიმიჯო ვიდეორგოლით გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

„კურორტი გოდერძი არის უმნიშვნელოვანესო კურორტი ჩვენი რეგიონისთვის, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს აჭარის, როგორც  ოთხივე სეზონზე მიმზიდველი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში. გოდერძიზე ამჯერად 19 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს, რაც საბოლოო ჯამში კურორტზე ერთდროულად  1000 ტურისტის მასპინძლობის საშუალებას მოგვცემს. სამთო-სათხილამურო კურორტი  გამორჩეულია თოვლის ხარისხით, სათხილამურო ტრასებითა და ულამაზესი პეიზაჟებით, რის გამოც ის წლიდან წლამდე პოპულარული ხდება ტურისტებში. მაგალითად, გასულ წელს კურორტის დატვირთულობა  წინა წელთან შედარებით 80%-ით  იყო გაზრდილი, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ახლად გახსნილი კურორტისთვის,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ზამთრის სეზონი გოდერძიზე სიმბოლურად საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით, სათხილამურო ტრასებზე დაშვებით  გახსნეს მოთხილამურეებმა. სტუმრებს სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და სხვა თანამდებობის პირებმაც მიმართეს. სპეციალური საახალწლო დეკორაციებით გაფორმებულ კურორტზე სტუმრებს საშუალება აქვთ  ისრიალონ თხილამურებზე,  გაისეირნონ საბაგიროთი და პოზიტიური განწყობა ელექტრონული მუსიკით შეიქმნან.  მათ განწყობაზე ბენდი „Fourth Season”, ირაკლი ფაღავა და ბენდი „GROOVE PHOENICS" ზრუნავენ.

კურორტი გოდერძი ერთადერთი კურორტია საქართველოში, რომლის განაშენიანებაც გენერალური გეგმის მიხედვით ხორციელდება. ამ ეტაპზე კურორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამსვენებლებს 6 თანამედროვე ტიპის კოტეჯი, ორი სასტუმრო და 13 საოჯახო-სასტუმრო სახლი ემსახურება, სადაც ერთდროულად 280-მდე ადამიანი თავსდება.

ამ ეტაპზე კურორტზე 8 კილომეტრიან სათხილამურო ტრასას ორი გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგირო ემსახურება. კურორტის ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია ერთი რესტორანი, სწრაფი კვების, თხილამურებისა და ბურანების გასაქირავებელი ობიექტები. მოწყობილია 200 მეტრიანი მცირე დახრილობის სათხილამურო ტრასა ბავშვებისა და დამწყები მოთხილამურეებისთვის. კურორტი ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ტურისტებისთვის. 2017-2018 წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე კურორტმა წინა წელთან შედარებით 48%-ით მეტ ტურისტს უმასპინძლა. 2017-2018 წლებში, კურორტზე სერვისის ამაღლების მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული ობიექტების წარმომადგენლებს ტრენინგები ჩაუტარა. პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მათ გადამზადება საკომუნიკაციო ინგლისური ენისა და სერვისის გაუმჯობესების მიმართულებით გაიარეს.

თეგები: