სიახლეები - GoBatumi
პატარა ქალაქის თეატრალური ცხოვრება

პატარა ქალაქის თეატრალური ცხოვრება

თუ თქვენ თეატრის მოყვარული ბრძანდებით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ადვილად შეამჩნევთ მეოცე საუკუნის  კლასიკური სტილის მასშტაბურ, პომპეზურ ნაგებობას, რომლის სვეტისთავებიც  ბათუმელ მხატვარ-არქიტექტორსა და ამავდროულად, კომპოზიტორს შეუქმნია. ეს ინფორმაცია მოგაწოდეთ,  რათა შენობის ნახვით აღფრთოვანებულს, არ გაგკვირვებოდათ  თუ რატომ  გესმოდათ აქ ქვეცნობიერად მუსიკის ხმა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში საოცარ მომხიბვლელობას მატებს ადგილს, რომელიც სიყვარულის, თავგადასავლების და თავდავიწყების საშუალებად მარტივად   შეიძლება მივიჩნიოთ.

თუ ჯერ თეატრალური ცხოვრებით არ დაინტერესებულხართ და  შესაბამისად საყვარელი სპექტაკლი არ შეგირჩევიათ, ოიდიპოს მეფეზე  გავამახვილებ თქვენს ყურადღებას,  რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სოფოკლეს, სენეკას, ესქილეს და ევრიპიდეს ხათრით ცალ თვალს მაინც შეავლებთ აღნიშნულ შენობას.  ნაწარმოები   კი მითია, მაგრამ  მსახიობი გახლდათ ზღაპრული  რეალობა, რომლის შესახებაც რეჟისორს  უთქვამს: „თუ გყავს იუსუფ კობალაზე, არც რეჟისორს და არც თეატრს მეტი არაფერი უნდა, მაყურებელი სამუდამოდ დაპყრობილი გყავსო“.

თუ რუსთაველის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე ქვის შენობა გულს ვერ გაგითბობთ გადაინაცვლეთ ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ხის შენობასთან, აქ დამატებით პოზიტივს  ზღვისპირა პარკში გასეირნებაშიც იპოვით და ამ ქალაქში ყოფნის მოსაგონებელ ულამაზეს ფოტოსაც გადაიღებთ.

დასასრულს, კიდევ ერთ მისამართს გაგიმხელთ. იქ აუცილებლად სრულდება ყველა ფიქრი და ოცნება, უფლისწულები და პრინცესები მრავლად სახლობენ. ეს მემედ აბაშიძის ქუჩის ორმოცდაცხრა ნომერია, სადაც 1936 წლიდან თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრია განთავსებული.

რაკი ეს ინფორმაცია ბოლომდე ჩაიკითხეთ, დარწმუნებული ვარ სამივე თეატრში წახვალთ და რა თქმა უნდა, მქუხარე აპლოდისმენტს იმსახურებთ, რადგან მთავარი როლი დღეს თქვენია!

თეგები: