სიახლეები - GoBatumi
საპატიო სტუმრის სტატუსით ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე

საპატიო სტუმრის სტატუსით ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა. გამოფენა 22 თებერვალს ქვემო სილეზიის მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის სამთავრობო დელეგაციის წევრებმა გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აჭარისა  და ქვემო სილეზიის რეგიონებს შორის ურთიერთანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე  ისაუბრა.

აჭარის დელეგაციის წევრებმა, რომელთა შორის იყვნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე ვროცლავში ოფიციალური შეხვედრები გამართეს. აჭარაში ზამთრის კურორტების განვითარების მიზნით ისინი იმყოფებოდნენ ქვემო სილეზიის ინოვაციისა და მეცნიერების პარკსი, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ინოვაციისა და მეცნიერების პარკს შორის ხელი მოეწერა განზრახვის წერილს. დოკუმენტი ქვემო სილეზიის რეგიონისა და აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტებს შორის  კერძოდ, კი აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისა და პოლონეთის შკლარსკა პორემბა იაკუშეცის შორის ურთიერთანამშრომლობასა  და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას  ითვალისწინებს.

ვროცლავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა 25 თებერვალს დასრულდა.  პოლონეთი რეგიონისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, სადაც პიარ და მარკეტინგული კამპანიებით აჭარის რეკლამა აქტიურად ხორციელდება. შესაბამისად, მზარდია რეგიონში შემოსული პოლონელი ვიზიტორების რიცხვიც. 2017 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან წინა წელთან შედარებით 35%-ით მეტი პოლონელი ვიზიტორი სტუმრობდა. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს ვროცლავის ტურისტული გამოფენის გარდა ვარშავისა და პოზნანის ტურისტულ გამოფენებზე წარადგენს.

თეგები: