ტურიზმის დეპარტამენტმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა

ტურიზმის დეპარტამენტმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ორი წლის საქმიანობის ანგარიში დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ტურიზმის სექტორსა და მთავრობის წარმომადგენლებს დღეს წარუდგინა. პრეზენტაციისას მან ყურადღება რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებულ ტრენინგებზე, 17 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებულ სარეკლამო აქტივობებსა და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე გაამახვილა. ის ასევე, შეეხო რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებისა და საერთაშორისო ფრენების  რაოდენობის ზრდასაც. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა, რომელმაც სტუმრებს სიტყვით მიმართა და რეგიონში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, რაზეც ბოლო წლებში რეგიონში განხორციელებული პროექტები, გაზრდილი ტურისტებისა და საერთაშორისო ფრენების, ასევე განთავსების ობიექტების რაოდენობაც მიუთითებს. 2018 წლის, 10 თვის მონაცემებით, რეგიონში 1,725,468 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი  განხორციელდა, რაც 17,8%-იან ზრდას გულისხმობს. 41%-ითაა გაზრდილი საერთაშორისო ფრენების რაოდენობაც. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს რეგიონში სერვისის გაუმჯობესების, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნისა და აჭარაში ტურისტების მოზიდვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აჭარის ტურისტული განვითარების სტრატეგია, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი დოკუმენტი ტურიზმში ჩართული სამთავრობო და კერძო სექტორისთვის. სტრატეგიის ფარგლებში, 2019 წლიდან 2025 წლამდე ჩვენ გაწერილი გვექნება სამოქმედო გეგმა, თუ როგორ განვავითაროთ ტურიზმი რეგიონში,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა სექტორთან შეხვედრისას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ბოლო ორ წელში, რეგიონს პოპულარიზაცია 16 სამიზნე ქვეყანაში  სხვადასხვა მარკეტინგული და სარეკლამო აქტივობებით გაუწია. მათ შორის სატელევიზიო რეკლამითა და გადაცემებით BBC-ზე, Euronews-ზე, CNN-ზე, Deutsche Welle-ზე, RTL-ზე და N-TV-ზე, ასევე გარე რეკლამით სამიზნე ქვეყნების 35-ზე მეტ ქალაქში და აქტიური ონლაინ რეკლამით 14 ქვეყნის სოციალურ და ონლაინ პლატფორმებზე.  

გარდა ამისა, დეპარტამენტმა პრეს-ინფოტურის ფარგლებში სამიზნე ქვეყებიდან 963 ჟურნალისტსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენელს გააცნო რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები. ორი წლის განმავლობაში კი 57 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენასა და ღონისძიებაზე წარადგინა რეგიონი.

მნიშვნელოვანია ბოლო წლებში აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული ტრენინგ-სემინარები, რომლის ფარგლებშიც დეპარტამენტმა სექტორში დასაქმებული 2700-ზე მეტი პირი გადაამზადა. მათ შორის კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების, საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები და გიდები. ასევე, მნიშვნელოვანია ტურისტული ობიექტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის მომზადებული ინგლისური ენისა და სახანძრო უსაფრთხოების სასწავლო ვიდეოები. გარდა ტრენინგებისა გიდებისთვის მომზადდა ღვინის გიდის გზამკვლევი და გიდის პრაქტიკული სახელმძღვანელო.

მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით ბოლო სამ წელში აჭარაში 15 ტურისტული მარშრუტის მარკირება მოხდა. არსებულ მარშრუტებზე კი 65-მდე ინფოტური მოეწყო, რომლის ფარგლებშიც გიდები და ტურისტული სააგენტოები იქ არსებულ ტურისტულ სერვისებსა და პროდუქტებს გაეცნენ. შედეგად, გასულ წელს მთიან აჭარაში ვიზიტორების რაოდენობა 98%-ით გაიზარდა.

თეგები: