ტოპ ფაქტები - GoBatumi
კინტრიში - უჩვეულო ეკოარდადეგები  მილიონობით   წლის  უნიკალური   ტყეებში

კინტრიში - უჩვეულო ეკოარდადეგები მილიონობით წლის უნიკალური ტყეებში

თუკი ლაშქრობა შენი მოგზაურობის  სტილია,  საქართველო, როგორც  უძველესი ტყეების მიწა, საუკეთესო არჩევანი იქნება.  იფიქრე  2  დღიან ტურზე კინტრიშის დაცულ ლანდშაფტში.  (კინტრიში აჭარაში პირველი დაცული ტერიტორიაა).  იქ ეზიარები  მილიონობით წლის წინ  ჩამოყალიბებული კოლხური ტიპის ფლორისა  და ფაუნის დაუჯერებელ მშვენიერებასა და სიმშვიდეს.  ყველაფერს  დეტალურად მოგიყვები, მანამდე კი  რამდენიმე ფაქტს  მოვიყვან, იმის დასტურად, რომ  იქ წასვლა ნამდვილად ღირს.  

იცოდი, რომ  კავკასია  თავისი  ბიომრავალფეროვნების იშვიათი მახასიათებლებით  მსოფლიოს  200  ეკორეგიონის ნუსხაშია?   ასევე ერთერთია   34  ცხელ  წერტილს (Hotspots)  შორის, რომელიც ეკოსისტემების სიუხვით ხასიათდება და თან განადგურების პირასაა.  

უშუალოდ  კინტრიშის დაცული  ტერიტორია    მესამეული ხანის კოლხური ტიპის ფლორასა და ფაუნას მოიცავს.  მესამეული ხანა  დედამიწაზე ვეებერთელა მთიანი მასივების  წარმოქმნის  პროცესია, რაც  67 მლნ. წლის წინათ დაიწყო  და  42 მლნ. წელი  გრძელდებოდა.   დღევანდელი კინტრიშის ტერიტორიაც მაშინ  ჩამოყალიბდა, როცა   დედამიწის იერსახე თანამედროვეს მიუახლოვდა და მთელს დედა პლანეტაზე მივიღეთ მთები, ბორცვები და  ველ-მინდვრები.

100-ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე წლიდან წლამდე ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.  ყველაზე პოპულარული პერიოდი ზაფხულია, თვე კი აგვისტო. თუ  გზას ფეხით გინდა დაადგე მარშრუტის გავლას 2 დღე  მაინც დასჭირდება.  ლაშქრობა რა თქმა უნდა, საუკეთესო საშუალებაა  ბიომრავალფეროვნების  აღმოსაჩენად.  სწორი დრო და  მშრალი ამინდი შეარჩიე  და არ გამოტოვო აუცილებლად სანახავი ადგილები, რომელთა შესახებაც  ქვემოთ მოგიყვები.   

როგორ მოხვდე?
1.     ბათუმიდან (კათოლიკური ეკლესიის ტერიტორიიდან) მიკროავტობუსი ქობულეთის მიმართულებით ყოველ 15-20 წუთში  გადის. ქობულეთში ჩასვლის შემდეგ სოფელ ჭახათისკენ მიმავალ ტრანსპორტს უნდა გაყვე. აი, სოფელ ჭახათიდან კი კინტრიშის ვიზიტორთა ცენტრამდე (სოფელი ცხემვანი) 8 კილომეტრიანი მანძილი ფეხითაა გასავლელი ან თუ გაგიმართლა  შემხვედრს დაეგზავრები.  

2.    ალტერნატიული ვარიანტია  ქობულეთიდან კერძო ტაქსი ან კომფორტული მაღალი გამავლობის მანქანა დაიქირაო და ასე დაადგე გზას. 

ნებისმიერ შემთხვევაში მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი ჩაიცვი. შენს ნაფეხურებს  ორი ტურისტული ბილიკი ელოდება  
 

#1  მარშრუტი:  თამარის თაღოვანი ხიდიდან ჩანჩქერამდე

პირველი გაჩერება

თამარის თაღოვანი ხიდი  მდინარე კინტრიშზე. ეს ნაგებობა  არქიტექტურული ხელოვნების აყვავების პერიოდს მიეკუთვნება. შესაბამისად,  ხელშესახები წარმოდგენა შეგექმნება  საქართველოში ქვით მშენებლობის განვითარების მეორე პერიოდზე (მე-11- მე-12 ს.ს)

1000-900 წლის   თამარის  ხიდი  რუსთაველის ეპოქის ძეგლად მიიჩნევა. ლეგენდების თანახმად, ის თამარ მეფეს აუშენებია.

კინტრიშის ხეობაში ორი ისტორიულად ღირებული ხიდია: ერთი დაცული ტერიტორიისკენ მიმავალ გზაზე, მეორე კი  უშუალოდ დაცულ ლანდშაფტშია მოქცეული  

 

მეორე გაჩერება

თაღოვანი ხიდიდან დაახლოებით 600 მეტრში ცხემვანის წმ. გიორგის სახელობის მონასტერი გხვდება

ეკლესიის ეზოდან  შერეული კოლხური ტყის სიღრმეში საცალფეხო  ბილიკი გადის. აქ ფოთლოვანი ხეები დომინირებენ.  წაბლის, წიფელას, მუხისა და ცაცხვის ტყეების

სიმდიდრეს აქაური თბილი და ნოტიო ჰავა განაპირობებს.  ამავე ბილიკს  მიწაში ჩაფლულ უძველეს ქვევრებთან და საპიკნიკე ფანჩატურთან მიჰყავხარ

მონასტრის ეზოდან გამოსულმა ჩანჩქერის სანახავად გზა ზემოთ უნდა განაგრძო, ისევ  იდეალურ სიმშვიდეში. გზად ბზის კორომები და  ნაირფერი ჩრდილები შეგაჩერებენ,  მწვანე სუნთქვისშემკვრელი სივრცეები

კიდევ რამდენი ადგილია ფოტოს გადასაღები -  თითო-ოროლა სახლი გზისპირას, მეფუტკრეებითა  და  ეზოში გულმოდგინედ განლაგებული ფერადი სკებით, როგორც ბუნებისა და ადამიანების  ჰარმონიული თანაარსებობის  სიმბოლო

სად დარჩე?

ესეც მოგზაურობის პირველი დღე.  ალბათ ვერც კი  შეამჩნიე როდის გაილია  დღე  ახალი და ღრმა შთაბეჭდილებების ფონზე. არჩევანი შენზეა - შეგიძლია დარჩე კარავში ან  ხის  კოტეჯებში

დღე მეორე 

#2 მარშრუტი - უთხოვარი და ტბა ტბიყელი

დილა მშვიდობისა. ალბათ იშვიათად დაგიწყია დღე  ასეთი თვალწარმტაცი პანორამული ხედებით.  დღეს ზღვის დონიდან 400 მეტრიდან   2,000 მეტრზე ადიხარ და კიდევ უფრო   შთამაგონებელი თავგადასავლებისთვის განეწყე. სუბტროპიკული დაბლობიდან  სუბალპურ იალაღებამდე მოქცეულ ლანდშაფტში კლიმატთან ერთად ბიომრავალფეროვნების ცვლილებაზე დაკვირვების  უნიკალურ  გამოცდილებას მიიღებ

უთხოვარი

მთებსა და ღრმა ხეობებში გამავალი გზა მიგიყვანს უთხოვართან.  ეს არის უნიკალური  მცენარე - მესამეული პერიოდის (დედამიწაზე 67 მლნ. წლის წინათ დაიწყო)    რელიქტური სახეობა, რომელიც  მილიონობით წლის  შემდეგ მცირეღა შემორჩა და  წითელ ნუსხაშია შეტანილი. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე, სოფელ დიდვაკეში ორი ძირი უთხოვარია, ერთერთის საშუალო ასაკი 2000- 3000 წელია. 

საქართველოში უთხოვრის ხეზე მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთერთი -   იესო ქრისტესთანაა დაკავშირებული, ამიტომ უთხოვარს “ღმერთის ხესაც” ეძახიან.  მეორე ლეგენდა კი  მისი  სახელწოდების წარმოშობას ასახავს – თამარ მეფეს სთხოვეს უთხოვრის ტყეში ჭრების ჩატარების ნებართვა. მან უპასუხა, “ამას ნუ მთხოვთო”, ამიტომაც უწოდეს ამ ხეს “უთხოვარი”.

უთხოვარი გამორჩეულია იმითაც, რომ ერთადერთი წიწვოვანი სახეობაა, რომლის ნაყოფიც არ არის გირჩი და თითქმის ყველა ქვეყნის წითელი წიგნის ნუსხაში  სათავეშია მოქცეული. 

გზისპირას თვალს მოგჭრის  გვირილების მასიურ მდელოებზე შეჭრილი მზის ოქროსფერი  სხივები

აქედან 5 კილომეტრში  მდებარეობს ხეობის ბოლო სოფელი ხინო - ერთადერთი  მოსახლით, მონასტრითა და უძველესი ეკლესიის ნანგრევებით. გადმოცემის თანახმად, სახელი “ხინო” თამარ მეფეს უკავშირდება.  ერთხელ თამარს ამ სოფელში მოულხენია და სახელი “ხინო” (ლხინი, ლხენა) აქედან დამკვიდრებულა 

ხინოწმინდის ეკლესია თავისი მშენებლობის ტექნიკითა და ქვის წყობით  VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ისტორიული ცნობებით,  1860-იან წლებში მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი გადარჩა, საბოლოოდ კი 1919 წელს დაანგრიეს 

ახლა ტაძრის  აღდგენაზე  ბერები მუშაობენ. ისინი  აქვე,  მონასტერში ცხოვრობენ.  ბერებთან ბინადრობს  ორ კეთილი კავკასიური ნაგაზი - ლომა და თეთრა, რომელთაც სტუმარი განსაკუთრებით უყვართ

ტბიყელი

ეკლესიის ნანგრევებიდან  ეკომარშრუტის კულმინაციამდე 12 კილომეტრი გრჩება.  ღრმად ისუნთქე,  ზღვის დონიდან 2,000 მეტრის სიმაღლეზე ადიხარ.  და რას ხედავ?   მთებს შორის მოქცეული   ტბიყელი   დანახვისთანავე ჯერ მისი ოვალური ფორმით, შემდეგ კი   სარკესავით კრიალა ზედაპირით გაჯადოებს

ბუნებრივია, კინტრიშის დაცული ლანდშაფტის  განუმეორებელი ხიბლი შეგიძლია ამ ბლოგის წაკითხვის დროსაც შეიგრძნო, თუმცა საკუთარი  გულისცემის ხმას მხოლოდ ამ  უკიდეგანოდ მრავალფეროვანი ბუნების ნახვისა და შეხებისას გაიგონებ. მერე იტყვი, რომ დედამიწის უძველესი ტყეები საქართველოში გინახავს და ამ უჩვეულო სანახაობას ჩემსავით სხვებსაც გაუზიარებ. 

თეგები: