სიახლეები - GoBatumi
ხაჭაპურის დაგემოვნების შემდეგ, ჰენრი ფორდს  ახალი იდეა გაუჩნდა…

ხაჭაპურის დაგემოვნების შემდეგ, ჰენრი ფორდს ახალი იდეა გაუჩნდა…

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში, ამერიკაში,  ყველაზე ცნობილი საავტომობილო მარკა „ფორდი“ გახდა....ამავე პერიოდში ბათუმის ქუჩებში პირველად ეს მანქანა მოდერნის სტილის სამსართულიან სახლთან გაჩერდა, რომელიც განსაკუთრებული მხატვრული გამომსახველობით გამოირჩეოდა. სახლისა და მანქანის მეპატრონე წარმოშობით ბერძენი მეწარმე, ლაზარ ბინიატიდი იგივე ბინიათოღლი იყო. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული აჭარაში თამბაქოს კულტურის გაშენება და პოპულარიზაცია.

მაზნიაშვილის და ფარნავაზ მეფის ქუჩების კვეთას დღემდე ამშვენებს აღნიშნული შენობა და შესაძლოა იმაზე მეტად აღაფრთოვანებს მნახველს, ვიდრე საუკუნეზე მეტი ხნის წინ, რადგან დროს და მოდას,  ჩვენდა გასაოცრად, სამაგალითოდ გაუძლო. 

სიმართლე გითხრათ, ვერ დავიწყებ აღნიშნული ბლოგის სათაურის სიზუსტის მტკიცებას და  არავინ იცის ჰენრი ფორდის რჩევა მემკვიდრეების მისამართით, სამანქანო ბიზნესში კრახის შემთხვევაში გადაენაცვლათ გასტრონომიაში იყო თუ არა შთაგონებული ხაჭაპურის დაგემოვნების შედეგად, მაგრამ თქვენ მარტივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ და საკუთარ იდეებს დააკვირდეთ ხაჭაპურის მირთმევის შემდეგ, თან თუ ცომგამოცლილს შეუკვეთავთ, წონის მცირედი მატებაც კი არ გემუქრებათ. 

ბათუმში დასვენებას როდესაც გადაწყვეტთ, აუცილებლად გამოიყენებთ  ინტერნეტ საძიებო სისტემებს,  რომლებიც  მრავლად მოგაწვდით ინფორმაციას ნობელის, როტშილდის, შელის და ბევრი მსოფლიო მნიშვნელობის კომპანიათა  ჩვენს ქალაქში მოღვაწეობის შესახებ.

ამდენად, თამამად ახალი იდეებისაკენ! ოღონდ ერთი უტყუარი პირობით,  აქ მოფიქრებულ კომპანიას, სადაც არ უნდა დაარეგისტრიროთ, ის „ხაჭაპური“ უნდა დაარქვათ.

თეგები: