სიახლეები - GoBatumi
მახუნცეთი - საუკეთესო მცირებიუჯეტიანი  საპიკნიკე ადგილი

მახუნცეთი - საუკეთესო მცირებიუჯეტიანი საპიკნიკე ადგილი

რა თქმა უნდა,  შენ ირჩევ რა დაგრჩეს აჭარაში  მოგზაურობისგან - რუჯი,  გართობის მოგონებები თუ ველურ ბუნებაში დასვენების სიამოვნება. თუ ამ უკანასკნელის მოყვარული ხარ  და არც იქ ყოფილხარ, რომელ ადგილზეც ახლა უნდა მოგიყვე,  მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.

რატომ ქედა და რატომ ახლა?

პირველ რიგში, უნდა იცოდე,  რომ ზაფხული ფანტასტიური პერიოდია ქალაქგარეთ გასეირნებისთვის და ამ სურვილის დაკმაყოფილებას   განსაკუთრებული ძალისხმევაც არ სჭირდება. და რატომ არ უნდა შეიტანო მრავალფეროვნება შენს მოგზაურობაში და რატომ არ უნდა მოიწყო სასიამოვნო დღე მომაჯადოებელ სოფელში, სულ რაღაც 40 წუთის სავალზე? ბათუმის ევროპის მოედნიდან  მახუნცეთამდე მანძილი 33 კილომეტრია.

აქვე გუგლის გზამკვლევი            

რითი  წახვიდე?

ავტოსადგურიდან  მიკროავტობუსით მგზავრობა  2 ლარი დაგიჯდება. ტრანსპორტი მახუნცეთის მიმართულებით ყოველ ნახევარ საათში  გადის. ასევე შეგიძლია შუახევისა და ხულოსკენ მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს გაყვე

რა გელოდება და როგორ გაგრილდე?

არ დაგავიწყდეს საცურაო კოსტუმი და ბანაობისთვის აუცილებელი სხვა ატრიბუტები - იქ დაგხვდება მდინარე აჭარისწყლის საცურაო არეალი ქვიშის სანაპიროთი, კლდეებითა და ისტორიული ხიდით, რომელზეც ქვემოთ მოგიყვები. გაითვალისწინე,  წყლის ტემპერატურა შუადღის შემდეგ მატულობს  და ამ დროს  ბანაობა გაცილებით სასიამოვნოა. ისე ამ პერიოდში წყალი  23 გრადუსამდე თბება

 

თუ ბანაობით გაგრილება  არ გინდა, შეგიძლია გაისერნო ნავით,  მდინარეში ტივით შეცურო ან ჯომარდობით დაკავდე. ნავით გასეირნების ღირებულება 1 ადამიანისთვის 1 ლარია

თუკი ორიგინალური მოგონებები გინდა დაგრჩეს, მდინარეზე ტივით გაისეირნე.  ტივზე  15 ადამიანი თავსდება  და ზედ სუფრაც იშლება.   ეს სერვისი წინასწარ უნდა დაჯავშნო. აქვე ნომერი 558 33 66 95 - თემური  

თუ ექსტრემალური შეგრძნებები გიზიდავს, ჯომარდობით დაკავდი. მდინარის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 30 ლარია. გასაბერ ნავში ერთდროულად 6 ადამიანი მოთავსდებით, მათ შორის ინსტრუქტორები თქვენი უსაფრთხოების დასაცავად.  სერვისი გათვლილია ბავშვებზეც

რა უნდა ნახო აუცილებლად?

ქვის თაღოვანი  ხიდი, რომელიც ფერწერულ ტილოს მოგაგონებს და, რომელიც ლეგენდის თანახმად,  მე-12 საუკუნეში მდინარის გაღმა ნაპირის გამოღმასთან დასაკავშირებლად აშენდა.  სახელი „თამარის ხიდი“ კი  ლეგენდის თანახმად,  თამარ მეფეს უკავშირდება. თამარი საქართველოს 800-900 წლის წინ მართავდა და ამბობენ, რომ მახუნცეთის ხიდი სწორედ მაშინ აშენდა.  ხიდის სიგრძე 28 მეტრია და მისი შარმი  კონსტრუქციის თავისებურებაშია

დამალული მარგალიტი

თუ ჯერ არ მოგშივდა და ტელეფონში ფოტოებისთვის საკმარისი ადგილი დაგრჩა - საავტომობილო გზა გადაკვეთე, ფეხით 5 წუთიც გაიარე და კლდეების სიღრმეში ჩამალული მახუნცეთის ჩანჩქერი ნახე. იმ წამსვე მიხვდები, რომ აქ მოსვლა ღირდა და  სოფლის კულისებში დაფარული სილამაზე ამ დღის  შთაგონებაც გახდება

                                                  

 36 მეტრი სიმაღლიდან დაშვებული წყლის ნაკადი და ჰაერში გაფანტული შხეფები მომაჯადოებელ დინამიკას  ქმნის.  აქვე გირჩევ გადაიღო ფოტო wallpaper-ისთვის, რასაც მთელი წელი შეხედავ

ეს ჩანჩქერი ისეთი პოპულარული მოგზაურის ინსტაგრამ  გვერდზე მოხვედრილა,  როგორიცაა @kyrenian

სად ისადილო?

სანახაობა ისე გაგართობს, რომ ნიავს გამოყოლილი მწვადის სუნი თუ შეგახსენებს, რომ მოგშივდა. აქვე გადაწყვიტე - საპიკნიკე ადგილს  მიაშურებ  თუ  მდინარის პირას რესტორნის ტერასაზე გადაინაცვლებ

               

 რა დაგიჯდება?

მახუნცეთში ხედებთან ერთად დაბალი ფასებიც გაგაოცებს. მაინც გირჩევ ადგილობრივი კერძები გასინჯო.  რამდენიმე მიზეზია: 1. დიდი შანსია აღმოაჩინო შენთვის ახალი და მხოლოდ  აქაური სამზარეულოსთვის დამახასიათებელი გემო;  2. შენს თვალწინ დაჭერილი მდინარის თევზი;  3. ქედის ცნობილი ღვინო -  საოჯახო მარანში დამზადებული ვარდისფერი ჩხავერი და თეთრი ცოლიკაური, ასევე  მუხის კასრში დაყენებული ჭაჭა

                                     

 4.  დაბალი ფასები  -  2 ადამიანისთვის განკუთვნილი ამ სადილის ღირებულებაა  32 ლარი ანუ 13 $ ანუ  11 ევროა

            

                   

რა შეიძინო?

უკან დაბრუნებისას აუცილებლად გაიყოლე ქედის ცნობილი თაფლი ან ტკბილეული - თითქმის ყველა ჯიშის ქართული ყურძნის ჩურჩხელა, ჩირი, ტყლაპი, ნაძვის კევი, მურაბა

და ბოლოს, ქედაში წასვლამდე  გაუზიარე ეს ბლოგი მეგობრებს. ხოლო იქ გადაღებულ ფოტოებზე, რომლებსაც ინსტაგრამზე გააზიარებ, აუცილებლად მონიშნე  @visitbatumi, #visitbatumi.  დიდი შანსია შენი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები ჯერ ბათუმის ოფიციალური ტურისტული გვერდის „სთორებში“  მოხვდეს და შემდეგ  სხვა მოგზაურების შთაგონებაც გახდეს.

 

 

Makhuntsestis Chancheqeri Waterfall, Georgia @visitbatumi #visitbatumi ??

A post shared by ALTUG GALIP (@kyrenian) on

თეგები: