სიახლეები - GoBatumi
სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაზე ცურვის გარდა

სერფინგი, დაივინგი და სხვა – როგორ დავისვენოთ აჭარაში ზღვაზე ცურვის გარდა

ბათუმის ხსენებაზე პირველად ზაფხული და ზღვის ლურჯ ტალღებში ცურვა გვახსენდება, თუმცა დგება დრო, როცა მზის გულზე გარუჯვა და ზღვის პირას უდარდელი დასვენებაც კი ბეზრდება ადამიანს. აჭარაში უამრავი რამაა - ბათუმშიც და ქალაქთან ახლოსაც, სადაც იდეალურად გაატარებთ შვებულებას მეგობრებთან ან ოჯახთან ერთად.

ზღვაზე ტალღებსმინებებისა და ცხელი, მოთენთილი დღეების შემდეგ აქტიური დასვენების დრო დგება. იცოდით, რომ ბათუმთან ახლოს ზღვაზე სერფინგი შეგიძლიათ? შეგიძლიათ ასევე დაივერებს დაუკავშირდეთ და დაათვალიეროთ შავი ზღვის წყალქვეშა სამყარო, რაპანებით მოფენილი კლდეები და საკუთარი ხელით აჭამოთ თევზებს წყალქვეშ.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კიდევ უამრავი რამაა, რაც ზღვაზე ბანაობის გარდა აჭარაში შეგიძლიათ აკეთოთ. რას იტყოდით მაგალითად ცაში პარაპლანით ფრენაზე კარგ ამინდში, ზღვის პირას? პარაგლაიდინგი სწორედ ესაა.

პარაგლაიდინგი

Xcaucasus - ეს არის ფეისბუქგვერდი, სადაც პარაპლანით ფრენის დაჯავშნა შეგიძლიათ აჭარაში, ბათუმთან ახლოს. ცაში ფრენა ინსტრუქტორთან, ან ინსტრუქტორის გარეშე 30, 40 წუთს გრძელდება. ამისთვის მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ფრენის მსურველი 20 კილოგრამზე მეტს უნდა იწონიდეს. ერთი ადამიანისთვის ფრენის საფასური 150 ლარია. ინსტრუქტორი მოგყვებათ იმ შემთხვევაში, თუ ფრენის ძალიან გეშინიათ ან პირველად მიფრინავთ და გირჩევნიათ უსაფრთხოდ იყოთ.

ისე კი ინსტრუქტორები ამბობენ, რომ მათთან პარაპლანით სარგებლობის მსურველების უმრავლესობა პირველად ცდის ცაში ფრენას და გაფრენამდე მცირე ინსტრუქტაჟიც საკმარისია უსაფრთხო აფრენა-დაშვებისთვის. მიიჩნევა, რომ პარაპლანით ზღვაზე ფრენა ყველაზე უსაფრთხოა სხვა ტიპის ადგილებში ფრენასთან შედარებით.

დაივინგი

ზღვაში ყვინთვა დაუვიწყარი რამაა. სრული სიჩუმე, თევზების გუნდები, რაპანებით მოფენილი კლდეები და ფსკერზე მოლივლივე წყალმცენარეები, მცურავი კიბორჩხალები. ბათუმის სიახლოვეს ზღვის ყველაზე სუფთა წყლებში ყოველწლიურად, როგორც გვეუბნებიან 200-ზე მეტი ტურისტი ინტერესდება დაივინგით.

ყვინთავენ 15 მეტრის სიღრმეზე სარფში, კვარიათსა და მწვანე კონცხზე. წყალში ყველაზე კარგი ხილვადობა ამ ადგილებიდან მწვანე კონცხზეა.

დაივინგი ზღვის წყლის ტემპერატურაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თუ წყალქვეშა სამყაროს ნახვა ახლოდან და საკუთარი თვალით გსურთ, დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაქვთ, მერე უკვე ცივა.

ადგილზე ჩაყვინთვისთვის საჭირო ყველა ინვენტარს გადმოგცემენ, დაივინგის საფასურში აღჭურვილობაც შედის. ჩაყვინთვის მსურველს საკმარისია მხოლოდ წყლის სათვალე ჰქონდეს საკუთარი.

ჩაყვინთვამდე გამოცდილი ინსტრუქტორები მცირეხნიან აუცილებელ წვრთნას გიტარებენ. თითო ინსტრუქტორს წყალქვეშ მხოლოდ ორი ადამიანი ჩაჰყავს.

სერფინგი

ნუ გეგონებათ, რომ სერფინგი აუცილებლად სახიფათო, ექსტრემალურ სრიალს ნიშნავს დიდ ტალღებსა და შტორმში. ჩვენც ასე გვეგონა, მაგრამ კვარიათში სერფინგით გატაცებულებმა გვითხრეს, რომ მშვიდ, უმოძრაო ზღვის ზედაპირზეც შეგიძლიათ სრიალი სერფინგის დაფებით.

კვარიათში სწორედ ასეთი, სამოყვარულო სერფინგით შეგიძლიათ გაერთოთ. ინსტრუქტორები ადგილზევე უხსნიან ახალბედებს ზღვის ზედაპირზე სრიალის ელემენტარულ წესებს, რაც არც ისე რთული ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით სპორტული არხების ყურებისას გვგონია ხოლმე.
ერთი საათით სერფინგის დაფების დაქირავება კვარიათში 10, 25 ლარი ღირს, გააჩნია დაფების სიდიდესა და წონას.

ჯომარდობა

ჯომარდობის მოყვარულები სოფელ მახუნცეთიდან ეშვებიან აჭარისწყალზე. ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა თუ ექსტრემალური პირობები და აქაფებულ მდინარეში სწრაფი ცურვა დიდი ნავებით არ შეგაშინებთ.

მოჯომარდეებს აქვთ არჩევანი იცურონ ნავით 4 ან 6 კილომეტრი. 4 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა 120 ლარი ღირს, 6 კილომეტრის გაცურვისას გუნდს 160 ლარის გადახდა მოუწევს.

ნავში 4-6 კაცი ეტევა.

მომსახურებაში შედის ნავი, აღჭურვილობა, ჟილეტები, ნიჩბები, ჰიდროტომრები და ინსტრუქტორის გაყოლა.

4 კილომეტრიანი მარშრუტის გავლას 35, 40 წუთი სჭირდება. 6 კილომეტრიანი მარშრუტის დაფარვას დაახლოებით 50 წუთს მოანდომებთ.

ჯომარდობა აჭარისწყალზე წლის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თუ ძალიან ადიდებული და საფრთხისშემცველი არაა მდინარე.

ზიპლაინი

ზიპლაინზე ალბათ გეცოდინებათ, მაგრამ გეტყვით, რომ მტირალას ცნობილი ზიპლაინის გარდა აჭარაში კიდევ არაერთია ასეთი, კერძოდ ქედაში, ჩაქვისთავსა და მახუნცეთში. ზიპლაინით შეგიძლიათ ასევე ვენახის ზვარსაც გადაუფრინოთ სოფელ პირველ მაისში ღვინის ერთ-ერთ მარანს.

ზიპლაინებს ძირითადად ტყეებსა და დაბურულ ადგილებში აწყობენ, საშუალება რომ გქონდეთ მწვანე საფარს ზემოდან გადაუფრინოთ და დატკბეთ ბუნების მშვენიერებით. მახუნცეთის ზიპლაინი მაგალითად ჩანჩქერთანვეა ახლოს. 112 მეტრის სიმაღლეზე გადაუფრენთ მახუნცეთის ხეობას ამ ზიპლაინით, რომლის სიგრძეც 550 მეტრია.

ჩაქვისთავის ზიპლაინი კი მტირალას ვიზიტორთა ცენტრიდან 30 მეტრშია. ეს ზიპლაინი მდინარეებიან ტყეშია მოწყობილი, 470 მეტრი სიგრძისაა.

ინსტრუქტორები გვეუბნებიან, რომ თუ თავსხმა წვიმა არ არის, ზიპლაინით ნებისმიერ ამინდში სრიალებენ მსურველები.

კარტინგი

 თუ ექსტრემალური გართობა გიტაცებთ და ავტომობილის მართვაც იცით, კარტინგი, იგივე სპორტული რბოლა მოგეწონებათ.

კარტინგის კარტოდრომი ბათუმში ბულვარის ბოლოსაა მოწყობილი, ავტოდრომზე. ეს არის დაცული, შემოსაზღვრული დიდი ტერიტორია, სადაც სპორტული მანქანებით დაქრიან დიდებიც და პატარებიც. უსაფრთხოება ჩაფხუტებითა და აღჭურვილობით მაქსიმალურადაა დაცული.

ბავშვებს სპორტული მანქანებით რბოლას აქ 10 წლიდან ასწავლიან.

ბათუმში კარტინგის სერვისით სარგებლობისას საფასურში სპორტული მანქანის დაქირავება და ჩაფხუტი შედის.

ბათუმის საცხენოსნო კლუბი

მხედრები ამბობენ, რომ ცხენით უბრალოდ სეირნობა ან ჯირითი ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ადამიანზე დადებითად მოქმედებს და განწყობის ცვლილებაში გვეხმარება.

ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე 253 ნომერში მდებარე საცხენოსნო კლუბში დადიან როგორც ზრდასრულები, ასევე ბავშვები და მოზარდებიც. ცხენით ჯირითი ან გასეირნება ნახევარი საათით აქ 30 ლარი ღირს.

აქ ხშირად ნახავთ ბავშვებს, რომლებიც კვიცებს საკუთარი ხელით კვებავენ შაქრის ნატეხებით, სტაფილოთი და ფაფარზე ეფერებიან. ბავშვების ეს განმტვირთველი კონტაქტი საცხენოსნო კლუბში სრულიად უფასოა პატარებისთვის.

საცხენოსნო კლუბის ერთთვიანი აბონემენტი 200 ლარი ღირს, ასე ცხენოსნობის 10, 12 გაკვეთილს გაივლით.

გამოცდილი მხედრები გვეუბნებიან, რომ ცხენით ნახევარსაათიანი ჯირითი სრულიად საკმარისია, რადგან ამ დროს ადამიანი საკმაოდ ბევრ ენერგიას ხარჯავს.

ბათუმის საცხენოსნო კლუბში ამერიკული, ინგლისური, თურქული და ქართული ჯიშის ცხენები ჰყავთ.

თუ ჯირითისა და სეირნობის დროს გადაღება გსურთ ფოტოსესიასაც შემოგთავაზებენ. შესაძლებელია საცხენოსნო კლუბის ცხენების დაქირავება ასევე ლაშქრობებისთვის სხვადასხვა ადგილას.

აჭარა, ბათუმი არ არის მარტო ზღვა, არც მხოლოდ ზაფხულია ის დრო, როცა ამ რეგიონში კარგად იგრძნობ თავს. ბოლოს და ბოლოს ერთხელ მაინც ყველას უნდება ცოტათი გადაუხვიოს ზღვაზე დასვენების ჩვევას და ერთხელ მაინც სცადოს ცაში ფრენა, ცხენით ჯირითი, სწრაფი რბოლა ან ზიპლაინით ტყეების გადასერვა. სცადეთ თქვენც.

თეგები: