სიახლეები - GoBatumi
აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს, ბათუმის ბულვარში საშუალება ჰქონდათ  სხვადასხვა კულტურულ პროგრამას დასწრებოდნენ. ფრანების შოუ, ჯაზ ბიგ ბენდის კონცერტი, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, ავიაშოუ, ლათინო-ამერიკული ცეკვების შოუ და ულამაზესი საბალეტო წარმოდგენა ბათუმის ბულვარში საზაფხულო თეატრთან და ანბანის კოშკთან მიმდინარეობდა. სპეციალურად სეზონის გახსნისთვის აჭარაში მოქმედი ყველა სახელმწიფო მუზეუმი, განახლებული პეტრა და გონიოს ციხე ვიზიტორებს უფასოდ მასპინძლობდა. თოჯინებისა და ბათუმის დრამატულმა თეატრებმა კი სტუმრებს უფასო სპეკტაკლები „მერი პოპინსი“ და „ჰელადოს“  შესთავაზეს. 

წელს, ზღვაზე დასვენებასთან ერთად ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს რეგიონი სტუმრებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა-შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. 

„ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გავხსენით, თუმცა რეგიონს უცხოელი ვიზიტორები უკვე აპრილის თვიდან სტუმრობენ. ბათუმის მიმართულებით ფრენები ხორციელდება ისრაელიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, რასაც მალე არაბეთის გაერთიანებული საემიროების, სომხეთის, პოლონეთისა და პალტიისპირეთის მიმართულებებიც შემოუერთდება. სეზონის გახსნით, ვიზიტორებს ვეუბნებით, რომ რეგიონი მზადაა უსაფრთხო გარემოში უმასპინძლოს მათ, რაშიც ჩვენთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია კერძო სექტორს. სეზონის წინ ჩვენ კიდევ ერთხელ შვხვდით მათ და მოვუწოდეთ უსაფრთხოების ნორმებისა და კოვიდრეგულაციების დაცვისკენ. შესაბამისად, ვიმედოვნებთ რომ ჩვენი  პოზიტიური მოლოდინები გამართლდება და ზაფხულის ტურისტული სეზონი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ. 

თეგები: