10 მიზეზი - GoBatumi
ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმი

ეწვიეთ დელფინების დაუვიწყარ წარმოდგენას, რომელიც ბათუმის დელფინარიუმში იმართება. 1975 წელს შექმნილი ეს ობიექტი მსოფლიოს უდიდეს დელფინარიუმებს განეკუთვნებოდა. სწორედ ამ ობიექტის უსაზღვრო პოპულარობამ განაპირობა დელფინის ქალაქის სიმბოლოდ დამკვიდრება. დღევანდელი დელფინარიუმი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინის შენობას, ზღვის ცხოველების ხელოვნურ პირობებში შენახვის უახლესი შესაძლებლობებითა და საოცარი წარმოდგენებით. დელფინარიუმის ამფითეატრი 887 მაყურებელზეა გათვლილი. ინფრასტრუქტურაში შედის სპეციალური საჭიროების მქონე პირთა  მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით.

დელფინების სადემონსტრაციო პროგრამა შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობაა, რომელიც ნებისმიერ ამინდში იმართება. ქართულ და ინგლისურენოვან სანახაობაში რვა დელფინი მონაწილეობს – მაყურებლის პოზიტიური განწყობის შექმნაზე ზრუნავენ ნინი, ბელუჩი, ზორო, მარკო, ბათუ, ლოლა, ციცი და მისი ქალიშვილი ოლიმპია. წარმოდგენილია 30-მდე ნომერი, სხვადასხვა ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი, დაუვიწყარი Foot Push-ი და სხვა შთამბეჭდავი მონაკვეთი. 

კონკრეტული პერიოდისთვის, დაგეგმილი შოუს გრაფიკს გაეცნობით ბმულზე: www.dolphinarium.ge

ონლაინ ბილეთები: tickets.dolphinarium.ge/