კატალოგი - GoBatumi
მტირალას ეროვნული პარკი
  • პარკის საერთო ტერიტორია: 15 698.8 ჰა
  • მარშრუტის ტიპი: საავტომობილო-საფეხმავლო
  • მანძილი ბათუმიდან: 25 კმ 
  • მანძილი ჩაქვიდან: 15 კმ 
  • გზის საფარი: ასფალტირებული / გრუნტოვანი
  • მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან: 1250 მ
  • ფიჭური ქსელის  დაფარვის ზონა: ნაწილობრივი

 

მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტი იწყება დაბა ჩაქვის ცენტრიდან.  მდინარე ჩაქვისთავის ხიდთან შეგხვდებათ მანიშნებელი, სადაც გადაუხვევთ სოფელ ხალას მიმართულებით. გზაზე ვიზიტორთა ცენტრამდე შეგხვდებათ არაერთი საპიკნიკე, საბანაო და სხვადასვა კვების ობიექტები. 15 კმ-ს გაივლით დაბა ჩაქვიდან სოფელ ჩაქვისთავამდე, სადაც ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი მდებარეობს. სანამ ლაშქრობას დაიწყებთ ვიზიტორთა ცენტრში შეგიძლიათ შეისვენოთ, დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, საჭიროების შემთხვევაში აიყვანოთ გიდი ან იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა.

პარკში არის ორი სხვადასხვა სირთულის ტურისტული ბილიკი:

ბილიკი №1 „წაბლნარი“
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო
პერიოდი: მაისი - ოქტომბერი
წრიული ბილიკის სიგრძე - 7კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან - 260 - 445 მეტრი 
სირთულე - 
მარტივი\

 

წაბლნარის წრიული ბილიკი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ხეობას. ბილიკის დასაწყისში გვხვდება მექანიკური საბაგირო, რომლის საშუალებითაც გადახვალთ მდინარის მეორე ნაპირზე და განაგრძობთ გზას ჩანჩქერის მიმართულებით. მარშრუტის ამ მონაკვეთზე უხვად შეგხვდებათ როდოდენდრონის ბუჩქები, რომლის ყვავილობაც ულამაზესი სანახაობაა. 1,5 კმ-ის გავლის შემდეგ გვხვდება ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემალური გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დაეშვან ხეებზე გაბმულ ბაგირებზე. ზიპ-ლაინიდან რამოდენიმე მეტრში გზა იყოფა ორი მიმართულებით: თუ მხოლოდ ტბასთან აპირებთ მოხვედრა შეუხვევთ მარცხნივ, ხოლო  თუ ჩანჩქერის მონახულებაც გსურთ გზას გააგრძელებთ მარჯვნივ და 1,5 კმ-ს გავლის შემდეგ მოხვდებით ჩანჩქეთან, რომლის სიმაღლეც 15 მეტრს აღემატება. უკან დაბრუნებისას, ჩანჩქერიდან ერთ კილომეტის გავლის შემდეგ მოხვდებით ტბასთან, სადაც მოწყობილია საპიკნიკე ადგილი შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აქ შეძლებთ მოაწყოთ პიკნიკი ველურ ბუნებაში, დაანთოთ ცეცხლი და იბანაოთ ტბაში.

 

ბილიკი №2 ცივწყარო
მარშრუტის ტიპი - საფეხმავლო 
ხანგრძლივობა - 2 დღე
პერიოდი  ივნისი - სექტემბერი
წრიული მარშრუტის სიგრძე - 16 კმ
სიმაღლე  ზღვის დონიდან - 260-1250 მეტრი 

სირთულე- საშუალო

ცივწყაროს ბილიკი წაბლნარის ბილიკთან შედარებით უფრო რთულია და განკუთვნილია ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულთათვის. ორდღიანი მარშრუტი იწყება ვიზიტორთა ცენტრიდან და სრულდება ზღვის დონიდან 1,250 მ-ზე. ბილიკის დასაწყისში გაივლით კოლხური ტიპის ფართოფოთლოვან შერეული ტყეს. გარდა მრავალფეროვანი მცენარეული საფარისა, ბილიკზე შესაძლებელია მურა დათვის, შველის, კვერნის, მაჩვის, არჩვისა და სხვა ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა ნაკვალევის ნახვა.

მარშრუტის გავლისას გზად გვხვდება ბუნებრივი წყაროები. ბილიკის მე-9 კმ-ზე ვიზიტორებისათვის მოწყობილია 8 ადგილიანი ტურისტული თავშესაფარი. აქვეა ცეცხლის დასანთები და საპიკნიკე ადგილები. ბილიკის ბოლო ნაწილში ტყის 70% წიფლნარია. რეკომედებულია მარშრუტზე რეინჯერთან ან გიდთან ერთად მოგზაურობა.

ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მტირალას ეროვნული პარკის მიმართულებით სისტემატიურ რეჟიმში არ მოძრაობს, ამიტომ გთავაზობთ ეროვნულ პარკში ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტებს:

სამარშრუტო ტაქსი
მიმართულება: ბათუმი - ჩაქვისთავი (მტირალას ვიზიტორთა ცენტრი)
სიხშირე: ორშაბათი, პარასკევი. ხანგრძლივობა : 45 წთ საფასური: ბათუმიდან - 3 ლარი, ჩაქვიდან 2 ლარი გასვლის ადგილი: ბათუმის ავტოსადგური.
გასვლის დრო: 08:00 /17:50
დაბრუნების დრო: 09:30 / 19:00

მიმართულება: ბათუმი - ხალა (მტირალას ვიზიტორტა ცენტრამდე 7 კმ)
სიხშირე: ყოველდღე. მგზავრობის ფასი: 1ლარი
გასვლის დრო: 08:30;11:30;14:30;17:50
დაბრუნების დრო: 09:20; 12:20; 15:20; 18:30

შესაძლებელია აგრეთვე  წასვლა  ბათუმიდან (კათოლიკური ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან) ჩაქვამდე ქობულეთის სამარშრუტო ტაქსით (ფასი: 1 ლარი). ხოლო ჩაქვიდან გზას გააგრძელებთ ტაქსით მტირალას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრამდე (ფასი: მხოლოდ აყვანა 20-30 ლარი. აყვანა, დალოდება და ჩამოყვანა 50-60 ლარი)

პარკში მოხვედრის ყველაზე მარტივი მეთოდია ტაქსით (80-100 ლ) მგზავრობა ან ორგანიზებული ტურით. ტურისტული სააგენტოების საკონტაქტო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ან ვებგვერის www.gobatumi.com მეშვეობით.

 

ზოგადი რჩევები და რეკომენდაციები

  • მოგზაურობის დაწყებამდე დაუკავშირდით ეროვნული პარკის ადმინისტრაციას, წინასწარ დააზუსტეთ პარკში მოგზაურობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი;
  • იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ცუდი ორიენტაციის უნარი შეიძლება ადვილად დაიკარგოთ ტყეში, ამიტომ აუცილებლად გაიყოლეთ გიდი;
  • არ დაგავიწყდეთ ნარჩენებისთვის პოლიეთილენის პარკის წაღება, რადგან პარკის ტერიტორიაზე არ არის ნაგვის ურნები;
  • ჩაიცვით სპორტულად და კომფორტულად: სქელძირიანი, დახურული საველე ფეხსაცმელი, კეპი და საწვიმარი ლაბადა;
  • მზიან ამინდში თან იქონიეთ საცურაო კოსტუმი;
  • წაიღეთ მცირე ზომის პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა.

 

მტირალას ეროვნული პარკის სერვისებთან და მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ეროვნული პარკების ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.nationalparks.ge

ტელ: +995577101889

თეგები:

მტირალას ეროვნული პარკი

სანახაობა და კულტურა
დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #13
0 32 275 23 53
info@apa.gov.ge