10 მიზეზი - GoBatumi
ბათუმი

ბათუმი

აჭარის მთავარი ქალაქი – ბათუმი 2012 წელს ამერიკის მასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა, Forbes-მა კი თავის რეიტინგში „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი საუკეთესო კურორტების ხუთეულში შეიყვანა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბათუმს მხოლოდ „ხავერდოვან სეზონზე“ უნდა ესტუმროთ. აქ წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ საქმიანად თუ უბრალოდ დასასვენებლად, რადგან ბათუმი თქვენ მოსაფერებლად ყოველთვის მზადაა. მას შეუძლია ყველაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებსაც უმასპინძლოს და სასიამოვნოდ გაატაროთ ოჯახური „ვიქენდები“.

მეტსაც გეტყვით, ბათუმი ყველა ამინდში სასურველი ქალაქია. წვიმიანი ბათუმი ცალკე რომანტიკაა – ჭრელი ქოლგები, მხიარული ადამიანები – მოკირწყლულ ქუჩებში, ქვიშაზე მოხარშული ყავის ოხშივარი, რომელიც მყუდრო კაფეებიდან გამოდის. ამ კაფეებამდე ფერად-ფერად კარებს მიყავხართ, ბათუმში ბევრი რომაა და მათი პოვნა, მათ ფონზე ფოტოს გადაღება ამ ქალაქის სტუმრებისთვის უკვე ტრადიციად რომ იქცა.

პიაცასთან, ძველ ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე აუცილებლად მოძებნეთ ისტორიული სახლი, რომლის აგურის ნიშაში სალამურიანი ბიჭუნაა მოკალათებული. ეს ქანდაკება ბათუმის ერთგვარ სიმბოლოდ მიიჩნევა და იმდენად პოპულარულია, რომ მის რამდენიმე თანამედროვე მოდიფიკაციას ბულვარის მთავარ შესასვლელთანაც ნახავთ. ალისა და ნინოს სკულპტურაც აუცილებლად ნახეთ – მეტალში განსახიერებული უჩვეულო პაემანი, რომელიც საოცარ ემოციებს აღვიძებს.

ასე დაიწყეთ და დარწმუნებული იყავით, სანახავი არ გამოგელევათ. ბათუმი ხომ თავისი ძველი და ახალი არქიტექტურით, უძველესი პორტით, ევროპული მოედნებით, მაღალი კლასის სასტუმროებითა და უამრავი სხვა ღირსშესანიშნაობით თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო სახე და კულტურული ცენტრია. აქამდე მოსვლასაც ადვილად შეძლებთ. ბათუმამდე მოგზაურობა მარტივადაა შესაძლებელი, როგორც საჰაერო და სახმელეთო, ასევე საზღვაო ტრანსპორტით, როგორც ევროპის, ისე – აზიის ქვეყნებიდან.

საკონფერენციო დარბაზებთან ერთად, სადაც საერთაშორისო დონის კონფერენციები იმართება, ბათუმი გთავაზობთ მრავალფეროვან გართობას: აკვაპარკს, საცხენოსნო კლუბს, პანორამულ ბორბალს, საზღვაო გასეირნებებს, ფლაიბორდს, დაივინგ-ცენტრს, პარაპლანს, ველოგასეირნებებს, კინოებს, კაზინოებს. აქ შეგიძლიათ დაესწროთ კლასიკური მუსიკისა და ჯაზის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალებს, რომელზეც უკვე არაერთმა მსოფლიო დონის ვარსკვლავმა გაიბრწყინა.

თუკი ბათუმში შემოდგომაზე მოხვდებით, ორი დიდი ღონისძიების – „ბათუმობისა“ და სოფლის ტურიზმის ფესტივალის, „განდაგანას“ ნახვას და მასში მონაწილეობასაც კი შეძლებთ. ამ დღესასწაულებზე ღია ცის ქვეშ ბაზრობები, კონცერტები, თეატრალიზებული სანახაობები და გამოფენები იმართება. „განდაგანა“ ერას მოედანზე, სპეციალურად მოწყობილ დეკორაციებში, აჭარის სოფლებს რომ წარმოადგენენ, აქაურ ჭირნახულსაც გაშლის და ირგვლივ მწიფე ხილის, კერძების, ღვინისა და ნუგბარის საოცარი სურნელი დატრიალდება. თქვენ მათ შეძენასაც შეძლებთ და კულინარიულ მასტერ-კლასებში მონაწილეობასაც, რაც ნამდვილად დაუვიწყარი გამოცდილება იქნება.

ბათუმი თქვენ წინაშე თეატრებისა და საგამოფენო დარბაზების კარებსაც ფართოდ გააღებს. სივრცეებს, სადაც შეგიძლიათ ბევრი იაროთ და იფიქროთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე, ბათუმი თავისი ენერგეტიკით ერთი დიდი ბათუმური ეზოა, ეზო რომელიც ბედნიერია!

აი, ასეთია ბათუმი ქალაქი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ საუკეთესო მოგონებად რჩება

 

 

 

თეგები: