ბათუმმა კიდევ ერთ „Street Art Festival”-ს უმასპინძლა. ფესტვალის ფარგლებში ქალაქს ახალი ნამუშევრები შეემატა, რომლებმაც რამდენიმე დღეში ქალაქის მცხოვრებლებსა და ტურისტებს შორის პოპულარობა მოიპოვა. 30-მდე ფრანგმა, ირანელმა და ადგილობრივმა მხატვარმა თავიანთი შემოქმედება ანბანის კოშკის, ბაქოს ქუჩისა და ძველი ბათუმის ტერიტორიაზე კედლებზე გადაიტანეს. საერთო ჯამში, ქალაქის ტერიტორიაზე 600 მ2 ტერიტორია მოიხატა.
„Street Art Festival” ბათუმში წლებია განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისიტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში მის ფარგლებში ქალაქს არაერთი თვალსაჩინო ნამუშევარი შეემატა. მათ შორის სთრით არტ კომპოზიციები, რომელიც 2014 წელს პარიზში მოქმედი გალერეის - “L’attrape Reve“ - 18-მა ფრანგმა და 6 ქართველმა ხელოვანმა, ხოლო 2015 წელს ავსტრიელმა და ქართველმა მხატვრებმა განახორციელეს. 2016 წელს, სტრიტ არტ არეალის გაფართოების მიზნით მოცულობითი ნამუშევრები შეიქმნა აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე მასში მონაწილეობას ყოველწლიურად რამდენიმე უცხოელი არტისტი ღებულობს.