სიახლეები - GoBatumi
„მაგნოლია 2018“-ზე საუკეთესო სასტუმროები დ რესტორანი დაჯილდოვდა

„მაგნოლია 2018“-ზე საუკეთესო სასტუმროები დ რესტორანი დაჯილდოვდა

აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოავლინეს. „მაგნოლია 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შერატონ ბათუმმა საუკეთესო ბრენდული სასტუმროს, რესტორანმა თავადურმა საუკეთესო რესტორნის, კოლიზეუმ მარინამ კი საუკეთესო ქართული სასტუმროს ტიტულები მოიპოვეს.

ჯამში, ღონისძიებაზე 9 ნომინაცია იყო წარმოდგენილი, რომელთა გამარჯვებულებსაც ჯილდოები აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა გადასცეს. ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად სიტყვით გახსნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა, რომელმაც ტურიზმის დარგში განხორციელებული პროექტები შეაჯამა. მას გუნდთან ერთად ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სექტორის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ჯილდო მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა.

„აჭარაში ტურიზმი დინამიურად ვითარდება, რაზეც საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტული ობიექტების გაზრდილი რაოდენობაც მეტყველებს. წელს, 11 თვის მონაცემებით ჩვენ გვაქვს 16%-იანი მატება და 1,830, 888 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი რეგიონში. ბოლო ორი წელია დინამიურად იზრდება ბათუმის მიმართულებით საჰაერო ფრენებისა და ავიაკომპანიების რაოდენობაც. წელს, 2016 წელთან შედარებით ავიარეისების 50%-იანი ზრდა გვქონდა, რაც რეგიონის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაციასა და რეგიონში ვიზიტორების ზრდაზე მიუთითებს. 2019 წლისთვის, ბათუმი Airbnb-ის 19 საუკეთესო ახალ ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელდა, რაც ჩვენი ქალაქის ცნობადობისა და იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება პროექტებს, ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტებიდან გამოვყოფდი „ტურიზმის განვითარების სკოლა“-ს, რომლის ფარგლებშიც რეგიონში 2700-ზე მეტი ტურიზმის დარგში დასაქმებული გადავამზადეთ და საბოლოო, ჯამში ვიმედოვნებთ, რომ ეს ყოველივე სერვისზეც აისახება, რის შედეგადაც რეგიონს ბევრი კმაყოფილი ტურისტი ეყოლება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა ღონისძიებაზე.  

„მაგნოლია 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ტურისტებისა და ტურიზმის სექტორის რჩეულები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

  • საუკეთესო ტურისტული მარშრუტი ან ტურისტული ადგილი- მაჭახელას ტურისტული მარშრუტი
  • საუკეთესო ღირსშესანიშნაობა - ბათუმის ბოტანიკური ბაღი
  • საუკეთესო მუზეუმი - ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
  • საუკეთესო ტურისტული კომპანია - „აჭარა ტური“
  • საუკეთესო რესტორანი - „თავადური“
  • საუკეთესო გიდი - სალომე ჩიკაშუა
  • საუკეთესო სასტუმრო სახლი სოფლად - შერვაშიძის მარანი
  • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - შერატონ ბათუმი
  • საუკეთესო ქართული სასტუმრო - კოლიზეუმ მარინა
     

გამარჯვებულები მომხმარებელთა ონლაინ  კვლევის, Trip Adviser-ის Booking. com-ისა და Facebook.com-ის შეფასებების, ასევე რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში ტურისტების, ტურისტული სააგენტოების, გიდების, განთავსებისა და კვების ობიექტების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ.

ღონისძიებაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 22-მდე ორგანიზაციასა და კომპანიას ტურიზმის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე დეპარტამენტთან თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.

საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება. მას ტურიზმის სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების, დიპლომატიური კორპუსის, მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეგები: