ყოველი წლის სექტემბერში აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა გასვლითი ლექციები და პრეზენტაციები მოწვეული და ქართველი სპეციალისტების მიერ, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე - ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ნაციონალურ პარკი.
ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად ქცეული ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება.
აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც აჭარა ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალი რეგიონში 2012 წლიდან ტარდება და ის ხელს უწყობს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას და გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა კონსერვაციას.
ფესტივალი აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.