კატალოგი - GoBatumi
პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე
პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე პეტრას ციხე

პეტრას ციხე მრავალი ომის მომსწრეა. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“ მრავალჯერ ნახსენები ქაჯეთის ციხე სწორედ პეტრას ციხე-სიმაგრეა. ზღვის პირას, კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა პეტრას აკროპოლისი, რომელიც მიუვალ ციხედ ითვლებოდა. აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ – ქვა, კლდე. აქ დღემდეა შემორჩენილი ციხის, სასახლისა და ჯარისკაცთა საცხოვრებლის ნანგრევები, მათ შორის, VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრას საეპისკოპოსო კათედრალის ნაშთია და სხვა საინტერესო არტეფაქტები.

პეტრას ციხემ დიდი ხანია მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული-დღემდე, ამ ციხე-ქალაქის თავგადასავალი ისტორიკოსთა განხილვის საგანია. აქ რამდენიმე სადაზვერვო გათხრის შემდეგ აღმოაჩინეს მდიდარი სამარხი-ოქროს ჩარჩოში ჩასმული დიდი ბროლი, რომელიც ერმიტაჟში ინახება. გათხრებისას აღმოჩენილი განძის კვლევამ დაადგინა, რომ ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში პეტრას ციხე ერისთავის სარეზიდენციო პუნქტი ყოფილა.

ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ბიზანტიელებისთვისაც მიმზიდველი იყო. მათ მიერ დიდი ციხე-ქალაქის აგებამდე აქ ლაზთა მცირე სიმაგრე იყო, VI საუკუნეში, 535 წელს, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით, აშენდა ციხე, რომელსაც იმპერატორის პატივსაცემად „იუსტინიანეს ქალაქი“ უწოდეს. შუა საუკუნეებში პეტრას ქაჯის ციხეს უწოდებდნენ. ვენეციელი დესპანის, ამბროზიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის 70-იან წლებში აქ კიდევ ყოფილა პატარა ქალაქი, რომელსაც იგი დამახინჯებული ფორმით „კალტიხეას“, ქაჯეთის ციხეს, უწოდებს.

ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან – ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვერპლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთები, კერამიკული, ნუმიზმატიკური მასალა და სხვა. მრავალი ბრძოლის მომსწრე ციხის ნანგრევები ზღვის მხრიდანაც კარგად მოჩანს და ხავსმოკიდებული წარსულის ამბებზე დააფიქრებს მნახველს.

თეგები: