თუკი ისტორიული არტეფაქტები გაინტერესებთ, ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს უნდა ეწვიოთ, ადგილს, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სხვადასხვა ეპოქის კულტურული ძეგლებია თავმოყრილი. 2007 წელს მუზეუმში გაიხსნა მუდმივმოქმედი სამეცნიერო პოპულარული გამოფენა, რომელიც მხარის უძველეს ისტორიას ეპოქების მიხედვით გაგაცნობთ. 1998 წლიდან ბათუმის არქეოლოგიური და ოქსფორდის უნივერსიტეტის ეშმოლის მუზეუმების ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მუზეუმი ახალი ექსპონატებით გაამდიდრა.
მუზეუმში სტუმრობა არ სრულდება მხოლოდ ექსპონატების დათვალიერებით. არქეოლოგიით გატაცებული მოზარდები და ახალგაზრდები, აქ საინტერესო გამოცდილებასაც შეიძენენ. სპეციალურად მათთვის მუშაობს რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტი, მათ შორის: „სახალისო არქეოლოგია“, „სამკაულის ხელოვნება“, „იმოგზაურე წარსულში“, „მევენახეობა-მეღვინეობა აჭარაში“, „მძივის ისტორია“, „მეთუნეობა კოლხურ კულტურაში“ და სხვა. ახალგაზრდებისთვის სამუზეუმო სივრცეში მოწყობილია იმიტირებული არქეოლოგიური ველიც, სადაც მსურველს არქეოლოგიური სამუშაოს ყველა ეტაპის გავლა შეუძლია. აქვე ფუნქციონირებს სარესტავრაციო და ფოტო ლაბორატორიები, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, კერამიკული სტუდია-სახელოსნო და მაღაზია-სალონი.
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 ყოველდღე
შესვლის ღირებულება: 3 ლარი,
სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები: 0,50 თეთრი,
3 წლამდე ბავშვები: უფასოდ.
უბილეთოდ დაიშვებიან: სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნის მუზეუმის თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
გიდის მომსახურება:
1 – 10 კაცამდე - 5 ლარი
10-დან ზევით - 10-15 ლარი