ეს მოედანი საოცრებათა პარკთან ერთად თანამედროვე ბათუმის კიდევ ერთი გამოხატულებაა. აქ მდებარეობს იუსტიციის სახლი, რომელიც 2011 წლის 26 მაისს გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად. შენობის პროექტის ავტორია იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკკი. მოედნის შუაგულში ორიგინალური თანამედროვე სკულპტურა "როტაციაა" განლაგებული, რომლის ავტორი ბათუმის ერთ-ერთ სიმბოლოდ ქცეული ქანდაკების "ნინო და ალის" შემქმნელი თამარ კვესიტაძეა. ქართველმა მოქანდაკემ თავის ნამუშევარში "როტაცია" ადამიანის სახე წარმოადგინა, რომლის ემოციებიც სხვადასხვა განზომილებაში იცვლება. მინის დისკოზე მოძრავი მამაკაცისა და ქალის სკულპტურები ერთიანობას წარმოადგენს. მოედნიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში ბათუმის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობის - ფრანგული მუსიკალური შადრევნის ხილვაა შესაძლებელი, რომელიც 2009 წელს არდაგანის ტბაში იქნა დამონტაჟებული. საღამოს შადრევანი თეატრალურ ფარდას ემსგავსება და მასში საუცხოო ლაზერ შოუ აისახება. გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე არქიტექტურის ახალაშენებული სახლები, სასტუმროები და სხვადასხვა ქვეყნების სამზარეულოთი გამორჩეული რესტორნები მდებარეობს.