ევროპის მოედანზე დგას კოლხი მეფის ასულის, მედეას ქანდაკება. მისი ავტორი დავით ხმალაძეა. ქანდაკება ქვეყნის სიძლიერისა და სიმდიდრის სიმბოლოს წარმოადგენს. ანტიკური მითების მიხედვით, კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის უმცროსი ქალიშვილი არგონავტების წინამძღოლ იასონს გაუმიჯნურდა და საქართველოდან ოქროს საწმისის გატაცებაში დაეხმარა. მედეას, რომელიც სიღრმისეულად იცნობდა მცენარეების ბუნებას, მკურნალობის საოცარი ნიჭი ჰქონდა და, ლეგენდის მიხედვით, ადამიანის გაახალგაზრდავებაც შეეძლო. ამის გამო, ძველი ხალხები მას ქალღმერთადაც მიიჩნევდნენ და ტაძრებს უგებდნენ. მედეას სახელიდან იღებს სათავეს ტერმინი „მედიცინა“.