ბათუმში სეირნობისას ალბათ არაერთ ძველ შენობასთან შეჩერებულხართ და გიფიქრიათ – როდის აშენდა ეს სახლი? ვის ეკუთვნოდა? რა ამბებს ინახავს ძველი კედლები?
ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ბათუმის 5 ძველი სახლის შესახებ, რომელთაც ქალაქის ისტორია უკავშირდება.
ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე თეთრი სახლი დგას, ფასადზე გამოსახული ატლანტებით. ახლა ამ შენობაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს, საუკუნის წინ კი მთელი სახლი ერთი ოჯახის საკუთრება იყო.
შენობა, რომელიც დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოჩუქურთმებული ფასადის და დახვეწილი არქიტექტურის გამო, ოდესღაც ბათუმელი კომერსანტის, ნიკოლოზ საბაშვილის ოჯახის საკუთრება იყო.
XIX საუკუნის ბოლოს, როცა ნიკოლოზ საბაშვილმა [საბაევმა] ააშენა ეს სახლი, ახლანდელ მემედ აბაშიძის ქუჩას მარიას პროსპექტი ერქვა.
საბაშვილს ჩაის, ციტრუსის პლანტაციები ჰქონდა ჩაქვში და მაღაზიები – ბათუმში. იგი კათოლიკე იყო, ახალციხიდან ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გადმოსახლდა და ქალაქის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
ნიკოლოზ საბაშვილს დიდი წვლილი შეუტანია ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობაში, ხელს აწერდა ილიას გარდაცვალების გამო გამოგზავნილ ბათუმელთა სამძიმრის ტელეგრამას.
საბაშვილის სახლის ფასადის ატლანტებსა და ჩუქურთმებზე ქართველი სკულპტორი, სერაფიმე პოლოლიკაშვილი მუშაობდა. პოლოლიკაშვილი პარიზის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ერთხანს და ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ფასადის გაფორმებაშიც მიუღია მონაწილეობა უცხოელ ოსტატებთან ერთად.
ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ნიკოლოზ საბაშვილს ქონება ჩამოართვეს, მათ შორის ეს სახლიც.
მისი შვილიშვილი, ბეატრისა საბაშვილი მოგონებებში იხსენებს, რომ ბაბუა ნიკოლოზს, რომელიც მანამდე სულ ძვირფასი საჩუქრებით ჩადიოდა შვილიშვილებთან თბილისში, გაღარიბების შემდეგ პატარა ბეატრისასთვის კატის კნუტი ჩაუყვანია მოწნული კალათით.
ამ ამბების შემდეგ საუკუნე გავიდა, თუმცა დღესაც, ატლანტებიანი სახლის დანახვაზე არაერთი ბათუმელი ამბობს, რომ ეს საბაევის სახლია.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩის №33-ში ულამაზესი ორსართულიანი სახლი დგას, მრგვალი პარმაღით და აივნით.
ეს სახლი ცნობილ ბათუმელ ექიმს, ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისს ეკუთვნოდა, რომელიც წარმოშობით ბერძენი იყო. ტრიანდაფილიდისმა პარიზში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ასევე ექიმი ვერა კოტლიარევსკაია, რომელიც ბათუმელი იყო და საცხოვრებლად წყვილმა ბათუმი აარჩია.
ტრიანდაფილიდისს და მის მეუღლეს ბათუმში მალარიასთან ბრძოლა ჰქონდათ განზრახული. ექიმი სამეცნიერო ნაშრომებსაც აქვეყნებდა სხვადასხვა გამოცემაში.
1890-იან წლებში ბათუმში ქოლერა გავრცელებულა. ექიმი ტრიანდაფილიდისი და მისი მეუღლე, ვერა კოტლიარევსკაია ქალაქის განაპირას სპეციალურად დაავადებულებისთვის მოწყობილ ბარაკებში უსასყიდლოდ მკურნალობდნენ პაციენტებს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.
ქალაქის ცნობილი ექიმი 1902 წელს ბათუმის სათათბიროს ხმოსნადაც აირჩიეს.
ექიმ ტრიანდაფილიდისის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ავაზაკებმა ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, გაიტაცეს და ოჯახს მისი დახსნის სანაცვლოდ 30 000 მანეთი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც თანხა ვერ მიიღეს, ქალაქის ყველაზე ცნობილი ექიმი მოკლეს, მისი ცხედარი კი ქუჩაში დააგდეს.
საქმე ძალიან გახმაურდა. მაშინდელი პრესა ხშირად წერდა ამ ამბავზე. ექიმის მკვლელები დააკავეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.
ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი ნიკოლოზის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მის სახლს კი საბჭოთა წლებში ნაციონალიზაცია შეეხო.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო სამხრეთ კავკასიაში, ათობით ქვეყნის საკონსულო იყო გახსნილი. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოც.
საკონსულო რუსთაველის #7-ში მდებარეობდა. დღეს ამ შენობაზე მემორიალურ დაფასაც ნახავთ.
სხვადასხვა ცნობით, აშშ-ის საკონსულო ბათუმში უკვე მუშაობდა 1913 წელს.
საბჭოთა ოკუპაცია ბათუმის ყველა მნიშვნელოვან შენობას შეეხო, მათ შორის აშშ-ის საკონსულოსაც. შენობაში, სადაც ოდესღაც ამერიკის კონსული იჯდა, უშიშროების სამსახური, „ჩეკა“ მუშაობდა.
დიდი ტერორის დროს ბათუმში ამ შენობას შიშით უქცევდნენ გვერდს. აქ წყდებოდა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საბჭოთა სისტემას „საზოგადოებისთვის მავნედ“ ეჩვენებოდა.
როცა შვედმა ძმებმა, რობერტ და ლუდვიგ ნობელებმა ნობელების სააქციო საზოგადოება დააფუძნეს, ბათუმში მრავალმა შვედმა მოიყარა თავი.
შვედეთის მთავრობის დადგენილებით და ნობელების ოჯახის ინიციატივით 1888 წელს შვედეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში დაეფუძნებინათ შვედეთის საკონსულო სამსახური.
ვიცე-საკონსულო 1888 წლის 27 სექტემბერს დაარსდა, მაშინდელი დონდუკოვ კორსაკოვის პირველ ნომერში, ახლანდელ დუმბაძის ქუჩაზე.
შვედეთის კონსულები ბათუმში სხვადასხვა დროს ნობელის სააქციო საზოგადოების წევრებიც იყვნენ.
შენობა, სადაც შვედეთის საკონსულო იყო განთავსებული დღემდე დგას და სასტუმროდაა გადაკეთებული.
ამ ადგილს ერთი კრიმინალური ისტორიაც უკავშირდება ბათუმის წარსულიდან.
1906 წლის 3 ოქტომბერს ორმა კაცმა ბათუმში საკონსულოსთან ახლოს ვიცე-კონსული გუსტავ აუგუსტ ჰააგერი მოკლა. შვედეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთის ხელისუფლებასა და დიპლომატიურ კორპუსს მოსთხოვა მკვლელობის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების მკაცრად დასჯა, თუმცა მკვლელები მიიმალნენ და პოლიციამ დამნაშავეებს ვერ მიაკვლია.
არსებობდა ეჭვი, რომ მკვლელები შესაძლოა ყოფილიყვნენ ნობელის საზოგადოების თანამშრომლები ბათუმში, რომლებიც სამსახურიდან ჰააგერის მითითებით დაითხოვეს.
შვედეთის საკონსულომ საქმიანობა ბათუმში 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩავლისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს კოხტა შენობამ, ულამაზესი, ჩუქურთმიანი აივნით.
ახლა ყველამ იცის, რომ ამ შენობაში ბათუმის თოჯინების თეატრია, თუმცა წლების წინ ეს შენობა ბათუმელი ინჟინრის საკუთრება იყო.
აგურისფერი ქვით მოპირკეთებული შენობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, კონკრეტულად კი 1924 წლიდან, შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო შემდეგ აქ „ტიკინების სახლი“ გაიხსნა.
უკვე ათწლეულებია ამ შენობაში თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრია და ყოველი სპექტაკლის წინ მემედ აბაშიძის ქუჩა ბავშვების სიცილის ხმით ივსება.