თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან მომზადებული კერძები, გარდა იმისა, რომ D ვიტამინის წყაროა, სპეციფიკური, მსუბუქი და სასიამოვნო გემოვნური თვისებებითაც ხასიათდება. ზაფხული და ზღვის სეზონი შემწვარი თევზის სურნელის გარეშე წარმოუდგენელია.
ჩვენ გირჩევთ ექვს რესტორანს ბათუმში, სადაც თევზის, რვაფეხას, მიდიების, კალმარის, კრევეტებისა და ზღვის სხვა პროდუქტებისგან უგემრიელეს კერძებს ამზადებენ.
„ოქროს თევზი“/Gold Fish
ამ რესტორანში პირველად თუ მიხვალთ და მზარეულს ჰკითხავთ, რა აქვთ ყველაზე გემრიელი და პიკანტური, ის გეტყვით, რომ ეს არის ზღვის პროდუქტების კრემსუპი, რომელსაც ზღვის კოქტეილიც ჰქვია. ერთხელ თუ მიირთმევთ ზღვის კოქტეილს, „ოქროს თევზში“ აუცილებლად დაბრუნდებით მეორედ.
ზღვის კოქტეილი კალმარის, რვაფეხას, მიდიებისა და კრევეტების მიქსია.
აქვე წვავენ მაყალზე ვეფხვისებრ კრევეტებს, რაც სალათით მოაქვთ და ორაგულის ნაზად შემწვარ სტეიკს.
„ოქროს თევზის" შემწვარი მიდიები ნივრით, მწვანილითა და სანელებლებით
თევზს ძალიან უხდება სხვადასხვა სოუსი.
რესტორანში განსაკუთრებით გემრიელად ამზადებენ შემწვარ დორადოს ისპანახის სოუსითა და მის უდიდებულესობა ზუთხის მწვადს ისპანახის, მოცარელასა და რესტორნის ექსკლუზიური წითელი სოუსით.
როგორც აქ გვეუბნებიან, „ოქროს თევზში“ შავი ზღვის ყველა სეზონური თევზი შეგიძლიათ შეუკვეთოთ, ასევე სხვადასხვაგვარად მომზადებული მიდიები, კალმარი, კრევეტები თუ რვაფეხა.
„გრანდ გრილი“/ Grand Grill
რესტორანი „გრანდ გრილი“ არდაგანის ტბას გადაჰყურებს.
თევზის კერძებისგან აქ ყველაზე დასამახსოვრებელი საფირმო კერძი „გრანდ გრილია“.
ეს არის მარილით დაფარული დიდი თევზი, რომელიც მარილშივე იწვება. თევზი მოაქვთ გაქვავებულ, ცხელ მარილში, რომელიც სტუმრის თვალწინ ტყდება.
ასე მომზადებულ თევზს განსაკუთრებული გემო აქვს. როგორც რესტორანში გვეუბნებიან, ამ საფირმო კერძს სტუმრები ხშირად დაბადების დღის ტორტის ნაცვლადაც კი უკვეთავენ ხოლმე.
ისე კი „გრანდ გრილი“ გრილსა და ნაკვერჩხალზე მომზადებული თევზისა და ხორცის რესტორანია.
„გრანდ გრილში“ შეგიძლიათ შეუკვეთოთ მიდიები ღვინის, ნაღებისა და ბოსტნეულის სოუსით, ჩაშუშული, ან ყველთან ერთად. აქვე ამზადებენ ესპანურ პაელას: ეს არის მოშუშული ბრინჯი კრევეტებით, კალმარით, მიდიებით, შეზავებული ნივრითა და ზაფრანით.
სწრაფად წასახემსებლად აქ შემოგთავაზებენ თევზის ჰამბურგერის მენიუსაც შავი ზღვის ნებისმიერი სეზონური თევზით.
„გრანდ გრილში“ მსუბუქი სადილისთვის აქვთ ზღვის პროდუქტების წვნიანიც. კრევეტებს ამზადებენ გრილზეც და ხარშავენ ცივად, მოაქვთ როგორც აპეტაიზერი: ზეითუნის ზეთით, ლიმონითა და სანელებლებით.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია ზღვის პროდუქტების მრავალფეროვანი კერძების, რისი შეკვეთაც „გრანდ გრილშია“ შესაძლებელი.
„გრილ თაუნი“/ Grill Town
„გრილ თაუნი“ ბათუმის ცენტრშია, რუსთაველის ქუჩაზე. ძირითადი კერძები გრილზე მომზადებული ხორცეულით კეთდება, თუმცა საუკეთესოდ ამზადებენ ზღვის პროდუქტებსაც. მაგალითად სპაგეტის რვაფეხათი, კრევეტებით, კალმარით, მიდიებით, პარმეზანითა და ნივრით.
შეგიძლიათ მოითხოვოთ ზღვის პროდუქტების ცეზარიც. ცალკე მზადდება გამორჩეულად ნოყიერი ცეზარი შებოლილი ორაგულით.
ორაგულს „გრილ თაუნში“ ავოკადოს მწვანე სოუსითაც მოგართმევენ. აქ ორაგულის სტეიკი აქვთ ხიზილალასა და ნაღების სოუსშიც.
„გრილ თაუნში“ ზღვის პროდუქტების პიცა, წვნიანი და სალათებიც მზადდება.
აუცილებლად ცალკე უნდა აღინიშნოს კლიარში მომზადებული კალმარის გემო. კლიარი სხვადასხვა ინგრედიენტისგან მომზადებული სპეციალური ცომია, რაშიც კრევეტებს ავლებენ და ასე წვავენ. შედეგად კრევეტები პირდაპირ არ ეხება ცეცხლს და უნარჩუნდება ნაზი კონსისტენცია.
ბათუმში თევზისა და ზღვის სხვა პროდუქტების რესტორნებს თუ შეეხება თემა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მეთევზეთა უბანი, ე.წ. „მელკიმორია“, საიდანაც დილაადრიან ნავებით და ბადეებით გადიან ზღვაში თევზის საჭერად. აქვეა მეთევზეთა ფარდულები და თევზის მთავარი ბაზრობა ბათუმში, სადაც უამრავი სხვადასხვა სახეობის ახალდაჭერილი თევზის შეძენაა შესაძლებელი.
ბაზრობაზე შეგიძლიათ იქვე გაასუფთავებინოთ და შეაწვევინოთ ნაყიდი თევზი თუ შინ წაღება გსურთ.
იქვეა გამწკრივებული თევზის რესტორნებიც, სადაც თქვენსავე ნაყიდ თევზს შეგიწვავენ. აქ შეგიძლიათ ქალაქიდან შემოირბინოთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად და ასეთ რესტორნებს თავისი ხიბლი აქვს, ახალი, უგემრიელესი თევზეული და დიდი ულუფები.
„ბალაგანი“/Balagan
ბათუმში ვისაც თევზი და ზღვის პროდუქტები უყვარს, ყველამ იცის, სად არის რესტორანი „ბალაგანი“ თევზის ბაზართან, მელკიმორიაზე. ახალი თევზეული და ზღვის პროდუქტები და მთავარი აქცენტი ქართულ გემოებზე „ბალაგანის“ უპირატესობაა.
აქ შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი თევზეული და გრილზე მომზადებული ბოსტნეული, ქართულ-ევროპულად მომზადებული მიდიების ჩაშუშული, მიდიები ღვინოში, კრევეტები გრილზე ან ტაფაზე და აუცილებლად დააგემოვნეთ ქინძმარი, „ბალაგანის“ საფირმო სოუსი.
„ბალაგანში“, ისევე როგორც თევზის სხვა რესტორნებსა და კაფე-ბარებში, ბარაბული [რომელსაც ბათუმში ძირითადად „ბარაბულკას“ ეძახიან], ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თევზია. თუმცა არჩევანი თქვენზეა, „ბალაგანში“ ყველაფერი გემრიელია და, როგორც აქ ამბობენ, „სახლური“.
„ლურჯი ტალღა“/Blue Wave
ერთ-ერთი ასეთი რესტორანია „ლურჯი ტალღა“ „მელკიმორიაზე“. აქ ყოველთვის უამრავი ხალხი ირევა, რესტორანს სტუმრობენ თევზის მოყვარული ტურისტებიც და ადგილობრივებიც.
აქ აქვთ სეზონის შესაბამისად შავი ზღვის ყველა თევზი, რასაც ფოლგაში შემწვარს სთავაზობენ სტუმრებს. კალმახს ნიგვზით დაგიმზადებენ, ზუთხსა და ორაგულს - გრილზე ან ბაჟეში.
აქ მოსული სტუმრები ხშირად უკვეთავენ მიდიების უგემრიელეს ფლავსა და დიდ, შემწვარ, ჯავშნიან კრევეტებს. თუ ოდნავ გრილა ან მოღრუბლულია, ძალიან მოგეწონებათ „ლურჯ ტალღაში“ მომზადებული სამეფო ან მიდიებისა და კრევეტებისგან მომზადებული უხა.
„ლურჯი ტალღაში“ უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებენ და რაც მთავარია, ხედი რესტორანს ზღვაზე აქვს.
„ზღვის ვარსკვლავი “/Sea Star
„ზღვის ვარსკვლავი“ მელკიმორიაზე ზღვაზე გადამდგარი რესტორანია. სივრცე ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. იქვე წვავენ დორადოს, სიბასს, ორაგულსა და კალმახს გრილზე, თევზი შეგიძლიათ ფოლგაშიც შეაწვევინოთ.
ზაფხულის სეზონზე ახლა რესტორანში „ბარაბულკა“, სტავრიდა და კეფალიცაა, სხვადასხვა მეთოდით შემწვარი. კრევეტებს, გარდა იმისა, რომ ცივადაც ხარშავენ, აქ კარაქში შემწვარსაც შემოგთავაზებენ, დააგემოვნებთ მოხარშულ კიბორჩხალებს და უხას ორაგულით, ან კალმახით.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი „ზღვის ვარსკვლავში“ 5, 8, 10 და 15 სტუმრისთვის განკუთვნილი თევზის ასორტია.
შეუძლებელია ცხოვრობდე, ან ისვენებდე ზღვისპირა ქალაქში და სანაპიროსთან ახლოს ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერძების გასინჯვა შენთვის ჩვეულ, საყვარელ რიტუალად არ იქცეს. ვფიქრობთ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული თევზის რესტორნების ექვსეული ამ სასიამოვნო რიტუალის შექმნაში აუცილებლად დაგეხმარებათ. რიტუალის, რომელსაც, რა თქმა უნდა, თან უნდა სდევდეს თეთრი, მშრალი ღვინო.
რა თქმა უნდა, ეს ბათუმში მდებარე თევზისა და ზღვის პროდუქტების რესტორნების სრული ჩამონათვალი არ არის. ბათუმში კიდევ ბევრი კარგი რესტორანი და ტავერნაა, სადაც უგემრიელესად მომზადებულ თევზს მოგართმევენ.
არჩევანი თქვენზეა!