ბათუმი მრავალფეროვანი, გასართობი ტურისტულ-კულტურული ობიექტებით გამოირჩევა, სადაც ზაფხულობით არაერთი ფესტივალი, კულტურული თუ გასართობი ღონისძიებება იმართება. ქალაქში ყოფნისას არ მოიკლოთ სიამოვნება დატკბეთ დელფინების არაჩვეულებრივი შოუს, ბულვარისა და ბოტანიკური ბაღის მრავალფეროვანი ბუნების, საბაგირო გზიდან გადაშლილი ქალაქის შთამბეჭდავი ხედებისა და გონიოს ციხის ღამის ხედების ხილვით. ამ ადგილების მონახულებისას განსაკუთებით იგრძნობთ ჩვენი ქალაქის სილამაზესა და კულტურულ-ისტორიულ მრავალფეროვნებას, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თქვენს საზღვაო დასვენებას მაღალმთიანი აჭარის ერთდღიანი ტურისტული მარშრუტები მრავალფეროვნებასა და დაუვიწყარ მოგონებებს შესძენს. თქვენს ყურადღებას რამდენიმე მათგანზე შევაჩერებ.
ლაშქრობისა და ჰაიკინგის მოყვარულთათვის
ჰაიკინგის, ზიპლაინის, ცხენზე ჯირითის ან უბრალოდ ულამაზეს ბუნებაში გასეირნებისა და პიკნიკის სურვილის შემთხვევაში გირჩევთ მტირალას ეროვნულ პარკს ეწვიოთ. პარკი ბათუმიდან 40 წუთის სავალზეა და იქ დროის გატარება თქვენთვის ნამდვილი თავგადასავალი იქნება. მტირალას დაცული ტერიტორია დღემდე რჩება კოლხეთის ცხოველთა და მცენარეთა მრავალფეროვან სახეობათა თავშესაფრად და როცა პარკში ცამდე აზიდულ ხეებს შორის ბილიკებს მიუყვები თავი შენც ამ ზღაპრული სამყაროს ნაწილი გგონია.
კულტურისა და ისტორიის მოყვარულთათვის
მაჭახელას ეროვნული პარკი ბუნების სილამაზითა და მრავალფეროვნებით ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია რეგიონში, თუმცა დაცულ ტერიტორიაზე მოგზაურობას განსაკუთრებულ ხიბლს ხეობის კულტურულ-ისტორიული წარსული სძენს. პარკში სტუმრობისას გირჩევთ მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ჩხუტუნეთის ციხე და ცნობილი, მაჭახელას ისტორიული თოფის მონუმენტი მოინახულოთ და ადგილზე გაეცნოთ თოფის შექმნის ტრადიციას.
პიკნიკისა და ველო მარშრუტების მოყვარულთათვის
თუკი ექსტრემისა და თავგადასავლების მოყვარული ხართ მირვეთის ექსტრემალური ველო ტური სცადეთ. მარშრუტი ბათუმი-მირვეთი-ბათუმი ერთდღიანია და სრულებით საკმარისი პიკნიკის, თევზაობისა და მირვეთის ულამაზეს ჩანჩქერსა და აჭარისწყალზე ბანაობისთვის. ექსტრემალური მარშრუტი ბათუმის ძველი ბულვარიდან იწყება და გზად ქალაქის შემოგარენში არსებულ სოფლებს მიუყვება, რაც საშუალებას მოგცემთ დატკბეთ როგორც ბულვარისა და ზღვისპირის ხედებით, ასევე თქვენთვის აქამდე უცნობი აჭარული სოფლების ულამაზესი პეიზაჟებითა და ბუნებით. მარშრუტის დასასრულს ბზების ხეივნის გავლის შემდეგ მირვეთის ჩანჩქერზე მოხვდებით, სადაც გული მთის ანკარა წყალში ბანაობით შეგიძლიათ იჯეროთ.
გურმანებისთვის
ახალი და განსაკუთრებული კერძების მაძიებელთათვის აჭარული სამზარეულო ნამდვილი აღმოჩენაა. თუ გსურთ უგემრიელესი აჩმა და იახნი გასინჯოთ ქობულეთის სოფლებს უნდა ეწვიოთ, ბორანის, სინორისა და მალახტოს დასაგემოვნებლად კი ქედა, შუახევსა და ხულოს. კერძების მირთმევისას არც ქედის ცოლიკაურისა და ჩხავერის უნიკალური სახეობებისგან დამზადებული ღვინის დაჭაშნიკება დაგავიწყდეთ. აჭარული სამზარეულოს სავიზიტო ბარათად ქცეული კერძებისა და ღვინის დაგემოვნება აჭარის მაღალმთიანეთის ღვინის ტურისას შეგიძლიათ. თუ გაგიმართლათ და მაღალმთიანეთში სტუმრობა რომელიმე ადგილობრივ ხალხური დღესასწაულის დროს გადაწყვიტეთ, მაშინ 80 წლის ბაბუების მიერ შესრულებული საოცარი განდაგანის მოწმეც გახდებით და ეს შთაბეჭდილება მერწმუნეთ ნამდვილად წარუშლელი იქნება.
და ბოლოს....
ჩვენთან სტუმრობისას სანამ კონკრეტულ ტურისტულ მარშრუტს აირჩევდეთ უმჯობესია ჩვენს ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებს ეწვიოთ ან დარეკოთ ნომერზე 577 90 90 93. ჩვენ მიერ შემოთავაზებული მარშრუტების რუკასა და დეტალურ ინფორმაციას სწორედ იქ შეიტყობთ და შემდეგ ნამდვილად მშვიდად შეგიძლიათ მორიგი თავგადასავლისთვის მოემზადოთ, ის კი აჭარის მშვენიერ ბუნებაში მრავლად გელოდებათ.