ბათუმში, ბევრ კაფესა თუ რესტორანში დაუგეგმავად ქუჩაში სეირნობისას შეიძლება აღმოჩნდეთ, რადგან ზოგიერთი მათგანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაშია განთავსებული, რომლის წარსულშიც ჩაქსოვილია იქ მცხოვრები ადამიანის ისტორია. სულ მცირე ფანტაზიაა საჭირო, ადგილობრივი ღვინისა და ხაჭაპურის ან რომელიმე იტალიური პასტისა თუ პიცის დაგემოვნებისას, რომ კავშირი ან პარალელი იპოვო საუკუნის წინანდელ ქალაქთან.
„იღვაწეთ სიყვარულით და იყავით ყრუ ქების და გაკიცხვის მიმართ”, - ეს სიტყვები რომის კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ იტალიელ ექიმს ჯუზეპე მოსკატის ეკუთვნის, რომელიც არასდროს იღებდა მკურნალობის თანხებს ღარიბებისგან, ხოლო განსაკუთრებით გაჭირვებულებს ეხმარებოდა წამლისა და საკვების ფულით.
მემედ აბაშიძის ქუჩის 43 ნომერში, 1910-1949 წლებში, ყველასათის გამორჩეულად საყვარელი და დაფასებული ბათუმელი ექიმი - პლატონ გიგინეიშვილი ცხოვრობდა. კოლეგა ჯუზეპეს მსგავსად, ხელმოკლე პაციენტებისთვის წამლის საფასურს თავად იხდიდა. თუ რეცეპტს მწვანე ფერის ბლანკზე დაწერდა, ეს გახლდათ მინიშნება აფთიაქებისთვის , რომ თვის ბოლოს, ხელფასის აღებისთანავე თავად ეახლებოდა და გაასწორებდა ანგარიშს.
რა თქმა უნდა გაკეთებულ სიკეთეს, ქართული ანდაზის თანახმად, ქვაზე დებდა და ამგვარი ლოგიკით ქვაფენილად დაგებული სიკეთე მხოლოდ მარიას პროსპექტს კი არა ბათუმის მრავალ ქუჩას მოაპირკეთებდა. მოგვიანებით, სნეული ექიმი ეტლის ხმაურს, რომ არ შეეწუხებინა მადლიერი თანაქალაქელები მარიას პროსპექტის ,აღნიშნულ ქვაფენილს, დიდძალი რაოდენობის თივით დაფარავენ და განსაკუთრებით, ექიმის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაისადგურებს სიჩუმე. მდუმარება მადლიერებისა და მოსალოდნელი განსაცდელისა.
ქალაქური საცხოვრებელი სახლის ტიპური ნიმუში ჩვენთვის უცნობ იტალიელ არქიტექტორს 1892 წელს დაუსრულებია. აგების თარიღი ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე დღემდეა ამოტვიფრული.
ალბათ უკვე მიხვდით, აღნიშნულ მისამართზე თუ
რატომ შემოგთავაზეთ იტალიური და ქართული სამზარეულოს კერძები. მგონი ურიგო არ იქნება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები, ერთმანეთის თანამედროვე, მაგრამ ერთმანეთისთვის უცნობი და ერთ კეთილ საქმეს ნამსახურები ექიმების ხსოვნის პატივსაცემად საკუთარი ოჯახის და ახლობლების ჯანმრთელობის სადღეგძელო დალიოთ, ოღონდ გამორჩეულად ქართული ღვინით, რადგან იგი თავად გახლავთ მკურნალი...