სიახლეები - GoBatumi
ბათუმის ისტორია ლამპიონებში

ბათუმის ისტორია ლამპიონებში

ბათუმი ახალი წლისთვის ემზადება და საზეიმოდ ირთვება სკვერები, ბაღები, ქუჩები, ჩვენი საყვარელი ბულვარი. მოედანზე აღმართული ვეება ნაძვის ხეც სულ მალე აჩახჩახდება და ეს ყველაფერი, რაღა თქმა უნდა, ელექტროენერგიის წყალობით - არა და იყო დრო, როცა ქალაქი ნავთის ლამპიონების მბჟუტავი შუქით ნათდებოდა. წელიწადში 23 მანეთი სჭირდებოდა ქალაქში არსებული 49 ფარნის გამართულ მუშაობას. ლამპიონთა რაოდენობა ლიმიტირებული იყო და მათ გამართულ მუშაობაზე საგანგებოდ განსწავლული, უნიფორმაში გამოწკეპილი ადამიანები ზრუნავდნენ. ხუმრობა საქმე ხომ არ არის, ქალაქის განათების უზრუნველყოფა. ჰოდა, ამ არა სახუმარო საქმის სათანადოდ შესრულების გამო ქალაქიც ამ ადამიანებს სათანადო პატვს სცემდა. 

მაგრამ დრო და პროგრესი თავისას შვება და თუ მოდის ბოლო კაპრიზებს შესწევდა ძალა, რომ პარიზიდან ბათუმში რამდენიმე კვირაში ჩამოეღწია, მსოფლიოს ნათელი გონების მქონე ადამიანების მიერ გამოგონილი უახლესი ტექნიკური მიღწევების აქ ჩამოსვლას აბა რა დააბრკოლებდა?! ასეთი ბედი ეწვია ელექტროობასაც.

ეს ხდება მაშინ, როცა ჯერ კიდევ დიდი ქალაქებიც ბოლომდე ვერ გარკვეულან რა არის ეს „ელექტრონი“.  მითუმეტეს ბათუმისთვის, ჯერ სათანადოდ ძველ ლამპიონებს ვერ შეგუებული მოსახლეობისთვის ეს კაშკაშა შუქი ძალიან უცნაური რამ იყო.  მაგრამ მხოლოდ უცნაურობით როდი მთავრდებოდა ეს ყველაფერი. ელექტროფიკაცია ძალზედ ძვირი სიამოვნება იყო. ამაზე ზრუნვა 1891 წელს დაიწყეს, თუმცა პროცესი გაცილებით დაჩქარდა, როცა საქმეში ლუკა ასათიანი ჩაერთო. ჩატარდა საპროექტო სამუშაოებიც, რასაც მოყვა სირბილი კაბინეტიდან კაბინეტში, ინსტანციიდან ინსტანციაში და საბოლოოდ, მიღებული თანხმობა. ბათუმს განათებისთვის 130 000 მანეთი გამოუყვეს - ფული გამოყვეს, მაგრამ ძალიან ცოტა. გამოყოფილი თანხით მხოლოდ ორმოცი ლამპიონის შეძენა იყო შესაძლებელი, რაც თავისთავად მთელი ქალაქისთვის საკმარისი ვერ იქნებოდა. ამიტომაც გადაწყდა, რომ ლამპიონები გზაჯვარედინზე დაემონტაჟებინათ. ამით რამდენიმე ქუჩას ერთდროულად გაანათებდნენ.  განათება კი პორტიდან რკინიგზის გაყოლებით სადგურამდე მოყვებოდა ქალაქს. მალე გაჩნდა ელექტროსადგურიც, რომელიც რა თქმა უნდა ნავთობზე მუშაობდა და მისი ძრავა 120 ცხენის ძალის იყო - დღევანდელი გადმოსახედიდან სასაცილო სიმძლავრე ლამის მთელ ქალაქს ანათებდა.

1901 წელს ქუჩებით დაიწყო, შემდეგ კი ჯერი სახლებსა და სასტუმროებზე მიდგა. 1906 წელს საგაზეთო რეკლამებში თავმომწონე სასტუმროები ამაყად დასძენდნენ, რომ მათთან მისულ სტუმარს დახვდება ტელეფონი და ელექტრონი-ც. თუმცა ელექტრონის შემოსვლას არც თუ ისე ზარ-ზეიმით შეხვდა მოსახლეობა. როგორც ვთქვით, თავიდან ქუჩები ნავთის, ხოლო სახლები გაზის საშუალებით ნათდებოდა. ამ მოყვითალო, თბილ ნათებას შეჩვეული საზოგადოება კი ცოტათი დააბნია კაშკაშა ელექტრონმა - წვეულებებზე მისული ქალბატონები წუხდნენ და უკმაყოფილებას გამოსთქვამდნენ იმის თაობაზე, რომ ელექტრონით გადაჩახჩახებულ ოთახებში მათი ფერუმარილ წასმული, გაპუდრული სახეები სულ სხვა „სილამაზით“ ანათებდნენ და ასაკსაც კი ჰმატებდნენ; ვაჭრები კი ამტკიცებდნენ, რომ მათი საქონელი გაზის ან სულაც ნავთის შუქზე გაცილებით მიმზიდველად გამოიყურებოდა, ვიდრე ელექტრონისაზე. თუმცა დრომ და პროგრესმა თავისი გაიტანა - ელექტრო სადგურების ძრავებს სიმძლავრე მოემატა, ლამპიონებმა ქუჩის შუაგულიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს და ქალაქელების ფანჯრებში გაზის შუქიც ნელინელ ჩაანაცვლა ელექტრონმა.

ასე რომ ბათუმმა თავისუფლად შეიძლება იამაყოს, ის ერთ-ერთი პირველი იყო იმ ევროპულ ქალაქებთაგან, რომელთა ქუჩებს ელექტრო ლამპიონები ანათებდა და ფანჯრებიდანაც ელექტრონის კაშკაშა შუქი მოკაშკაშებდა.

თეგები: