ბათუმში, მაღალი კლასის კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა. “Best Western Premier”, რომელშიც 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ამერიკული საერთაშორისო ბრენდის “Best Western Hotels & Resorts”-ის ფრანჩაიზს წარმოადგენს. 104 სასტუმრო ნომერი, ლაუნჯ-ბარი, რესტორანი ტერასით, ორსართულიანი სპა, საკონფერენციო დარბაზი და ბიზნესცენტრი ექსპლუატაციაში ოფიციალურად დღეიდან შევიდა. სასტუმროში ამჟამად 50 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობა აქტიურ ტურისტულ სეზონზე 100-მდე გაიზრდება.
სასტუმრო გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი და მთავრობის სხვა წევრები ესწრებოდნენ.
“Best Western Hotels & Resorts” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სასტუმრო ქსელი. კომპანიის 72-წლიანი არსებობის განმავლობაში ის 100-ზე მეტ ქვეყანაში 4500-ზე მეტ სასტუმროს ითვლის. „Best Western Premier”-ი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პირველი „Premier” კლასის სასტუმროა.