სიახლეები - GoBatumi
გასეირნება ბათუმში წვიმის ფარდის მიღმა

გასეირნება ბათუმში წვიმის ფარდის მიღმა

ბათუმი წვიმის ქალაქია. აქ თავსხმას, დელგმას, თქეშს, კოკისპირულს თუ ჟუჟუნას – ყველანაირ წვიმას შეესწრები. როცა ბათუმში თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ წვიმა ქალაქის მთავარი პერსონაჟია, თავგზისამბნევი და გეგმების თავდაყირა დამყენებელი. ბათუმში წვიმას ვერ ასცდები. სჯობს მის არსებობას თავიდანვე შეეჩვიო და მეტიც, დაელოდო ხოლმე, როდის გაწვიმდება.

ბათუმში ხშირად შენი დღის გეგმა წვიმას უნდა მოარგო. აუცილებლად უნდა გქონდეს ფერადი ბოტები, ქოლგა და საწვიმარი, ისე ბათუმისთვის უცხო ხარ და წინდაუხედაობისთვის ყოველთვის გალუმპვით გადაგიხდის სამაგიეროს.

შეგიძლია იფიქრო, რომ შემოდგომის წვიმიან დღეებში შინ ყოფნას და წვიმის ფანჯრის მინიდან ყურებას არაფერი სჯობს, მაგრამ ასე არასდროს გეცოდინება როგორია ბათუმი წვიმის ფარდის მიღმა. სჯობს ეს ფარდა ხანდახან გადასწიო, მყუდრო სახლის ზღურბლს გადააბიჯო, ქოლგა გაშალო და წვიმიან ბათუმში გაისეირნო.

 

მთავარია წვიმისთვის მზად იყო. ქოლგა და საწვიმარი სასურველია

ძველ ბათუმში გასეირნება წვიმაშიც კარგი იდეაა

თუ კარგ ამინდში ბათუმში მუზეუმებისთვის დრო არ გრჩებათ, წვიმიანი ამინდი იდეალურია მუზეუმების დასათვალიერებლად.

ბათუმში მუზეუმების არჩევანი დიდია, ქალაქში ათამდე მუზეუმია, თუმცა მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა რამდენიმე. მაგალითად, არქეოლოგიური მუზეუმი ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც აჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ოქროს ნაკეთობათა და სხვა უნიკალური ექსპოზიციების დათვალიერების გარდა უძველესი სამკაულების ასლების შეძენაცაა შესაძლებელი.

შეგიძლიათ ეწვიოთ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, სადაც უნიკალური, მრავალფეროვანი მასალებია დაცული.

ასევე გირჩევთ ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც მოინახულოთ თამარის დასახლებაში, სადაც ცნობილი ძმები ნობელების ბათუმში მოღვაწეობის გარდა ძველი ბათუმის ისტორიასაც გაეცნობით.

კიდევ ერთი საინტერესო ადგილი ბათუმის ხელოვნების მუზეუმია, სადაც პერსონალური, ჯგუფური და რეტროსპექტული გამოფენები ეწყობა.

ჰო, მუზეუმებში სტუმრობისას პირბადე არ დაგავიწყდეთ, ახალი კორონავირუსის პანდემია მუზეუმების მუშაობაზეც აისახა და აქ სტუმრობა მხოლოდ პირბადითა და წესების დაცვითაა შესაძლებელი.

ბულვარში სეირნობისას წვიმაშიც შეიძლება შეხვდეთ ახალდაქორწინებულ წყვილს, რომლებიც ტრადიციულ ფოტოსესიას მართავენ ბულვარში

წვიმიან ამინდში ზღვაზე შტორმის ყურებისას ცოტათი კინოფილმის გმირადაც წარმოიდგენთ თავს

როგორც კი წვიმა გადაიღებს, პირსისკენ გაისეირნეთ

ისე, ვისთვის როგორ, მაგრამ ამ ქალაქში სულ რომ არაფერი აკეთო წვიმაში, ბოტებით გუბეებში ტოპვაც გაგახალისებს.

წვიმისას შეგიძლია დელფინარიუმის გვერდით, მწვანეში ჩაფლულ პატარა სკვერს მიაშურო, სადაც დიდი, წითელი იაპონური კობრებით სავსე  აუზია. წვიმაში თევზებს ან რაღაც უხარიათ, ან პირიქით – წყლის ზედაპირზე ხტიან და  შენც შეგიძლია უყურო და უყურო.

წვიმაში ველოსიპედით გისეირნიათ? ოღონდ ზომიერ წვიმაში. დაუვიწყარი სიამოვნებაა. თბილად გაცვია, წვიმა მხოლოდ სახეს გისველებს და მიჰქრი. თუ ბულვარის ველობილიკს გაუყვები წვიმაში, ზღვაზე შტორმსაც ნახავ. ამ დროს პლაჟზე უამრავი ადამიანი გამოდის ფოტოების გადასაღებად, ტალღებზე დასაკვირვებლად.

სანაპიროზე წვიმას თავისი ხიბლი აქვს. ეს პეიზაჟი თუ არ გინახავთ, ჩათვალეთ, ბათუმს არ იცნობთ

სისულელეა ვთქვათ, რომ წვიმაში ერთ საათზე მეტხანს ივლით და არ მოგშივდებათ ან ცხელი სასმელი არ მოგინდებათ. ამ დროს ალბათ საუკეთესო გამოსავალია რომელიმე დიდშუშებიან რესტორანს ან კაფეს მიაშუროთ, მაგალითად, პორტთან ახლოს, ქუთაისის ქუჩაზე, სადაც ფანჯრიდან წვიმას უყურებთ და უგემრიელეს, ცხელ წვნიანს მიირთმევთ.

დაუწერელი კანონია, რომ არასდროს უნდა შეუკვეთო ყავა ან ჩაი იქ, სადაც სადილს უკვეთავ. რატომ? იმიტომ, რომ სადილის შემდეგ ჩაი ან ყავა სხვა კაფეშიც შეგიძლია მიირთვა, სულ სხვა გარემოში.

გირჩევთ, წვიმიან ქალაქში ლიმონიანი ჩაის ან ყავის მისართმევად რომელიმე მაღალსართულიანი სასტუმროს ბოლო სართულის კაფეს ეწვიოთ. ასეთი ბათუმში ბევრია, საიდანაც წვიმაში გაავებული ზღვაც კარგად ჩანს და ნისლიანი, მოქუფრული ქალაქიც.

ბევრისგან მოისმენთ, რომ ცუდ ამინდშიც კი ,,ბერეგზე“ მიირთმევს ყავას, წვიმის ხმის ფონზე, ქოლგაში შეყუჟული. ასეც შეიძლება. ასე ყველაზე ახლოს ხართ გემებთან, რომლებისთვისაც სულერთია რა ამინდია, მაინც მიმოდიან ნისლიან ქალაქში და ვინ იცის, თუ გაგიმართლათ იქნებ გემის პორტში შემოსვლას ან გასვლასაც  შეესწროთ, როცა საყვირების ხმაში იძირება სანაპირო.

დაკვირვებიხართ, რა ფერისაა ზღვა წვიმის დროს? ნავსადგურთან, ჩაშვებულ ღუზასთან, წვიმის წვეთებზე დაკვირვება გიცდიათ?

სიმართლე რომ ვთქვათ, ყველას თავისი გეგმა აქვს წვიმიან ქალაქში. ეს გეგმაც უკიდურესად პირობითია. ერთი რამ კი უნდა ითქვას, რომ არის სურათები, რასაც ბათუმში ყველა თანაბრად ხედავს: მაგალითად, წვიმისა და შტორმის შემდეგ, როცა ყველაფერი წყნარდება და მზე ისევ ანათებს, აუცილებლად ნახავთ სანაპიროზე თვალანთებულ ოპტიმისტებს, რომლებიც ტალღებისგან გამორიყულ ძვირფას ნივთებს და ოქროს ეძებენ. შეშის და თურმე ნუ იტყვით, კაკლის შემგროვებლებსაც კი შეხვდებით – ამბობენ, რომ სოფლის მდინარეებს ზღვაში კაკალი ჩააქვს და შტორმის შემდეგ სანაპიროზე გამოირიყება.

კიდევ ერთი  მოსაზრება არსებობს – როცა რამის შეგროვებას იწყებ, სხვას ვეღარაფერს ხედავ. ჰოდა, ნურაფერს შეაგროვებთ, ისე დააკვირდით ამ ქალაქს, სრული სურათი რომ არ დაგეკარგოთ.

და თქვენი ბათუმი როგორია წვიმის ფარდის მიღმა?

წვიმა ბათუმში

თეგები: