ყოველ ქალაქს თავისი ხიბლი აქვს. ყველა ცდილობს მოგზაურობიდან სოციალურ ქსელში ასატვირთ ფოტოებთან, მაცივარზე მისაკრავ მაგნიტებთან და ათას ხელშესახებ სუვენირთან ერთად, რაღაც ისეთი იპოვოს, რაც ყოველ ჯერზე გაახსენებს იქ გატარებულ დროს. ზემოთ ჩამოთვლილ ნივთებთან ერთად არსებობს კიდევ ერთი რამ, რაც ჩვენს მეხსიერებაში კონკრეტულ მოგონებებთან დაკავშირებულ სიმებს ეხება, ეს გემოს რეცეპტორებია. ამიტომ გთავაზობთ მატერიალურს, გემოს რეცეპტორების მიერ შექმნილი სავიზიტო ბარათებიც დაუმატოთ.
შაბლონი მარტივია. იტალია უდრის პიცას, საფრანგეთი კრუასანს, გერმანია ლუდს და ასე შემდეგ. მაგრამ ცოტათი გავცდეთ შაბლონს და ეს გემოს სავიზიტო პალიტრა ცოტათი გავაფართოოთ. მოდით შევქნათ ჩვენი გასტრონომიული ტური.
პირველი, რაც ბათუმში სტუმრობის დროს გახსენდება, ეს აჭარული ხაჭაპურია. ნავის ფორმის, გვერდებ შებრაწულ, გემრიელ, ჩამდნარი, ცხელი ყველით სავსე კერძში მოტეხილი ქერქის ჩაწობა, მართლაც რომ საამო რამ არის. აქ კი უკვე შეიძლება ვარიაციებიც შემოგთავაზოთ, კვერცხით თუ უკვერცხოდ, ოთხი ყველით თუ ტრადიციული იმერულით, ცომით თუ ცომგამოცლილი. ბოლო - ბოლო ყველი თუ მოგბეზრდათ, ეს გემრიელი ფორმა სხვა შიგთავსითაც შეიძლება შეივსოს, ლობიო, ხორცი, ბოსტნეული. როგორც იტყვიან მადა ჭამაში მოდისო, ჰოდა გემრიელად მიირთვით.
მართალია თევზი ჩვენს ყოველდღიურ კვების რაციონში ისევე იშვიათად ხვდება, როგორც მარჯნის რიფის ბინადრები შავი ზღვის აკვატორიაში. მაგრამ მისი მთლიანად გამორიცხვაც არ ივარგებს. თუ შავიზღვისპირეთის ისტორიული კერძის და გემოს შეგრძნება გნებავთ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ლაზური ქაფშია ჭკიდი ( ხამსა მჭადით ). ლაზური სამზარეულოს ეს ავთენტური, მარტივი და უგემრიელესი კერძი ნამდვილად არ დაგტოვებთ გულგრილს. ზღვის (ხამსა) და ხმელეთის (მჭადი) ეს კულინარიული შეხვედრა წამით მაინც დაგაბრუნებთ იმ უხსოვარ დროში, როცა შავი ზღვის სანაპიროზე ხშირად შეხვდებოდით ბრტყელძირა, ლაზური ნავებით ტალღებში შესრიალებულ მეთევზეებს.
თუ არც ზღვის და არც რძის პროდუქტი არ გიზიდავთ. კი ბატონო, შესაძლებელია თქვენი გასტრონომიული სვლა ტკბილი გზით გავაგრძელოთ. არაფერი ისე არ ასოცირდება ბათუმთან, როგორც ბაქლავა. ეს ხრაშუნა, გემრიელი, ფენა ფენაზე გადაკრული ტკბილეული ძალიან ბევრს ახსენებს ზაფხულში, შავი ზღვის პირას გატარებული დღეების სიტკბოს. თუმცა აქაც შეიძლება ნახოთ გემოვნებაზე მოდავეები. ის, თუ რომელი უფრო ნამდვილია, „ქობულეთური“ ხრაშუნა თუ „ბათუმური“ ტკბილი. თუმცა ფაქტი ერთია, აქ ყველა ნახავს თავისთვის მისაღებ, ზაფხულის და ზღვის ნოსტალგიის ნოტებით გაჯერებულ ხრაშუნა ბაქლავას.
რაკი ამდენი ვისაუბრეთ საკვებზე, უსამართლობა იქნებოდა სასმელი არ გვეხსენებინა. მაგრამ არც კოქტეილზე, არც ალკოჰოლზე და არც წვენზე არ მსურს საუბარი. არამედ მის აღმატებულებაზე - ყავაზე. შესაძლოა ბევრმა არ იცის რომ, ევროპის ცნობილ ქალაქებთან ერთად ყავამ საქართველოს საპორტო ქალაქებიც თითქმის ერთდროულად დაიპყრო. „არაბულ ღვინოდ“ წოდებული ეს შავი, არომატული სასმელი ძველ ბათომშიც საკმაოდ პოპულარული იყო. ჯერ ყავახანებიდან დაიწყო, შემდეგ კი არისტოკრატთა გაპრანჭულ წვეულებებზეც შეაღწია. ისევე როგორც ტკბილეულის, ყავის შემთხვევაშიც ფართო არჩევანი გაქვთ. რძით, ურძეოდ, ცივი, ცხელი... თუმცა თუ ნამდვილი, ზღვისპირული ყავა გნებავთ უთუოდ უნდა დააგემოვნოთ ქვიშაზე, ჯეზვეში ჩადუღებული ბათუმური ყავა. ხო, ბათუმური, იმიტომ რომ ყავა სადაც იხარშება იქაურია. ყავის არომატს კი არაფერი ისე არ უხდება, როგორც ზღვიდან მონაბერი ბრიზის იოდნარევი სურნელი. აი ასე, ფინიკიაში გამოგონილმა და ბათუმში მოხარშულმა სასმელმა შესაძლებელია თქვენი დღე საოცარი პოზიტივით დამუხტოს.
ასეთი ნოყიერი გასტრო მოგზაურობის შემდეგ არხეინად შეგიძლიათ ეწვიოთ ბათუმის სანაპიროს. მიირთვათ არომატული ბათუმური ყავა, დატკბეთ ზღვაში ჩამავალი ვეება მზის მოლიცლიცე სხივებით და თან გონების სანახებში გადაამოწმოთ ჩამოთვლილი კერძების დაგემოვნებისგან მიღებული შეგრძნებების გალერეა.