გლემფინგი გლამურულ კემპინგს ნიშნავს. ეს ველურ გარემოში მოწყობილი, მაქსიმალურად ბუნებრივი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოა.
ბათუმთან ახლოს და აჭარის მაღალმთიანეთში უკვე არაერთი ასეთი კემპინგი და სახლია. მყუდრო, დიდი და კომფორტული კარვები, ხის სახლები - მსუბუქი და ზაფხულისთვის ზედგამოჭრილი გარემოთი.
სამუშაო დღეების შემდეგ ასეთ სახლებში დასვენება ნამდვილი ნეტარებაა. ხის სახლები ძირითადად ტყეებსა და სიმწვანეშია.
გლემფინგის მთავარი სიკეთე ის არის, რომ ბუნებას და სიმშვიდეს მონატრებული ადამიანები შეუძლია გააბედნიეროს ისე, რომ მათ არც კომფორტი მოაკლდეთ.
ამჯერად რამდენიმე საინტერესო გლემფინგს მიგასწავლით აჭარაში.
ბუკნარი - არის ასეთი სოფელი ბათუმთან ახლოს, სულ რაღაც 15 წუთის სავალზე ტრანსპორტით. ნამდვილი საოცრებაა, გაგახსენდებათ კუნძული კორფუ ჯერალდ დარელის წიგნიდან „ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები“. ამ წიგნში ლონდონის ნისლისგან დაღლილი ინგლისელების დიდი ოჯახი 4 შვილით მზიან საბერძნეთში მიემგზავრება ზაფხულში, გემით. სახლდებიან კუნძულ კორფუზე, მარწყვისფერ სახლში, რომელიც ციტრუსის ბაღშია ჩაფლული, ეზოში უამრავი მწერი ფუთფუთებს, ჰამაკებია გაბმული, მზე ჩახჩახებს და იქვეა ზღვა.
ზუსტად ასეთი სოფელია ბუკნარი. ეჭვიც არ მეპარება, რომ წიგნში ვიყავი.
„სანლენდი“/Sunland
სახლი ხისაა, „სანლენდი“ ჰქვია, შიგნითაც ყველაფერი ხის ფერია.
დიდი აივნიდან მოჩანს მხოლოდ ზღვა და ფორთოხლის ბაღები. როცა ციტრუსი შემოვა, აქ ყოფნას შემოდგომაზეც არაფერი სჯობს.
არსაიდან არავის ხმა არ ისმის, სიჩუმეა და შორს ჩანს ბათუმი - შენობებით, ნეონის განათებებით, პორტითა და ზღვაში ნელა მცურავი გემებით.
აქვეა ჩაქვის პლაჟიც - ფეხით ჩაირბენ ბილიკით ზღვამდე, იბანავებ და შენს მყუდრო ხის სახლში დაბრუნდები.
ვისაც ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება სურს, ბუკნარში უნდა წავიდეს.
„სანლენდი”
დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე
„ტერაბითია“
„ტერაბითია“ ხეზე აშენებულ ხის სახლს ჰქვია, რომელიც ქედის სოფელ დანდალოშია.
სახლი ნაძვნარშია ჩაფლული და შიგ ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ყველაფერს გაეთიშოთ, თავი ბუნებრივ, ველურ გარემოში იგრძნოთ და ასეთ გარემოშიც კომფორტულად იცხოვროთ.
ხის სახლებში ორადგილიან ნომრებს გთავაზობენ კინოთეატრითა და მცირე ბიბლიოთეკით, ასევე - ამფითეატრს კოცონისთვის, მოსასვენებელ სივრცეებს და სპაზონას ჯაკუზითა და საუნით. მოკლედ, ეს ის ადგილია, აუცილებლად რომ ღირს წასვლა.
დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე
„ეკო ჰაუსი“
ქედის მუნიციპალიტეტშია ასევე ლუქსის ტიპის კოტეჯი „ეკო ჰაუსი", კერძოდ, სოფელ სალიბაურში.
კოტეჯის ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.
დამსვენებელს აქ სთავაზობენ: ტრანსფერს, ექსკურსიას მერისის ხეობაში და აჭარული კერძების მასტერკლასს. მთებში, ბუნებრივ გარემოში, ადგილობრივებისთვის ჩვეულ კერძებს აქვე ამზადებთ თავად და აგემოვნებთ მეგობრებთან ერთად.
„ეკო ჰაუსი“
„ეკო ჰაუსის" ხის კოტეჯია ასევე „ემილი“ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში. კოტეჯიდან ხეობის ულამაზესი ხედები იშლება. საძინებელი პირდაპირ ტყეშია გადაკიდებული, თითქოს ხის კენწეროებზე გძინავს.
კოტეჯთან ახლოსაა ასევე: მერისის ჩანჩქერი, მეძიბნას ჩანჩქერი, გვახას საპიკნიკე, მთა ნაკონაღვარი და ქედის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი.
„ემილი”
დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე
„ჰილ ინნ“/Hill in
ერთხელ მაინც თუ ხართ ნამყოფი ლაშქრობაში მძიმე ზურგჩანთით, ნაცნობი გრძნობა იქნება თქვენთვის, როცა დაქანცული მწვერვალებზე მიაბიჯებ და ნატრობ სადმე კომფორტული, უკვე გაშლილ-გამართული კარავი დაგხვდეს აბაზანით, ცხელი წყლით და იქვე პატარა კინოთეატრითაც, ოღონდ ისე, რომ მთის ხედი არ შეიცვალოს.
ასეთი ნატვრის ახდენაა სწორედ „ჰილ ინნ“-ის კეთილმოწყობილი კარვები ბათუმიდან სულ რაღაც 21 კილომეტრის დაშორებით.
აქ დაგხვდებათ დიდი ხის კასრებში მოწყობილი საუნა და ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, მცირე კინოთეატრი ფილმების დიდ ეკრანზე სანახავად, სრული კომფორტი და რაც მთავარია, უზარმაზარი ტყე და პანორამული ხედები თვალწინ.
„ჰილ ინნ”
დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე
„გლემფინგ თაგო"
Glamping Tago სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი კეთილმოწყობილი კარვების ,,დასახლებაა" სოფელ თაგოში. ეს სოფელი ხულოშია და იქამდე ძველი, წითელი საბაგირო მოძრაობს. გარდა იდეალური დასვენებისა და მწვანე სიმშვიდეში გატარებული დღეებისა, გლემფინგ თაგოში შემოგთავაზებენ საუზმესა და სადილს - ადგილობრივი მოსახლეობისგან შეძენილი, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ ტრადიციულ კერძებს.
დასაჯავშნად და მეტის სანახავად გადადით ბმულზე
„ვუდჰაიდი"/Woodhide
ეს კი ვუდჰაიდია, სასტუმრო-კოტეჯები აჭარაში, მაჭახლის ხეობაში, კერძოდ სოფელ ზედა ჩხუტუნეთში. აქ თქვენი პროდუქტით უნდა მიხვიდეთ, მაგრამ ადგილზე ყველაფერია: მაცივარი, კომფორტული სამზარეულო, შესანიშნავი სასადილო გარემო ვერანდასა და სახლში.
მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე
„ვუდფექერი"/Woodpecker
ესეც ხის კომფორტული ეკოკოტეჯებია აჭარის ბუნების წიაღში მთისა და მდინარის ხედებით. ბუნებრივი სარეკრეაციო ადგილებით ტყის მასივში. ვუდფექერი ბათუმიდან 25 წუთის სავალზეა.
აქ არის ვერანდა მზის აბაზანებისთვის, ჯაკუზი ღია ცის ქვეშ, საპიკნიკე ადგილები, ნადირობისა და თევზაობის ტურები, სარელაქსაციო ღია ზონები, ჰამაკები, საქანელები და ადგილი შუაცეცხლისთვის, ასევე სასეირნო ბილიკები ველურ ბუნებაში.
კოტეჯში დაგხვდებათ: ადაპტირებული შესასვლელი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, პანორამული საძინებელი, აბაზანა, თეთრეული, კონდიციონერი, ტელევიზორი, ინტერნეტი და ყველა საჭირო ნივთი უზრუნველად დასვენებისთვის.
მეტის სანახავად და დასაჯავშნად გადადით ბმულზე
გლემფინგი სრულიად ახალი ტურისტული მიმართულებაა აჭარაში, ეს არის როგორც ზურგჩანთიანი მოგზაურებისთვის შესაფერისი გარემო, ასევე გლამურული დასვენების მოყვარულებისთვის ზედგამოჭრილი სივრცე, სადაც ისვენებთ ამ სიტყვის ყველაზე ნამდვილი გაგებით.
გლემფინგის ტიპის დასასვენებელ გარემოში იდეალურად გაატარებენ დროს წყვილები და მეგობრები, შესაძლებელია ოჯახთან, ბავშვებთან ერთად დასვენებაც, მაგრამ საჭიროა წინასწარ დარეკოთ ამა თუ იმ ადგილას, რათა გაარკვიოთ არის თუ არა კონკრეტულ სივრცეში ბავშვებისთვის შესაფერისი გარემო.
არაერთი კვლევით დასტურდება, რომ მწვანე გარემო და ბუნებაში დასვენება დადებითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკასა და ნერვულ სისტემაზე. გლემფინგი მომავლის ტურიზმია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სიმშვიდე, პირველსაწყისებთან დაბრუნება, ჩიტების ჭიკჭიკი, ტყეში სეირნობა და ყველასგან შორს ყოფნა ენატრება.