მირვეთი ბათუმიდან სულ რაღაც 27 კილომეტრით დაშორებული ულამაზესი სოფელია, მთისა და ზღვის ჰაერით გაჯერებული ბზის ტყეებით, მყუდრო, მწვანეში ჩაფლული ჭოროხის ნაპირებით, საიდანაც ლურჯად მოლივლივე მდინარის ტალღებს შეგიძლიათ დააკვირდეთ: განმარტოვდეთ ან მეგობრების მხიარულ გარემოცვაში სასიამოვნოდ გაატაროთ თავისუფალი დრო.
ბათუმიდან მირვეთამდე შეგიძლიათ ველომარშრუტი დაგეგმოთ, რისთვისაც სამთო ველოსიპედი დაგჭირდებათ. ველომარშრუტები ბათუმის ტურისტული ცენტრებიდან იწყება, მათგან ერთ-ერთი საბაგიროსთან, მეორე კი ბულვარის შესასვლელთან მდებარეობს, მარშრუტის რუკა სწორედ ამ ცენტრებშია ხელმისაწვდომი. ველომარშრუტი მთლიანად მარკირებულია, შეგიძლიათ ბათუმის ბულვარიდანვე გაუყვეთ გზას ან ველოსიპედი ავტობუსით, საკუთარი ავტომობილით მიიტანოთ მირვეთის ხიდამდე ველომარშრუტი კი პირდაპირ სოფელ მირვეთის მიხვეულ-მოხვეული ორღობეებიდან დაიწყოთ.
სოფლის გზის დასაწყისშივე გხვდებათ ძალიან ძველი, ხის სასიმინდეები. აუცილებლად მოგინდებათ ჭოროხის ულამაზეს ნაპირებზე შეჩერება, პეიზაჟებით ტკბობა და წყლის ჩხრიალის მოსმენა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის, რაც აქ დაგხვდებათ.
სოფლის გზა ზოგან მოასფალტებულია, ზოგან მყარგრუნტიანი. მირვეთის ველოსიპედით მოვლა თავისუფლადაა შესაძლებელი. სოფელი დიდი არ არის, 2-3 საათში ყველაფერს ნახავთ, თუმცა შეუძლებელია აქ, უბრალოდ, გაისეირნო და მალევე დაბრუნდე უკან. ყველა ადგილი შეჩერებას, შესვენებას ითხოვს და სანაცვლოდ გრძნობთ, როგორ გევსებათ გონება სასიამოვნო ფიქრებით, თავისუფლად იწყებთ სუნთქვას და ირგვლივ მხოლოდ ბუნების ხმებია გაბატონებული.
სოფლის მთავარ გზაზე დადგომისას მალევე შეხვდებით აბრას, რომელიც ახლომდებარე ჩანჩქერის მიმართულებას გამცნობთ. ჩანჩქერი 20 მეტრის სიმაღლიდან ეშვება. ჩანჩქერთან ყოველთვის ტურისტების სიმრავლეა, დაგუბებულ, ანკარა წყალში აქ ბანაობაცაა შესაძლებელი.
ჩანჩქერამდე ღია მწვანე ხავსით დაფარულ, კოლხური ბზის ხეივანს მიუყვებით. ეს ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და განსაკუთრებულ მოფრთხილებას საჭიროებს – გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.
ჩანჩქერის საპირისპირო მხარეს, მიმანიშნებელი აბრებით მალევე მიადგებით მე-13 საუკუნის ქვის თაღოვან ხიდს. აჭარაში არაერთი ასეთი ხიდია და მათ, ზოგადად, თამარის ხიდებს უწოდებენ.
აქ საპიკნიკე ადგილია მოწყობილი, შეგიძლიათ მაყალზე შეწვათ მწვადი, იქვე მოწყობილ მაგიდაზე გაშალოთ სუფრა, საქანელებზეც იქანაოთ, ველოსადგომთან დააყენოთ ველოსიპედი, მოიმარაგოთ წყაროს სუფთა წყალი გზის გასაგრძელებლად.
მყუდრო, ტყისპირა სოფელი
მირვეთში სულ 25-30 კაცი ცხოვრობს – 16 ოჯახი. მათგან 13 სოფელში მთელი წლით, ზამთრობითაც რჩება. თუ თევზაობის მოყვარული ხართ, აქ მდინარის უგემრიელეს თევზს დაიჭერთ და ადგილზევე, კოცონზე მოამზადებთ. ექსტრემალური გართობის მოყვარულები ჭოროხსა და აჭარისწყალზე ჯომარდობის ტურით ისარგებლებენ. ახლომახლო კარვის გასაშლელი ადგილებიცაა ჭოროხის სანაპიროებზე. თუ სოფელში დარჩენას გადაწყვეტთ, ღამის გასათევი ადგილის პოვნა არ გაგიჭირდებათ. თითქმის ყველა ოჯახს შეუძლია სტუმრის მიღება – ზაფხულობით აქ საოჯახო სასტუმროებია მოწყობილი.
ველოსიპედით თუ ფეხით სეირნობისას ხელს არავინ და არაფერი გიშლით. მთელი გზა ჭოროხთან ახლომდებარე ბილიკებზე წყლის ჩხრიალს, ორღობეებში კი ჩიტების ჭიკჭიკს ისმენთ.
გემრიელი ვახშამი სასიამოვნო დასვენების დასასრულს
თუ ქალაქიდან სამწვადე ხორცის ან სხვა რამის წაღება გეზარებთ, მირვეთში ნამდვილად არავინ დაგამშევთ. მეტიც: ძალიან იაფადაა შესაძლებელი გემრიელი ვახშმის ან სადილის შეკვეთა. ერთი ადამიანი სულ რაღაც 15 ლარად აქ უგემრიელეს ვახშამს მოიწყობს ახალი, სეზონური ხილის უგემრიელესი კომპოტის თანხლებით. სხვა კერძებთან ერთად აქვთ გემრიელი ხაჭაპური, შემწვარი თევზი და მწვადი. თუ ალკოჰოლის მოყვარული ხართ და წითელი ღვინო გირჩევნიათ, ფასი, ცხადია, შეიცვლება. კერძების შეკვეთა აჭარისწყლის რესტორანში შეგიძლიათ, რომელიც მირვეთიდან კილომეტრითაა დაშორებული და ღვთისმშობლის ეკლესიასთან ახლოს მდებარეობს.
თუ მირვეთშივე მსუბუქად წახემსება გსურთ, ჩაი, ყავა, ცივი სასმელები და სენდვიჩი შეგიძლიათ „ზურაბის ქოხში” სახელდახელოდ მოწყობილ ღია ტერასაზე მიირთვათ. აქვე იყიდება ადგილობრივი თაფლი, მურაბა და ტყის მარწყვის უგემრიელესი ჯემი.
მირვეთი ყველანაირი ტურისთვის საინტერესო ადგილია: ექსტრემალების, მშვიდი დასვენების მოყვარულებისა და მათთვის, ვისაც ბევრი დრო არ აქვს ქალაქიდან გასასვლელად, თუმცა ყველაფრისგან დასვენება სურს, თუნდაც ცოტა ხნით, ქალაქიდან არც ისე შორს, მაგრამ საინტერესოდ და მრავალფეროვნად.
ინფორმაცია მირვეთში წამსვლელთათვის