სიახლეები - GoBatumi
რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

რატომ უნდა ჩამოხვიდეთ ბათუმში

შეიძლება ზღვისპირა ქალაქში ოთხივე სეზონი მიმზიდველი იყოს? თუ ბათუმზე ვსაუბრობთ, შეიძლება. თბილი კლიმატით, ძველი და ახალი არქიტექტურით, ულამაზესი ბოტანიკური ბაღითა და მარადმწვანე ბულვარით ბათუმი წელიწადის ყველა დროს ერთნაირად მიმზიდველია

ამ ქალაქის ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან იწყება და მის შესახებ პირველი ცნობები ჯერ კიდევ ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება, თუმცა ბათუმის ქალაქად გადაქცევის ისტორია XVIII-XIX საუკუნეებში დაიწყო.

წარმოიდგინეთ, შავ ზღვაში შეჭრილი ყურე და პატარა, დახრილსახურავებიანი სახლები სანაპიროზე, ვიწრო ქუჩები, ბაზრობები, თევზის გამყიდველები… ზღვის ყურეში იალქნიანი გემები ირწევიან და ქუჩაშიც ისმის მეზღვაურების გადაძახილი. აი, ასეთი იყო ბათუმი XIX საუკუნის შუა წლებში. მოხერხებულმა ნავსადგურმა უამრავი ქართველი და უცხოელი მოიზიდა ამ ადგილას და პატარა დასახლება ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ქალაქად იქცა.

1876 წელს ბრიტანული გაზეთი „დეილი ნიუსი“ წერდა, რომ ბათუმის ნავსადგური ერთადერთი უსაფრთხო ნავსადგურია შავიზღვისპირას, რადგან ძლიერი ქარი აქ არასდროს უბერავს.

ბათუმმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მსოფლიოში ნავთობის ბიზნესის განვითარების პერიოდში შეიძინა. XIX საუკუნის ბოლოს სწორედ ბათუმის ნავსადგურიდან გადიოდა ევროპაში  მსოფლიო ნავთობის 26 პროცენტი. ბათუმით დაინტერესდნენ ისეთი ცნობილი კომერსანტები, როგორებიც იყვნენ ალფონს როტშილდი და ძმები ნობელები. ძველი ნავსადგური გაფართოვდა, ყურეში შემოსული გემების რაოდენობა გაიზარდა, ქალაქი მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან და ბათუმი თანდათან იქცა კულტურათა და რელიგიათა შეხვედრის ქალაქად. სწორედ ამან შექმნა ბათუმის ტოლერანტული, მულტიკულტურული ხასიათი.

ბათუმში დღესაც ნახავთ მართლმადიდებლურ, კათოლიკურ და გრიგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთსა და სინაგოგას, შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, აზერბაიჯანელებს, რუსებს, უკრაინელებს, ებრაელებსა და იეზიდებს, რომლებიც საუკუნეზე მეტია ბათუმში ცხოვრობენ და ინარჩუნებენ კულტურულ თვითმყოფადობას.

თანამედროვე ბათუმი განვითარებული ქალაქია, საუკეთესო ზღვისპირა პლაჟებით, მუზეუმებით, პარკებით, მრავალფეროვანი სასტუმროებითა და კაზინოებით.

თუ ქალაქის ისტორიას გინდათ გაეცნოთ, ძველ ბათუმში უნდა გაისეირნოთ. აქ სრულად შეიგრძნობთ ბათუმისთვის დამახასიათებელ, XIX-XX საუკუნეების ევროპული არქიტექტურის მომხიბვლელობას. მოკირწყლულ ქუჩებს გაივლით და ძველ ბათუმში აღმოჩნდებით. დახვეწილი ჩუქურთმებით მორთული აივნიანი სახლები უმეტესად ორ და სამსართულიანია, აივნებზე ყვავილების ქოთნებია, სახლებს კი ულამაზესი, ფერადი კარები აქვთ. საღამოობით ქუჩებზე ლამპიონები ინთება და ძველი ბათუმი კიდევ უფრო მომაჯადოებელი ხდება.

ქალაქის ძველ უბანში არასდროს დაიკარგებით, ამისთვის საკმარისია ძველი ბათუმის ერთი პატარა საიდუმლო იცოდეთ – ყველა მთავარ ქუჩას ზღვისკენ მიჰყავხართ, ნავსადგურისკენ, რომელიც ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ქალაქში. ამიტომაც უწოდებენ ბათუმს ქალაქს, რომელიც ზღვას უყურებს.

ძველი ბათუმის გულში მდებარეობს პიაცა, მოედანი კაფე-ბარებითა და რესტორნებით. შაბათ-კვირას ბათუმის პიაცაზე ხშირად შეხვდებით ახალდაქორწინებულ წყვილებს, რომლებსაც აქ ფოტოების გადაღება ძალიან მოსწონთ.

ბათუმის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ადგილი ევროპის მოედანია, სადაც ყველაზე ხშირად ნახავთ უცხოელ ტურისტებს. ახლოს მდებარეობს ბათუმის უძველესი კინოთეატრი „აპოლო“, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია აქვს და ახლაც მოქმედია.

ბათუმის არქიტექტურასა და ქალაქის ცხოვრების მჩქეფარე რიტმს 1899 წელს ბათუმში  ჩამოსულ ნორვეგიელ მწერალზე, ნობელის პრემიის ლაურეატ კნუტ ჰამსუნზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია. წიგნში – „ზღაპრული ქვეყანა“ იგი წერს, რომ ბათუმელები ევროპულ ყაიდაზე ცხოვრობენ და ბათუმის ბულვარში საღამოობით უკანასკნელ მოდაზე ჩაცმული ადგილობრივები და უცხოელები სეირნობენ. ჰამსუნი წერს, რომ ის სწორედ ბათუმში შეხვდა მსოფლიოში ყველაზე წვრილცხვირიანი ფეხსაცმლით მოსეირნე დენდს, რომელმაც მისი ყურადღება მიიქცია.

ბათუმის ბულვარი ახლა კიდევ უფრო მიმზიდველი და ხალხმრავალი ადგილია, ვიდრე საუკუნის წინ იყო. მისი გაშენება  XIX საუკუნის ბოლოს გერმანელმა, ფრანგმა და ქართველმა მებაღეებმა დაიწყეს. დღისით აქ დაუსრულებლად შეიძლება წიწვოვანი ხეების ხეივნებში სეირნობა, აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცნობილი ბათუმური ყავა და ადგილობრივი სამზარეულო და დატკბეთ ზღვის ხედით.

ბულვართან ახლოს ცენტრალური პარკია, რომელიც ტბის პირასაა  გაშენებული. აქ, მწვანე მდელოებსა და ხეების ჩრდილქვეშ დასვენება ყველას უყვარს. ცენტრალური პარკის უძველესი ხე, კიპარისი, უკვე 130 წლისაა, იგი 1888 წელსაა დარგული.

თუ მუზეუმების დათვალიერებას გადაწყვეტთ, არქეოლოგიურ მუზეუმს ეწვიეთ. მუზეუმში აჭარაში აღმოჩენილ უძველეს ოქროს სამკაულებს ნახავთ, რომელთა სინატიფე ახლაც გაოცებას იწვევს. ყველა სამკაულს თავისი ისტორია აქვს, ამ ისტორიის უკან დგანან კოლხები და  ელინები, რომლებიც ოცი და მეტი საუკუნის წინ აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ოქროს ფონდის გარდა მუზეუმში დაცულია ძვ. წ. აღ. V-IV საუკუნეების ბერძნული ნეკროპოლისის და ძვ. წ. აღ. V საუკუნის კოლხური სამაროვნისა და ელინიზმის ეპოქის არქეოლოგიური მასალები. მუზეუმის სალონში ზოგიერთი ნივთის ასლის შეძენაც შეგიძლიათ.

ბათუმიდან 12 კილომეტრის დაშორებით კიდევ ერთი საინტერესო ადგილი, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალია, ისტორიული ციხე-სამაგრე, რომლის მიმართაც საუკუნეების განმავლობაში ინტერესდებოდნენ რომის, ბიზანტიისა და ოსმალეთის იმპერიები.

კიდევ ერთი ადგილი, რომლის ნახვასაც გირჩევთ, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, 11 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში უამრავი სახეობის მცენარის ნახვა შეგიძლიათ, მათ შორის 107 სახეობის ვარდისა და 67 სახეობის კამელიის. ასწლოვანი ხეების ხეივნებში აყვავებული ვარდები და კამელიები, პარკები და პანორამები ზღვის ხედზე, ამ ადგილს დაუვიწყარს ხდის.  ბოტანიკური ბაღის გადმოსახედიდან კარგად ჩანს ბათუმის ცნობილი ყურე და ქალაქის ახალი კონტურები, ცათამბჯენები და კოშკები.

ბათუმს თავისი რიტმი აქვს და ეს რიტმი იგრძნობა ყველგან, ისტორიულ ქუჩებშიც და ქალაქის უფრო ახალ ნაწილშიც, სადაც თანამედროვე არქიტექტურა ბათუმის ახალ სახეს გაჩვენებთ. აქ შუშის ცათამბჯენებზე შავ ზღვაში ჩამავალი მზე ირეკლება და დახვეწილი ფორმების გამო რამდენიმე შენობას მომავლის არქიტექტურასაც კი უწოდებენ.

ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს 130 მეტრი სიმაღლის კოშკი, რომელზეც ქართული ანბანის  ასოებია გამოსახული, კოშკთან ახლოს კი „საოცრებათა პარკია“, ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ადგილი ბათუმში, სადაც, ზღვის პირას, მდებარეობს შეყვარებული წყვილის მოძრავი ქანდაკება.

ღამის ცხოვრების მოყვარულებს ბათუმი დიდ არჩევანს სთავაზობს: ზოგს ბათუმის ბულვარში სეირნობა მოსწონს, სადაც სხვადასხვა ფერად განათებული მუსიკალური შადრევნები მთელი ღამე ცეკვავენ, ზოგს ღამის კლუბები იზიდავს, ზოგს – ბათუმის კაზინოები, ზოგსაც ზაფხულში, ზღვისპირა ბუნგალოში ურჩევნია გართობა.

და არ დაგავიწყდეთ, ბათუმს გადმოხედოთ ზემოდან. ქალაქის ძველ ნავსადგურთან საბაგირო გზა იწყება, რომელიც მთისკენ, ზღვის დონიდან 256 მეტრზე მიემართება. აქ, პანორამული გადმოსახედიდან, შეგიძლიათ ბათუმის ხედით, მთისა და ზღვის კონტრასტით დატკბეთ.

ბათუმი გელით!

თეგები: