სიახლეები - GoBatumi
შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

შემოდგომა აჭარაში შუამთის მისტიურ ტბებზე

„სათოვლია რომ გეიშლება მთიდან უნდა გედეიბარგო“, – ამბობენ აჭარის მაღალმთიანეთში მემთეურები. სათოვლია ალპური, თეთრი ყვავილია შროშანისებრთა გვარიდან. სხვაგვარად უცუნასაც ეძახიან. სათოვლიების გაშლა მალე აცივების და გათოვების მანიშნებელია. შუამთის ალპური ველებზე უკვე  ყვავის ეს თეთრი ყვავილები.

მემთეურთა სახლები ცარიელია. ირგვლივ სრული სიჩუმეა. გესმის მხოლოდ ხეობებიდან მონაბერი სექტემბრის ქარების ხმა და ქინქლების ბზუილი.

ალპურ ზონაში ხეები არ ხარობს, ირგვლივ მხოლოდ შიშველი მთები და უსაზღვრო სივრცეა. ერთ მთას რომ გადაივლი მეორე ჩნდება, მეორეს გადაივლი მესამე და ასე, დაუსრულებლად.

შუამთაში ჯერ პირველი, მომცრო ტბა გხვდებათ, შემდეგ მეორე და ბოლოს მესამე – დიდი ტბა. აქ აუცილებლად უნდა შეჩერდეთ. თუ გორაზე ახვალთ, ტბა ხელისგულივით გამოჩნდება. ერთ მხარეს ტბაა, მეორე მხარეს ნაძვნარში ჩაფლული სოფელი მთისუბანი მოჩანს. ტბაში ღრუბლები სარკესავით ირეკლება.

შუამთის მეორე ალპური ტბა

აქედან მალე წასვლა არავის მოუნდება. აუცილებლად კარვით უნდა დარჩე და სიჩუმეს დიდხანს უსმინო. ტბისპირა, გამოკეტილი ხის ქოხმახები შემოდგომაზე სევდიანი და იდუმალი სანახავია. შუამთა მემთეურებმა უკვე დატოვეს, ზამთრის სამყოფი ყველი, ნაღები და კარაქი დააბინავეს, საქონელიც გარეკეს და ბარისკენ დაადგნენ გზას. ხის ქოხმახები ზაფხულამდე იქნება გამოკეტილი. მერე კი ყველაფერი ახმაურდება, აქაურობა ბებია-ბაბუებითა და ბავშვებით აივსება.

შუამთის მესამე, ყველაზე დიდი ტბა.

ტბის ირგვლივ ვრცელი ვაკეა, სადაც კარვების გაშლა შეგიძლიათ, სოფელში წყაროცაა და დარჩენა არ გაგიჭირდებათ. შეუძლებელია შუამთის ტბებზე წახვიდეთ და რამდენიმე დღით დარჩენა არ მოგინდეთ. შეუძლებელია ეს იდუმალი და მისტიური ადგილი მხოლოდ ერთი დღით მოინახულოთ. თუ კარგი ამინდია, ოთხ, ხუთ საათამდე აქ ცა მოწმენდილია, მერე ხეობა ნისლში ეფლობა და კარავში უნდა შეიხიზნოთ, ჩაი წრუპოთ და ბურუსს დააკვირდეთ.

როგორ მივიდეთ შუამთის ტბებამდე

ბათუმიდან შუამთის ტბებამდე მისასვლელად დაახლოებით 3 საათი დაგჭირდებათ. ფურტიოს ხიდთან გადაუხვევთ, გზად ზამლეთს, სხალთისა და ხიხაძირის ხეობებს გაივლით. ხიხაძირიდან შუამთის ტბებამდე შეგიძლიათ მანქანით, ცხენებით, ან ფეხით ახვიდეთ.

ხიხაძირიდან შუამთამდე ფეხით რთულად დასაძლევი, ქვაღორღიანი გზის დაძლევა მოგიწევთ, ფეხით იქ ასასვლელად დაახლოებით 2 საათია საჭირო, ამდენივე დრო დაგჭირდებათ ჩამოსასვლელადაც. ფეხით მარშრუტის გასავლელად აუცილებელია გეცვათ კომფორტული, მთისთვის განკუთვნილი შესაბამისი ფეხსაცმელი, საწვიმარი, აღჭურვილობა და, ცხადია, შესაბამისი ფიზიკური შესაძლებლობა.

ხიხაძირში რამდენიმე ოჯახს ჰყავს ცხენები. შეგიძლიათ იქირაოთ და ასე ახვიდეთ ტბებამდე.

ამავე სოფელში საოჯახო სასტუმროებში თითქმის ყველას აქვს ორხიდიანი მანქანა, რითაც ასევე შეგიძლიათ ტბებამდე ასვლა. მანქანის დაქირავება 50-70 ლარი ღირს.

შუამთის გზის ასავლელად აუცილებელია ერთი დღე-ღამის განმავლობაში მაინც უნალექო ამინდი იყოს, მოცურების საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

ტბების მოსანახულებლად მსურველებს საგუშაგოს გავლა მოუწევთ, რადგან იქვე ახლოს, ხიხანის ციხესთან თურქეთის საზღვარია. საგუშაგოს გასავლელად აუცილებელია თან გქონდეთ პირადობის მოწმობა.

საოჯახო სასტუმროები ხიხაძირში

იაშა გაბაიძის საოჯახო სასტუმრო ხიხაძირში
შეიძლება იფიქროთ, რომ კორონავირუსის პანდემიისას მოგზაურობასა და საოჯახო სასტუმროებზე საუბარიც ზედმეტია. ასე არ არის. ხიხაძირის მკვიდრი იაშა გაბაიძე ამბობს, რომ მისმა საოჯახო სასტუმრომ წელს ზაფხულში 500-ზე მეტი ადგილობრივ მოლაშქრეს უმასპინძლა – როგორც შუამთის ტბების, ასევე ხიხანის ციხის მონახულების მსურველებს. იაშა გაბაიძის თქმით, ზაფხულის განმავლობაში მას დღეში ხანდახან ორჯერაც კი უწევდა ხიხანის ციხეზე ასვლა მოლაშქრეებთან ერთად. იაშა გაბაიძე ადგილობრივი გიდი და გამყოლია, მის საოჯახო სასტუმროს „ხიხანი“ ჰქვია. აქ ერთდროულად 12 ადამიანის განთავსება შეიძლება, ოჯახში უგემრიელეს, ადგილობრივ კერძებს დაგიმზადებენ, ღამესაც გაათევთ და მასპინძელი საკუთარი მანქანითაც მოგემსახურებათ.

გურამ ხალვაშის საოჯახო სასტუმრო
აქ ათი ადამიანი შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ოთახში, იზოლირებულად. ეს სასტუმროც თანაბრად ახლოსაა როგორც ხიხანის ციხესთან, ასევე შუამთის ტბებთან. კვების გარეშე ღამეს აქ დღეში 30 ლარად გაათევთ, სამჯერადი კვების შემთხვევაში კი ფასი 50 ლარამდე იმატებს. მასპინძლებს აქაც ჰყავთ ორხიდიანი მანქანა და დაგეხმარებიან მოინახულოთ ხიხანის ციხე, შუამთის ტბები, ცივი ტბა და ყარაგოლის ტბაც.

სოფელ ხიხაძირში დაახლოებით 15 საოჯახო სასტუმროა, ერთდროულად ამ პატარა სოფელში ასამდე სტუმარი დარჩება.

ტრანსპორტირება, გიდობა, ღამისთევა და კვება – საოჯახო სასტუმროების უმრავლესობა მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს ხიხაძირში დარჩენის მსურველ მოლაშქრეებსა და ტურისტებს.

თეგები: