10 მიზეზი - GoBatumi
Long sea season

Long sea season

აჭარის მთავარი ქალაქი – ბათუმი ამერიკის მასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილად დაასახელა, Forbes-მა კი „ხავერდოვან სეზონზე“ დასასვენებელი საუკეთესო კურორტების ხუთეულში” შეიყვანა. შავი ზღვის თეთრმა ქალბატონმა იტალიის, პორტუგალიის, საბერძნეთისა და ესპანეთის კურორტებს გაუწია კონკურენცია. ჟურნალმა ,,National Geographic Traveler” ბათუმი დაასახელა ,,ევროპის ათ საუკეთესო ადგილთა შორის ვიქენდის გასატარებლად“ ისეთი ქალაქების გვერდით, როგორიცაა ამსტერდამი, პალერმო, ბელგრადი და ნიცა, ხოლო ინტერნეტ პორტალმა ,,MOMONDO” ბათუმი ,,2019 წლის ბიუჯეტური დასვენების საუკეთესო ადგილთა“ შორის მოიხსენა.

ტურიზმის განვითარების მიზნით, საქართველოში არაერთი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა სახალხო თუ საერთაშორისო ფესტივალები, რომელიც აჭარის რეგიონში, უმეტესად, ბათუმში ტარდება და იზიდავს როგორც ადგილობრივ ისე უცხოეთიდან ჩამოსული სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა და გემოვნების მაყურებელს. ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების პარალელურად, ბათუმი უფრო და უფრო ხშირად მასპინძლობს საერთაშორისო დონის მუსიკალურ ჯგუფებს.

აჭარაში საშუალება გეძლევათ მოინახულოთ ისეთი ისტორიული ადგილები, როგორიცაა გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე, პეტრასა და ხიხანის ციხეები, თაღოვანი ხიდები და რელიგიური ძეგლები. ბათუმში ახალი პაემნების არაერთი ადგილს იპოვით: ბულვარში მდებარე კოლონადები, ბათუმის შუქურა და ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი და ასტრონომიული საათი, პიაცა და სალამურიანი ბიჭი, მედეასა და ალისა და ნინოს ქანდაკებები. შეეხეთ მშვენიერებას და მოიარეთ კონტრიშისა და ქობულეთს დაცული ტერიტორიები, მტირალასა და მაჭახელას ეროვნული პარკები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი, ასევე მწვანე ტბა - ადგილები, რომლებსაც ეკო ტურიზმის მოყვარულები მთელი წლის განმავლობაში სტუმრობენ.

ბათუმი მიმზიდველი ადგილია არამარტო ზაფხულში, არამედ გაზაფხულსა და შემოდგომაზეც. შავ ზღვაში ბანაობა მაისის დასაწყისიდანაა შესაძლებელი, სექტემბერ-ოქტომბერშიც კი - სარფის, გონიოს, კვარიათის, ბათუმის, მახინჯაურის, ციხისძირის, მწვანე კონცხისა და ქობულეთის პლაჟებზე.

აჭარის სტუმართმოყვარე მოსახლეობა და სასიამოვნო გარემო შესანიშნავ ფონს ქმნის სოფლის ტურიზმისთვის. აჭარის სოფლებში არსებობს დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ სტუმრებმა ბუნებაში დასვენება მეცხოველეობას, მეფრინველეობას, მებაღეობას, მეღვინეობას, მეფუტკრეობას და სხვა საქმიანობებს შეუთავსონ.

აჭარის სოფლებში შეძლებთ უშუალოდ გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, ფოლკლორულ და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, შეისწავლოთ ხელობები, გაიგოთ, ხელით როგორ დაამუშაოთ ხე ან ქვა, დაამზადოთ მუსიკალური და სამუშაო ინსტრუმენტები, ისწავლოთ ქსოვა და ქარგვა. აქ პოპულარულია, ასევე, ველოტურები, კლდეზე ცოცვა, ნადირობა, თევზაობა და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების მონახულება, რომლითაც ასე მდიდარია აჭარა.

ზამთარი ბათუმში თბილია. მაღალმთიან აჭარაში ინტენსიურად შენდება სამთო-სათხილამურო კურორტები, რომელთაც სპორტულის გარდა, სამკურნალო-რეკრეაციული დანიშნულება აქვთ და წლის ოთხივე სეზონისთვისაა გათვალისწინებული. აჭარის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 2350 მეტრ სიმაღლეზე, უკვე მუშაობს სამთო-

სათხილამურო კურორტი „გოდერძი“, რომელსაც წელიწადში 20 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. სულ მალე კურორტი ერთდროულად 7000 მოთხილამურის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაშია კომფორტული კოტეჯები და სასტუმრო, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, საბაგირო გზები. კარგ მასპინძლობას გაგიწევენ სხვა მაღალმთიანი კურორტები – გომარდული, ქედლები და ბეშუმი.

გურმანებისთვის, რომლებიც ახალი კერძების დასაგემოვნებლად ყოველთვის მზად არიან, აჭარა ნამდვილი აღმოჩენაა. აქ თქვენ უნიკალური, ორგანული პროდუქტებით დამზადებული კერძები, ტრადიციული, განსხვავებული სამზარეულო გელოდებათ. ტურისტებში ყველაზე ცნობილი აჭარული ხაჭაპურია – ნავის ფორმის კერძი ცომით, ყველით, კარაქითა და კვერცხით. თუმცა, მის გარდა, აჭარა გთავაზობთ კიდევ არაერთ კერძს, რომელიც, სუფრასთან გატარებულ დროს ზეიმად აქცევს. ბევრი ტურისტისთვის აჭარა ღვინის ტურიზმითაა საინტერესო. საქართველოს ამ სტუმართმოყვარე კუთხეს არაერთი ადამიანი სწორედ ღვინის დასაგემოვნებლად სტუმრობს. მეღვინეობა-მევენახეობის ტრადიციებს საქართველოში 8000-წლიანი ისტორია აქვს. UNESCO-მ ქართული ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას აჭარა წარმოადგენს. განსაკუთრებით განვითარებული მეღვინეობა ქედის მუნიციპალიტეტშია. აჭარაში წარმოებული ღვინის უნიკალური სახეობებია „ქედის ცოლიკაური” და „ჩხავერი”. ეს ის ღვინოებია, რომლითაც მთავარი სადღეგრძელო უნდა დალიოთ.

ზღვისა და მთის კომბინაცია, განუმეორებელი პეიზაჟები, მშვიდი გარემო და ქართული სტუმარმასპინძლობა - აი, რა იზიდავს სტუმრებს ბათუმსა და აჭარაში, წლის ოთხივე სეზონზე.

თეგები: