თუ მთის პეიზაჟები და ისტორიული მისტერიები შენი შთაგონების წყაროა, მაჭახელა საუკეთესო იდეა იქნება. ეს არის ხეობა ეთნო-სოფლებით, მდინარეებით, ხიდებით, ციხეებით, ჩანჩქერებითა და საიდუმლოებებით, რომლებიც აქ საუკუნეებია ინახება
საიდუმლო №1
იცოდი, რომ თოფი “მაჭახელა” პირველი ქართული ცეცხლსასროლი იარაღია და ის პირველად მე-16 საუკუნეში სწორედ ამ ხეობაში დამზადდა?
ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრი ზაზა ნაგერვაძე თავად მოგიყვება თუ მის სამჭედლო-სახელოსნოს ეწვევი. ზაზა თოფებს ბავშვობიდან აკეთებს და ამ შედევრების დასამზადებლად დღემდე იყენებს ძველ სამჭედლო ტექნოლოგიას. რომ იცოდე, აქ რამდენი უცნობი ისტორიაა თავმოყრილი ...
საიდუმლო №2
ეს ინსტალაცია არ გეგონოს, ნამდვილი ქვემეხია და სოფელ სკურდიდში მეორე მსოფლიო ომის დროიდან დგას. რა დანიშნულება ჰქონდა ქვემეხს, სჯობს ადგილზე გაიგო
საიდუმლო #3
გვარას ციხესაც იგივე ფუნქცია ჰქონდა, რაც ქვემეხს, თუმცა გაცილებით ადრე - სადღაც მე-6 მე-7 საუკუნეში.
ციხე აშენებულია კლდოვან ბორცვზე. იქედან იშლება, როგორც ჭოროხის, ისე მაჭახლის ხეობის გამაოგნებელი სივრცე.
ციხისკენ მიმავალი ბილიკი კი ერთხანს დაგავიწყებს სად მიდიოდი ...
საიდუმლო №4
ცხემლარას თაღოვანი ხიდი 7-10 საუკუნის წინ ქვითა და კირით ააგეს და არ გაინტერესებს რამდენ ხანს გადაადგილდებოდნენ ადგილობრივები ამ ხიდზე?
საიდუმლო №5
სოფლის მცხოვრებლები გაგიმხელენ, როგორ ააგეს ჰაერში დაკიდული ხიდი, რომელიც თავიდან ბოლოში გასვლამდე ჰამაკივით ირწევა
საიდუმლო №6
ადრე მეჩეთი - ახლა ეთნოგრაფიული მუზეუმი
გასაოცარი არ არის? 300 წელია როგორ ინარჩუნებს ხის ეს ორნამენტები ფერებს?
მიზეზი №1 - ეკო სამოთხე
მაჭახელას ეროვნული პარკისკენ მარშრუტები ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გზები კი კოლხური ტიპის ველურ ტყეში შედის და მთავრდება:
1. მთავარანგელოზის მთასთან; 2. გადასახედთან, საიდანაც მოსაზღვრე თურქეთის დაცულ ტერიტორიას და ხეობაში განლაგებულ მაჯისა და ხელის ფორმის სოფლებს (აქედან მოდის სახელი “მაჭახელი”) შეგიძლია გადაავლო თვალი და 3. ტყუპ ჩანჩქერთან
მიზეზი №2 - ჩანჩქერი
დანახვისთანავე ისე მოგაჯადოებს, რომ დარწმუნდები ეს ერთერთი საოცარი პეიზაჟია, რაც მოგზაურობისას შეგხვედრია
მიზეზი №3 - შემოდგომის არნახული პეიზაჟები
დაკლაკნილი გზების შარმი, მწვანე მდინარეები თავზე მდგომი შეფერადებული მთებითა და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურებით - უდაბნოს სივრცეში იშლება
აღმოჩენების გზა, რომელსაც ხეობის მთავარ საიდუმლომდე მიყავხარ, ბათუმიდან 22 კილომეტრში სწორედ აქედან, ცნობილი თოფის მონუმენტიდან იწყება