ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიაზე ხშირად საუბრობენ. ქალაქელებს ძალიან უყვართ უცხოელებთან საუბრისას ხაზგასმა თუ რაოდენ ლამაზი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით გამორჩეული ქალაქი გვაქვს. გვინდა დღეს ერთი საკმაოდ საინტერესო ფაქტი გაგანდოთ, რომელიც, როგორც ბათუმელებს, ასევე ამ ქალაქის გულშემატკივრებსაც ძალიან დაგაინტერესებთ.
ბათუმელებს არა მხოლოდ კირით, ქვით და აგურით ნაგები ძეგლების ხნოვანებით და მათი შექმნის იდეის ავტორების სიდიადით შეგვიძლია დავიკვეხნოთ, არამედ საუკუნოვანი და არანაკლებ სახელოვანი ხეებით. დიახ, სწორად გაიგეთ. ხეებით, რომლებიც ძეგლებზე მეტად თუ არა ნაკლებად ნამდვილად არ ამშვენებს ქალაქს და გარემოს.
დავიწყოთ ყველაზე ცნობილი ხით, რომელიც ასევე საკმაოდ ცნობილმა პერსონამ დარგო ბათუმში. ამის შესახებ 1888 წლის ბათომის ქუჩებში ყველა საუბრობდა. თუმცა მხოლოდ ბათომი კი არა მაშინდელი დიდი რუსეთის დიდი იმპერიაც. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მთელი წლის ამბავი იყო. საპორტო ქალაქს სრულიად რუსეთის იმპერატორი, მისი აღმატებულება ალექსანდრე მესამე ეწვია მისი ავგუსტესობის სახლობითურთ. ბათუმური სექტემბრის ჩვეულებრივი თვე იმპერატორმა მისი ვიზიტით ბედნიერჰყოო იძახდნენ. ეწვია ბათომს და ამ მოვლენის აღსანიშნავად მამამისის სახელობის უკვე არსებულ სკვერში ჭაობის კვიპაროსი დარგო. გამწვანების და ქალაქდაგეგმარების ზენიტისაკენ მიმავალი ქალაქისთვის იმ დროს ეს მართლაც ისტორიული და ძალზედ ღირებული მოვლენა იყო. თვით იმპერატორმა, დარგო, კვიპაროსი, ბათუმში, მისი ხელით, ხოო... ამაზე დიდხანს საუბრობდნენ, იხსენებდნენ, მიდიოდნენ, ნახულობდნენ, კივპაროსსაც უვლიდნენ, ეფერებოდნენ, ამაგრებდნენ, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა ერთ ბათუმურ, გიჟურ ქარიან საღამოს იმპერიის ბურჯის მიერ დარგული ხე უეცრად რომ წამოწოლილიყო? ამის უფლებას მას არავინ მისცემდა და ძალიანაც კარგი. ეს ტანმორჩილი და ნაფერები ჭაობის კვიპაროსი დღემდე ეგებება ბათუმის ცენტრალ პარკში შემსვლელთ ბათუმურად ლაღად გადაშლილი ტოტებით.
ბათუმი არა მხოლოდ იმპერატორების საყვარელი ქალაქი იყო, მას ხშირად სტუმრობდნენ და ძალზედ ჰყვარობდნენ ხელოვანი ადამიანები, რა გასაკვირია რომ პოეტების, მწერლების და მსახიობების გვერდით ბათომის ქუჩებში მხატვრებიც დააბიჯებდნენ. გსმენიათ ალბათ ივანე აივაზოვსკის სახელი, მით უფრო მისი ნახატი, მეცხრე ტალღა ყველას კარგად გვახსოვს მინიმუმ სასკოლო სახელმძღვანელოებიდან. თუ ამ ცნობილი მარინისტი მხატვრის სხვა ფერწერული ტილოები ვერ გაიხსენეთ, არაუშავს. მე სხვა რამეზე მინდა გიამბოთ. კერძოდ კი 1890 წლის დეკემბრის თვეზე, როცა ბათუმში სტუმრად მყოფმა აივაზოვსკიმ, რომელიც თავად მიხეილ ნაკაშიძესთან იყო სტუმრად, ახლანდელი კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მაგნოლიის ხე დარგო. რატო მაინც და მაინც იქ?! იქ ადრე ხით ნაგები სომხური ეკლესია იყო, რომელიც 1886 წლის დიდთოვლობის დროს დაინგრა, ხოლო ახალი 1901 წელს კი ახალი სომხურ გრიგორიანული ტაძარი აშენდა. ამიერიდან გეცოდინებათ, თუ აივაზოვსკის მეცხრე ტალღის, ძველი ტიფლისის, ჩესმას ბრძოლის ან რომელიმე სხვა ფერწერული ნამუშევრის ხილვას ვერ შეძლებთ ორიგინალში - თამამად შეგიძლიათ მის მიერ დარგული კეკლუცი მაგნოლია იხილოთ სომხური ეკლესიის გვერდით.
იმპერატორი ვახსენეთ. აქვე მინდა ვთქვა რომ მის მიერ ბათუმის გამწვანების საქმეში შეტანილი წვლილი ამით როდი შემოფარგლულა. იმავე თვეს, იმათმა აღმატებულებამ მაგნოლია გრანდიფლორა დარგო მისი შვილის, მომავალი იმპერატორის ნიკოლოზ მეორეს სახელობის ბულვარში. ბათუმის ბულვარი იმ დროს ნიკოლოზის სახელობის იყო. კი გიყვებით ნიკოლოზის დროინდელ ამბებს, მაგრამ ეს მაგნოლია ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ამიტომაც ჩავთვალეთ საჭიროდ რომ ბოლოსთვის სწორედ ის მოგვეტოვებია. ნიკოლოზ მეორის ხე მამამისის კვიპაროსისაგან განსხვავებით 2016 წლის ბათუმურ დიდთოვლობას შეეწირა. დიდი მითქმა-მოთქმა იყო იმ ზამთარს ბათუმში, ბევრი ხე შეეწირა უხვ თოვლს. მაგრამ ბულვარის მკვიდრი ეს მაგნოლია ყველა ბათუმელისთვის რაღაცნაირად ახლო და საყვარელი იყო. ბევრი ვერსია იყო იმის თაობაზე თუ რა უნდა დარგულიყო ან არ დარგულიყო ბულვარის სავიზიტო ბარათად ქცეული ხის ნაცვლად. მაგრამ მაგნოლიამ თავად გადაწყვიტა რეიკარნაცია და დღეს, ძველი მაგნოლიის ფესვებზე ახალი სიცოცხლეა ამოიკვირტული. ის აღარავის არ დაურგავს, თავისით გადაწყვიტა განახლება. ამიტომაც ერთგვარი სიმბოლოა განახლების და ბულვარის ახალი სიცოცხლის.
აი ეს მცირე ექსკურსი ბათუმის ისტორიული ხეების შესახებ. ამიერიდან თამამად შეგიძლიათ ჩამოსულ სტუმრებს ბათუმის მშვენებაზე და წარსულზე ამ ხეების ჩრდილშიც ესაუბროთ.