ტოპ ფაქტები - GoBatumi
ისტორიული პირები, რომლებმაც ბათუმი მოინახულეს

ისტორიული პირები, რომლებმაც ბათუმი მოინახულეს

ბათუმი დაარსების მომენტიდან ხშირად იზიდავდა უცხოელ სტუმრებს და განსხვავებული პროფესიების, ინტერესებისა თუ სოციალური სტატუსით საინტერესო ადამიანებს უყრიდა თავს. ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმრებს შორის მოიძებნებიან განსაკუთრებით საინტერესო პიროვნებები.

გთავაზობთ 4 ისტორიულ პირს, რომლებმაც ბათუმი მოინახულეს:

 

ჯონ სტეინბეკი, ფოტო: Wikipediaჯონ სტეინბეკი

1947 წლის ზაფხულში დაიწყო ამერიკელი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობა საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ლეგენდარულ სამხედრო ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად. თავის "რუსულ დღიურებში" სტეინბეკი განსაკუთრებული აღტაცებით აღწერს საქართველოს და დიდ ადგილს უთმობს ბათუმს, რომელმაც მოხიბლა ის ულამაზესი ხედებით, ტროპიკული კლიმატით და ბუნების მრავალფეროვნებით. იმ პერიოდის ბათუმში მრავლად ყოფილა სანატორიუმები, სადაც დასვენების შესაძლებლობისთვის საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეებს ბევრი შრომა უხდებოდათ. "უკვე გვჯეროდა, რომ რუსების უმრავლესობა,  მთელი ცხოვრების პატიოსნად და ზნეობრივად გატრების შემთხვევაში, სიკვდილის შემდეგ სამოთხის ნაცვლად  საქართველოში მოხვედრას იმედოვნებდა, იქ, სადაც შესანიშნავი ჰაერი, ბარაქიანი მიწა და საკუთარი პაწია ოკეანე აქვთ“ - წერდა სტეინბეკი.

 

მიხეილ ბულგაკოვი, ფოტო: Wikipedia

მიხეილ ბულგაკოვი

ცნობილმა რუსმა მწერალმა ბათუმი ორჯერ მოინახულა. პირველად 1921 წელს, როდესაც თავისი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს ძიებაში გამოემართა კავკასიისკენ.  ბულგაკოვი ბათუმიდან მიგრაციასაც გეგმავდა თურქეთში, მაგრამ საბოლოოდ სამშობლოში დაბრუნდა. მეორე ვიზიტი 1928 წელს შედგა - ბულგაკოვი ბათუმს მეუღლესთან ერთად ეწვია, მწვანე კონცხი მოინახულა და სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა აზრი, დაეწერა რომანი "ოსტატი და მარგარიტა". რუს მწერალს ეკუთვნის პიესა სახელწოდებით "ბათუმი", რომელიც სტალინის 60 წლისთავის საიუბილეოდ დაიწერა.

 

 

სერგეი ესენინი, ფოტო: Wikipedia

სერგეი ესენინი

ცნობილი რუსი პოეტი ბათუმში 1924 წლის დეკემბრიდან 1925 წლის იანვრამდე ცხოვრობდა, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში. ესენინმა, ქალაქში გატარებულ ორიოდე თვეში, ორი გოგონას შეყვარება მოასწრო - შაგანე ტალიანის, რომელსაც გაცნობიდან რამდენიმე დღეში მიუძღვნა ლექსი "შაგანე ჩემო, ჩემო შაგანე" და ვინმე კაბცოვას, რომელსაც ნაცნობებს ხუმრობით თავის ახალ მეუღლედ აცნობდა. თანამეინახეებისა და ახალი მეგობრების წრეში გატარებული ბათუმური საღამოები მისი შემოქმედებითი ცხოვრებისთვისაც ძალიან ნაყოფიერი გამოდგა - სწორედ აქ დაიწერა მისი პოემა "ანა სნეგინა" და ათობით ლექსი, მათ შორის, ქალაქზე მიძღვნილიც.

 

რობერტ ნობელი, ფოტო: Wikipedia

ძმები ნობელები

კომპანია "ბრა ნობელის" დამაარსებლები 1873 წელს გამოემართნენ კავკასიაში იაფი რესურსების ძიებაში. უკვე 1875 წელს, ბაქოში დაარსდა "ძმები ნობელების ნავთობის წარმოების ამხანაგობა", რომელიც შემდეგ რუსეთის იმპერიაში ყველაზე მსხვილი კომპანია გახდა. სატრანზიტო გზად ბაქო-თბილისი-ბათუმი აირჩიეს, რასაც დიდად შეუწყო ხელი ქალაქის "პორტო-ფრანკოდ" გამოცხადებამ. ძმებმა ნობელებმა დიდი წვლილი შეიტანეს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის, რკინიგზის და ბათუმის ნავთობტერმინალის მშენებლობაში და იყვნენ პირველები, ვინც ნავთობი ბათუმიდან ევროპის მიმართულებით გაიტანეს. 2007 წელს მათ მფლობელობაში მყოფი სახლი ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდა, სადაც ნობელებთან ერთად, როტშილდებისა და მანთაშევის მიღწევებს, აჭარაში ჩაისა და თამბაქოსა კულტურების გავრცელებას და ბათუმში პოლიგრაფიის განვითარებას გაეცნობით.

 

  ჟორჟ სიმენონი 

 რა კავშირი შეიძლება იყოს  ცნობილ ბელგიელ მწერალს, დეტექტიური რომანების ავტორს, ინსპექტორი მეგრეს სულიერ მამასა და ბათუმს შორის?

ჟორჟ სიმენონი შავი ზღვის გარშემო საკრუიზო მოგზაურობის დროს ბათუმში გაჩერებულა და ასე ქცეულა საქართველოს სანაპირო ქალაქი - ბათუმი მისი ერთ-ერთი პირველი ნოველის ,,Les Gens d’en Face’’ - ,,ხალხი         მოპირდაპირე მხარეს“ მოქმედების ადგილად და ორ ომს შორის განვითარებულ ისტორიაში მაშინდელი ბათუმის ქუჩები და ადგილებია აღწერილი. მთავარი ადგილი, ყოფილი თურქეთის საკონსულოს ოფისის ძირითადი   საცავი, დღესაც მდებარეობს მ. აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად საკონსულო რეზიდენციის შენობაშია.ჟორჟ სიმონონი 173 რომანის ავტორი გახლავთ და 47 ენაზეა თარგმნილი, 550 მილიონიანი ტირაჟით.

 

 

თეგები: