შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. აღნიშნულ ადგილებს ფრინველებზე დაკვირვების კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია.სწორედ რეგიონის უნიკალური ტოპოგრაფია და კლიმატი განაპირობებს გადამფრენი ფრინველების სიმრავლეს, რაც ბერდვოჩინგის უამრავ მოყვარულს იზიდავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფლები - სახალვაშო და ჩაისუბანი, საუკეთესო ადგილია მათთვის, ვინც ერთმანეთს ინფორმაციას უზიარებს მტაცებელი ფრინველების ეკოლოგიისა და მიგრაციის შესახებ. აქ ფრინველებზე დაკვირვებისათვის პლატფორმებია მოწყობილი და მათთან მისასვლელი ბილიკებიც დამარკულია. გარდა ამ სოფლებისა რეგიონში ფრინველებზე დაკვირვება ასევე შესაძლებელია მტირალას ეროვნულ პარკში (აქ მოწყობილია სადამკვირვებლო პლატფორმა), ისპანის ჭაობზე (ქობულეთის დაცული ტერიტორიები) და ჭოროხის დელტაზე (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი).
აჭარაში 2012 წლიდან ყოველწლიურად სექტემბრის თვეში ტარდება "Batumi Bird Festival", რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ბევრი უცხოელი ბერდვოჩერი სტუმრობს ამ დროს რეგიონს. ფესტივალი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება და მისი ჩატარების იდეა ეკუთვნის საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციას BRC (Batumi Raptor Count).